გერმანიაში შავი ჭირისგან დაღუპული ადამიანების სამარხი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ შავი ჭირისგან დაღუპული ადამიანების ძალიან დიდი სამარხი აღმოაჩინეს.
გათხრები ახლაც გრძელდება. ამ მომენტისთვის არქეოლოგებმა 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთებს უკვე მიაგნეს. მკვლევრების აზრით, აქ 1 500-ზე მეტი ადამიანი იყო დამარხული.
ზუსტი დათარიღება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ პირველადი კვლევები მე-17 საუკუნის პირველ ნახევარზე მიანიშნებს. ზოგიერთი ძვალი მწვანე ფერისაა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ადგილი ახლომდებარე სპილენძის ქარხნის ნარჩენების ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა
"ნაშთებს ამოვიღებთ და მათ კომპლექსურად შევისწავლით. ვვარაუდობთ, რომ ეს შავი ჭირით დაღუპული ადამიანების ყველაზე დიდი სამარხია, რაც კი ოდესმე ევროპაში აღმოგვიჩენია", — თქვა ნიურნბერგის მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის არქეოლოგმა, მელანი ლანგბეინმა.
ბუბონური ჭირი ყველაზე მძიმე ფორმებით მე-14 საუკუნეში შავი ჭირისა და მე-6 საუკუნის იუსტინიანეს ჭირის სახით იყო. მიუხედავად ამისა, ეს დაავადება ეპიდემიების სახით სხვა პერიოდებშიც ჩნდებოდა.
გამონაკლისი არც ნიურნბერგი იყო. ქალაქში ჭირთან დაკავშირებული სპეციალური სასაფლაოცაა. თუმცა, ის, რაც Terra Veritas-ის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, არ არის სასაფლაო. ეს ყველაფერი უფრო სევდიანი და შემზარავია. როგორც ჩანს, აქ ადამიანებს განურჩევლად მარხავდნენ და ამით ეპიდემიის გავრცელებას ებრძოდნენ.
"ეს ადამიანები ჩვეულებრივ სასაფლაოზე არ დაუკრძალავთ. მათ ვერც ქრისტიანულ წესებს აუგებდნენ", — უთხრა ნაგბეინმა CNN-ს.
შავი ჭირი მსხვერპლთა ძვლებზე თვალსაჩინო კვალს ნაკლებად ტოვებს, ამიტომ შემდეგი კვლევებიც იქნება საჭირო. თუმცა, შავი ჭირის ნიშნები მკვლევრებმა დაღუპულების ძვლებზე უკვე გამოარჩიეს.
კომენტარები