გზამკვლევი — როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს
"30 წლის წინ, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნდა და დაიწყო ინსტიტუციების მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა, მაშინდელმა თაობამ, ვინც საიას ქმნიდა, ნახა, რომ ეს იყო სივრცე, სადაც შეიძლება, გქონდეს მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ინსტიტუციები, მაგრამ იქამდე ადამიანები ვერ მიდიოდნენ. ამიტომ, თუ გინდა, რომ ააშენო მართლმსაჯულების სისტემა, უნდა გახადო ის ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის", — თქვა საია-ს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით "გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი".
საქართველოს მოქალაქეების ნაწილს, იურიდიულ დახმარებას, ამჟამად, სახელმწიფოც სთავაზობს, იურიდიული დახმარების სამსახურის საშუალებით.
ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის არის შექმნილი — მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, იურიდიული მომსახურებისთვის თანხა გადაიხადოს, ან — საქმე სასამართლომდე მიიტანოს.
- იურიდიული დახმარების სახელმწიფო ორგანიზაცია 2007 წელს შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებითა და საკონსულტაციო ცენტრებით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.
- იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში კანონით არის დარეგულირებული.
რას მოიცავს უფასო იურიდიული დახმარება
- იურიდიულ კონსულტაციას ყველასთვის, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
- საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებას სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდადებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
- საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებას, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
- წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.
იურიდიული დახმარების სამსახურს ფასიანი სერვისები არ აქვს.
ვინ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ იურიდიული დახმარების მიზნებისთვის
პირი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 ათასს, ან ნაკლებს, და აგრეთვე, გარკვეული კატეგორიების პირთათვის, 100 ათასს, ან ნაკლებს.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლია იმ პირსაც, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, თუმცა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონ ვერ გაიღებს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
- ორგანიზაცია უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფს არასრულწლოვანებს.
- სისხლის სამართალწარმოებისას, იურიდიული დახმარების უფლებით, ასევე, სარგებლობენ 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები.
რა გამოწვევები აქვს სამსახურს
"არ გაგვაჩნია საკუთარ ბალანსზე არსებული ოფისები და ძირითადად, ვიკავებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებს, რომელიც, გარკვეულ შემთხვევებში, ადაპტირებული არ არის [შშმ პირებზე] და ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომ თავად მივიდეთ სახლებში იმ ადამიანებთან, რომელთაც უჭირთ გადაადგილება და მოსვლა ჩვენი სერვისების მისაღებად", — თქვა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ, USAID-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით — გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
- სიმონიას თქმით, შეიქმნა მობილური საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც თავად მიდიან იმ ადამიანებთან, ვისაც მათ ოფისში მისვლა არ შეუძლიათ. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ სერვისისთვის, ჯერჯერობით, მათ მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავთ.
ანონიმური იურიდიული კონსულტაცია
მოწყვლადი ჯგუფებისთვის მომსახურება რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ამისთვის იურიდიული დახმარების სამსახურმა თანამედროვე ციფრული პლატფორმები შექმნა.
ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარებს, მათ შორის — ძალადობის მსხვერპლ ქალებს, საკუთარ პრობლემებზე საუბარი იურისტებთან შესაძლოა, უხერხულობას უქმნიდეს, ამიტომ, როგორც დავით სიმონია ჰყვება, კონსულტაციაზე მისული ადამიანები, საკუთარ პრობლემებზე მესამე პირში საუბრობენ, თითქოს ეს ამბავი სხვას ეხება.
"ეს უხერხულობა, გარკვეულწილად, მოხსნა მობილურმა აპლიკაციამ LAS Georgia", — თქვა სიმონიამ, — "ამ აპლიკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები — ქალები და ბავშვები, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო მონაცემების გამჟღავნების გარეშე, ანონიმურად იღებენ კონსულტაციას, როგორც ადვოკატებისგან, ასევე, ჩვენი სამსახურის ფსიქოლოგებისგან."
იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მისმა უწყებამ შარშან 45 ათას საქმეზე გასწია კონსულტაცია, აქედან, დაახლოებით, 18 პროცენტი სასამართლო წარმოებაში გადაიზარდა.
- დავით სიმონია ხაზს უსვამს მათ საქმიანობაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წვლილს.
- პროგრამების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკული ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება.
უფასო იურიდიულ მომსახურებას უკვე მრავალი წელია, საზოგადოებას არასამთავრობო სექტორიც სთავაზობს.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მეტწილად, დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოყოფილ ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ, მოქალაქეებს სთავაზობენ როგორც კონსულტაციებს, ასევე — საადვოკატო მომსახურებასაც.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა (საია), რომელიც 30 წლის წინ დაფუძნდა. მისი ახლანდელი ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 1994 წელს საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახური არ არსებობდა და ამ სერვისებს სახელმწიფო არ აფინანსებდა.
მისი თქმით, სწორედ საია იყო პირველი, ვინც უფასო იურიდიული დახმარების სერვისი შესთავაზა მოქალაქეებს.
- სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური კი, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სწორედ მათი ორგანიზაციის ადვოკატირებითა და დიდი ძალისხმევით შეიქმნა.
- საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი ცდილობენ იპოვონ სივრცე, რომელსაც ვერ ფარავს სახელმწიფო სამსახური, რათა უფასო სერვისი ყველა ჯგუფისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
- ყოველწლიურად, საია დაახლოებით 20 ათას ადამიანს უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას.
"როდესაც ვისმენთ ხოლმე, ჩემი აზრით, დაუმსახურებელ კრიტიკას — "რას აკეთებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები", ძალიან ამაყად შეგვიძლია ვუთხრათ მათ — ჟურნალისტების, პენსიონერების, საკუთრების უფლებით დაზარალებული პირების, შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელით, რომელთა უფლებებიც ჩვენ დავიცავით, რომ ეს შედეგები ვერ დადგებოდა, რომ არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ამ სფეროში", — თქვა ქურდოვანიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის
არასამთავრობო სექტორის ნაწილი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, არამედ — ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც უწევს სამართლებრივ დახმარებას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), დასავლური ორგანიზაციების და ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით, უკვე მეორე წელია, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებს და ასევე, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებას უწევს.
DRI-ს სამართლებრივი დახმარება მოიცავს:
- სამართლებრივ კონსულტაციას;
- სამართლებრივი დოკუმენტის შედგენას;
- განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობას სასამართლოში, ადვოკატის საშუალებით.
"სამართლებრივ კონსულტაციას ნებისმიერ ადამიანს ვუწევთ, ვინც დაგვირეკავს, თუმცა — სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას და წარმომადგენლობას სასამართლოში რაც შეხება, ამ სერვისით მხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფს ვეხმარებით", — გვითხრა DRI-ს მონიტორმა, ანა გახოკიძემ.
ანა გახოკიძე არის ლიცენზირებული ადვოკატი, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და აქვს დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში.
DRI ეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, იმის მიუხედავად, ფლობს თუ არა საქართველოს პასპორტს.
- ამ ტერიტორიიდან, არასამთავრობო ორგანიზაციას დახმარებისთვის, ყოველკვირეულად, 3-4 ადამიანი მაინც მიმართავს.
- ხშირად, ორგანიზაციის იურისტებისგან ინტერესდებიან, რა სამართლებრივი დაბრკოლებები არსებობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად, ან რა დოკუმენტაციის მომზადებაა ამისთვის საჭირო.
- "ან — რეკავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, აქვთ რუსული პასპორტიც, არიან ოკუპირებული გალიდან და აინტერესებთ, რა მხრიდან უნდა შევიდნენ აფხაზეთში და მერე ჩვენთან ჩამოვიდნენ, რომ სამართლებრივი განაწესი არ დაარღვიონ", — ამბობს ანა გახოკიძე.
გარდა კონსულტაციისა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების საქმე სასამართლომდე მიდის და მათ იქ წარმომადგენელი სჭირდებათ.
- მაგალითისთვის იურისტს მოჰყავს საქმე, რომელიც სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს. DRI-ს დახმარებისთვის მიმართა ეთნიკურად ქართველმა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა ქალმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ქართველ ნათესავებთან ყოფნას ამჯობინებს.
- ანა გახოკიძის თქმით, ქალმა ინტერვიუს დროს ვერ წარმოაჩინა საკუთარი საჭიროებები, ვერ მოახერხა კომისიამ სიტუაციის სრულად შესწავლა და ქალს დევნილის სტატუსი არ მიენიჭა.
- საქმე სასამართლოს გადაეცა. იმის მიუხედავად, რომ DRI-ს სამიზნე ჯგუფი არ არის დევნილები, ქალს სასამართლოში წარმომადგენლობას მაინც უწევს.
დახმარებას ითხოვენ ოკუპირებული ცხინვალიდანაც, თუმცა იმის გამო, რომ ქართველ იურისტებს არ შეუძლიათ სერვისი სეპარატისტული მთავრობების რეჟიმში განახორციელონ, ეს ბარიერებს ქმნის.
- "მაგალითად, საახალწლოდ, ცხინვალიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენიმე მასწავლებელი გადმოვიდა. ისინი დაგეგმილზე 1-2 დღით მეტად დაყოვნდნენ აქ, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს. პერსონალურად არა, თუმცა მესამე-მეოთხე პირის საშუალებით, ძალიან ანონიმურად მივიღეთ ამის შესახებ შეტყობინება და გარკვეული რეკომენდაციები გავეცით, მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში, როგორ უნდა გამოვკვეთოთ დისკრიმინაცია?!", — ამბობს ანა გახოკიძე.
მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებში, ან — ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეუძლიათ DRI-ს დაუკავშირდნენ ნომერზე 511 331228.
შესაძლებელია როგორც დარეკვა, ასევე, შეტყობინების გაგზავნა Whatsapp-ის, სიგნალის, ტელეგრამის, ან — ვაიბერის საშუალებით.
საქართველოში მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს.
მათ შესახებ ინფორმაციას ჩვენს ამ სტატიაში ნახავთ: რა უნდა იცოდე, რომ პური მხოლოდ მოსამართლემ კი არა, სამართალმაც ჭამოს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები