ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მკვდარი გალაქტიკა დააფიქსირა
გალაქტიკა 13 მილიარდი წლის წინ არსებობდა.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 13 მილიარდი წლის წინ არსებული გალაქტიკა დააფიქსირა. გალაქტიკა სამყაროს გაჩენიდან 700 მილიონ წელიწადში ჩამოყალიბდა და მალევე "მოკვდა".
ასტრონომები გალაქტიკას მკვდარს იმ შემთხვევაში უწოდებენ, თუ ის ახალი ვარსკვლავების წარმოებას წყვეტს.
მკვდარი გალაქტიკების აღმოჩენა რთულია
ადრეული სამყაროს ბუნების გაგება რთულია. ეს ის დროა, როდესაც ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ახლაა.
სწორედ ამ მოვლენების უკეთ გასაგებად არსებობს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. ამჯერად ასტრონომებმა ტელესკოპი უძველესი გალაქტიკის აღმოსაჩენად მიმართეს. ვების ტელესკოპმა ეს შეძლო და დააფიქსირა გალაქტიკა, რომელმაც ვარსკვლავების წარმოება ჯერ კიდევ 13 მილიარდი წლის წინ შეწყვიტა.
შედეგად გავიგეთ, რომ ეს გალაქტიკა ვარსკვლავების აქტიური წარმოქმნიდან პასიურ მდგომარეობაში გაცილებით სწრაფად გადავიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ვების მონაცემების მიხედვით, გალაქტიკა ვარსკვლავებს რამდენიმე მილიონი წელი აწარმოებდა და შემდეგ, უეცრად შეწყვიტა.
ის, რომ გალაქტიკამ დიდი ხნის შემდეგ, ნელ-ნელა ვარსკვლავების წარმოება შეამციროს, გასაგებია. თუმცა, კონკრეტული შემთხვევა უნიკალურია, რადგან ახლად აღმოჩენილმა გალაქტიკამ ვარსკვლავების წარმოება ძალიან სწრაფად და მოულოდნელად შეწყვიტა.
ფენომენის ახსნა
მკვლევრებს ამ უცნაური ფენომენის ასახსნელად რამდენიმე ვერსია აქვთ.
ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გალაქტიკის ცენტრში მყოფი ზემასიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს. გარკვეულ სიტუაციაში შავმა ხვრელმა შეიძლება გალაქტიკის გაზის დიდი ნაწილი შთანთქოს — ის გაზი, რომელიც ახალი ვარსკვლავების "დასანთებადაა" საჭირო.
მეორე ვერსიის თანახმად, გალაქტიკის გაზის ამოწურვაში შეიძლება ვარსკვლავები იყოს დამნაშავე. ასეთ შემთხვევაში ვარსკვლავი ძალიან სწრაფად მოიხმარს გაზს და ეს პროცესი მთელს გალაქტიკაში მეორდება.
"ჩვენ გვაქვს ვერსიები, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული რომ ამით ამ ფენომენის ახსნას შევძლებთ. ეს ნიშნავს, რომ დღეს არსებული მოდელები შეიძლება გადასახედი გახდეს", — თქვა კვლევის ავტორმა რობერტო მაიოლინომ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები