მწერალი ქალები, რომელთაც საკუთარი სახელის ფსევდონიმით დამალვა მოუწიათ
2015 წელს, როცა ხმა დაირხა, ლეგენდარული ჰარპერ ლი 55-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი რომანით ბრუნდებაო, მსოფლიოში ყველა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა. ამბავს გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტი ჯონ სოპელიც, მაგრამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა: მწერალი მამრობითი სქესის კუთვნილებითი ნაცვალსახელით მოიხსენია, რის გამოც ინტერნეტმომხმარებლების რისხვა დაიმსახურა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოპელი ერთადერთი არ ყოფილა: იმის მიუხედავად, რომ ნუ მოკლავ ჯაფარას ამერიკული კლასიკაა, მისი ავტორი ბევრს კაცი ეგონა. ალბათ იმიტომ, რომ წინათ ჰარპერი უფრო მეტად კაცის სახელად ითვლებოდა, ცნობილი მწერალი კი სწორედ ამ განზრახვით იყენებდა მას საქმიანობაში.
ჰარპერ ლის გარდა, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, არაერთ მწერალს ქალს მოუწია, თავისი ნამდვილი სახელი დაემალა და მკითხველს კაც ავტორად გასცნობოდა. ამის ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ მწერალი ქალების შემოქმედებას არა მხოლოდ რიგითი მკითხველები, აკადემიურ წრეებშიც კი არ უყურებდნენ სერიოზულად და მიაჩნდათ, რომ შემოქმედებითი საქმე მხოლოდ კაცებისთვის იყო. დღეს ამ მიზოგინიური მოსაზრების აბსურდულობაში ეჭვი აღარავის არ ეპარება, მაგრამ მაშინ, ფსევდონიმის გამოყენებით, ქალები, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მოლოდინებისგან თუ წინასწარგანწყობისგან თავისუფლდებოდნენ და სათქმელს უფრო ღიად ამბობდნენ, მეორე მხრივ — უპირისპირდებოდნენ დამკვიდრებულ ნორმებს და გზას უკვალავდნენ მომდევნო თაობების ქალ ავტორებს. ქვემოთ რამდენიმე ასეთ გამორჩეულ მწერალზე მოგიყვებით.
ჰარპერ ლი
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნუ მოკლავ ჯაფარას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული რომანია. ნაწარმოები, რომლისთვისაც ჰარპერ ლიმ პულიცერის პრემია მიიღო, დღესაც ისწავლება ამერიკულ სკოლებში. თუმცა, BBC-ის ჟურნალისტისა არ იყოს, ცოტამ თუ იცის, რომ ჰარპერ ლის სრული სახელი ნელ ჰარპერ ლი გახლდათ.
როცა 1960 წელს საქმე სადებიუტო რომანის გამოცემაზე მიდგა, მწერალმა გადაწყვიტა, "ნელ" მოეშალა და მხოლოდ მეორე სახელი დაეტოვებინა. ლის არ სურდა, მისთვის ასე საძულველი სახელი "ნელი" დაეძახათ, ამასთან, ჰარპერის "კაცური" ჟღერადობა იმის გარანტი იყო, რომ წიგნს ავტორის გენდერის გამო არ აარიდებდნენ თავს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის შუა წლებში, კაცი მწერლებით დომინირებულ საგამომცემლო სივრცეში ხდებოდა.
ჰარპერ ლის სტრატეგიულმა გათვლამ გაამართლა და ნუ მოკლავ ჯაფარას ბესტსელერიც გახდა, მაგრამ როცა ავტორის ვინაობა ყველასთვის ცნობილი გახდა, მორიგი სექსისტური ტალღა დაიწყო: უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა, რომ ნაწარმოები, რეალურად, ლის ახლო მეგობრისა და ასევე ცნობილი ავტორის, თრუმენ კეპოუტის, დაწერილი იყო. გავრცელებული ხმები სათანადო არგუმენტებით არაერთგზის გაქარწყლებულა, მაგრამ ეს ამბავიც ადასტურებს, რომ მწერალი ქალების შემოქმედებას ზოგიერთი დღესაც არასერიოზულად იღებს.
შარლოტ ბრონტე
ჰარპერ ლის კი ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ დები ბრონტეების მდგომარეობა მე-19 საუკუნის ინგლისში, სადაც უკიდურესად პატრიარქალური წესრიგი ქალებს "დიასახლისობის ციხეში" ამწყვევდა. ამდენად, სულ არაა გასაკვირი, რომ შემოქმედებით ასპარეზზე სამივე და გამოგონილი კაცის სახელით გამოვიდა.
შარლოტი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა ცნობილ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს, რობერტ საუთის, თავისი ლექსები გაუგზავნა შესაფასებლად. საპასუხო წერილში საუთიმ შარლოტს მოუჭრა, პოეზია კაცის საქმეა და ქალის ცხოვრების ნაწილი ვერასდროს გახდებაო. ასე რომ, უფროსი დის რჩევით, ემილიმ და ენმაც ფსევდონიმებით დაიწყეს ლექსების მოგროვება გამოსაქვეყნებლად. მათ პოეტურ კრებულს კი დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ სამივე დამ სამწერლო სახელები დაიტოვა და თავიანთი შედევრებიც ასე გამოსცეს.
ინგლისური ლიტერატურის უბადლო კლასიკა ჯეინ ეარი 1847 წელს გამოიცა, როგორც ვინმე კერერ ბელის რედაქტირებული ავტობიოგრაფია. ამას მოჰყვა ელის ბელის (ემილი ბრონტეს) ქარიშხლიანი უღელტეხილი და ექტონ ბელის (ენ ბრონტეს) აგნეს გრეი.
"არ გვსურდა, განგვეცხადებინა, რომ ქალები ვიყავით", — წერდა შარლოტი მოგვიანებით, — "ისეთი წარმოდგენა გვრჩებოდა, მწერალ ქალებს ევალებოდათ, აეტანათ, როცა მათ მიმართ უსაფუძვლოდ იყვნენ არაკეთილგანწყობილები".
ლუიზა მეი ოლკოტი
ჰარპერ ლის და დები ბრონტეების მსგავსად, ლუიზა მეი ოლკოტიც ინგლისურენოვანი კლასიკის განუყოფელი ნაწილია — ძნელია, ამერიკული ლიტერატურა პატარა ქალების გარეშე წარმოიდგინო. თუმცა, იცოდით, რომ მწერალს ამ რომანის გამოცემამდე საკუთარი ვინაობის დამალვა უწევდა?
ა.მ. ბერნარდი — სწორედ ამ ფსევდონიმით გამოსცემდა ოლკოტი თავის ადრეულ ნაწერებს, მეტწილად გოთიკურ თრილერებსა და ფსიქოლოგიურ რომანებს — ანუ კვლავაც იმ თემატიკის ტექსტებს, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში ქალი ავტორისთვის შეუსაბამოდ ითვლებოდა. სამწერლო სახელით კი ოლკოტი მისთვის საინტერესო, მაგრამ ტაბუირებულ თემებს ღიად შეეხო.
სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, რომ ა.მ. ბერნარდის სახელის უკან სწორედ ლუიზა მეი ოლკოტი იდგა. ამ ამბავს ნათელი მხოლოდ 1942 წელს მოეფინა, როცა მკვლევარმა ლეონა როსტენბერგმა ოლკოტსა და მის გამომცემელს შორის მიმოწერა აღმოაჩინა. გამომცემელი ავტორს სწერდა, შენგან მეტ ნაწარმოებს ველოდებით და თუ გინდა, ბერნარდის ფსევდონიმით ან კაცის სხვა სახელით გამოეციო...
ჯოან როულინგი
მართალია, ამ ჩამონათვალში ჯოან როულინგი ერთადერთი თანამედროვე ავტორია, მაგრამ მოსალოდნელი წინასწარგანწყობებისგან დასაცავად მასაც მოუწია ფსევდონიმის ქვეშ შემალვა. არა, რობერტ გელბრეითზე არ ვსაუბრობთ — ამ სახელს როულინგი თავისი დეტექტიური ჟანრის რომანებისთვის იყენებს, მისი თავდაპირველი მიზანი კი მხოლოდ ის იყო, ახალ წიგნზე მკითხველისგან გულწრფელი შეფასება მიეღო.
თუმცა, ის თუ იცით, რომ როულინგმა ჰარი პოტერის გამოსაცემადაც გამოიგონა სახელი, უფრო სწორად, ინიციალები — ჯ.კ.? ჰარი პოტერის პირველი წიგნი 1997 წელს სწორედ ამ სახელი დაიბეჭდა და ლეგენდარული ჯადოსნური სამყაროს შემქმნელს დღესაც ასე იცნობენ. მაგრამ, რეალურად, როულინგს მეორე სახელი არასდროს ჰქონია. ჰარი პოტერის წიგნზე ინიციალების გამოტანა ბრიტანელი გამომცემლის თხოვნა იყო: მათ იფიქრეს, რომ ნაწარმოების სამიზნე, მოზარდი ბიჭების აუდიტორია ქალი ავტორის დაწერილ წიგნს არ წაიკითხავდა. ასე რომ, ჯომაც გადაწყვიტა, მეორე ინიციალისთვის ბებიის სახელი (კეტლინი) აეღო.
თუმცა, როულინგის ვინაობის გამხელას არც მოზარდი ბიჭები და არც ზრდასრული კაცები არ დაუფრთხია: ჰარი პოტერს, რომელიც მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული, დღემდე კითხულობს ყველა ასაკის, სქესის თუ წარმომავლობის მქონე ადამიანი. ეს იმის დასტურიცაა, რომ მწერალი ქალების მიერ საუკუნეების განმავლობაში გავლილ რთულ გზას შედეგი მოჰყვა.
რადგან მარტის თვეში ქალი ავტორების მემკვიდრეობასაც ვზეიმობთ, მათ წიგნებს სულაკაურის გამომცემლობა 10 მარტამდე განსაკუთრებული, 60%-მდე ფასდაკლებით გთავაზობთ. როგორც სტატიაში ნახსენები, ასევე სხვა მწერალი ქალების ნაწარმოებებს შეიძენთ გამომცემლობის ვებსაიტზე და წიგნის მაღაზიებში (ახლა უკვე გორშიც!).
კომენტარები