ისტორიაში პირველად, ცოცხალი ჩანასახის უჯრედებისგან ორგანოების მოდელები შექმნეს
ეს სხვადასხვა დაავადებას საშვილოსნოშივე მკურნალობის წინაპირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს. ეს ამნიონური სითხიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით მოხერხდა და პროცესში ნაყოფი არ დაზიანებულა. შესაძლოა, მიღწევა დაგვეხმაროს, რომ სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებას საშვილოსნოშივე ვუმკურნალოთ.
ეს ორგანოიდები ორგანოების სრული ასლები ნამდვილად არაა. მიუხედავად ამისა, მსგავსება საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მათი მეშვეობით დაავადებებისა თუ სხვა რთულად საკვლევი ბიოლოგიური ასპექტების კვლევა მოხერხდეს.
მეცნიერებმა ამნიონური სითხის ცოცხალი ღეროვანი უჯრედებისგან ფილტვის, თირკმლისა და ნაწლავების ორგანოიდები გაზარდეს. აღნიშნული სითხე ნაყოფს იცავს და მას საკვები ნივთიერებების მიღებაში ეხმარება. იგი დედის ორგანიზმიდან რეგულარული გამოკვლევების დროს მოიპოვეს, პროცესში კი ნაყოფი არ დაზიანებულა.
ორგანოიდები აქამდე მკვდარი ჩანასახის უჯრედებისგან გაუზრდიათ, თუმცა ამას რეგულაციები ზღუდავს და ეთიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ სადავო საკითხია. მათი შექმნა ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედებისგანაც შესაძლებელია, მაგრამ ეს სხეულის განვითარების გაცილებით გვიანი ეტაპია.
შესაძლოა, ახალი ქსოვილის საშუალებით მეცნიერებმა შეძლონ და სამომავლოდ საშვილოსნოშივე გამოიკვლიონ სხვადასხვა პრობლემა — ბავშვის დაბადებამდე კვირებით ადრე. აქამდე მისასვლელად დამატებით უამრავი კვლევა იქნება საჭირო, მეცნიერთა ეს მიღწევა კი ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უფრო ზუსტად, გუნდი დიაფრაგმის თანდაყოლილ თიაქარს (CDH) აკვირდებოდა — ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სუნთქვის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. მკვლევრებმა CDH-ის მქონე და არმქონე ჩანასახებისგან გაზრდილი ორგანოიდები შეისწავლეს, შედეგად კი დაავადებასთან დაკავშირებული გენების დაფიქსირება შეძლეს.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვის თანდაყოლილი დაავადების ფუნქციური შეფასება მის დაბადებამდე შევძელით, ეს კი პრენატალური მედიცინის კუთხით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია", — აცხადებს პაოლო დე კოპი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პედიატრ-ქირურგი — "დიაგნოზი, როგორც წესი, ულტრაბგერითი გამოკვლევით, MRI-ს მეშვეობით ან გენეტიკური ანალიზით ისმება. როდესაც თანდაყოლილი დიაგნოზის მქონე ოჯახებს ვხვდებით, ხშირად ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ყოველი შემთხვევა განსხვავებულია".
ეს იმის შანსს გვაძლევს, რომ სამომავლოდ დაავადებას მანამ ვუმკურნალოთ, სანამ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
მკვლევართა თქმით, შესაძლებელია, თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალო წამლები ჯერ ორგანოიდებზე გამოიცადოს, სანამ მათ ჯერარდაბადებულ ბავშვს მისცემენ. ეს ახალი გზაა, რათა საშვილოსნოს შიგნით ნაყოფის განვითარებას დავაკვირდეთ. მკვლევართა მიღწევა საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამუშაო კვლავაც ბევრია.
კვლევა გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები