კანაფის ექსტრაქტმა ლაბორატორიულ კვლევაში კანის სიმსივნის ზრდა შეაფერხა
ჩარლზ დარვინის სახელობის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, კანის სიმსივნესთან ბრძოლაში კანაფის ექსტრაქტის პოტენციალი ლაბორატორიულ პირობებში გამოცადეს და დადებითი შედეგები მიიღეს.
კერძოდ, მათ კანაბინოიდ PHEC-66 გამოიყენეს, რომელიც მცენარე Cannabis sativa-სგან მიიღება. ეს ექსტრაქტი მელანომის, კანის ყველაზე საშიში სიმსივნის, კონკრეტული უჯრედების რეცეპტორულ არეალებს ებმის. ის ამ გზით მათ ზრდას აკონტროლებს და გავრცელებას აფერხებს. ასევე, მავნე ქსოვილების დაზიანებას უწყობს ხელს, რაც უჯრედთა თვითგანადგურებას, აპოპტოზს, პროვოცირებს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კანაფის ექსტრაქტის ანტისიმსივნური შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიკვლიოთ. მეტი ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ის კიბოს უჯრედებთან და როგორ ედება საფუძვლად მათ სიკვდილს. ეს ეფექტიანი და უფრო სპეციფიკური თერაპიების შემუშავების საშუალებას მოგვცემს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისეთი მიზანმიმართული სისტემის შექმნა იყო, რომელიც ექსტრაქტს მელანომამდე მიიტანდა. ეს სისტემები ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ იმედის მომცემია.
"კანაფის ექსტრაქტების კლინიკური დანიშნულება შფოთვის, სიმსივნესთან დაკავშირებული სიმპტომების, ეპილეფსიისა და ქრონიკული ტკივილის მკურნალობას მოიცავს. მელანომის უჯრედების სიკვდილში მისი პოტენციალის აქტიური შესწავლა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ვიკვლევთ, როგორ შეგვიძლია, ეს ცოდნა სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების წინააღმდეგაც გამოვიყენოთ", — აცხადებენ ავტორები.
მეცნიერები ამბობენ, რომ კანაფის ექსტრაქტის ანტისიმსივნური ეფექტი ხანგრძლივ პერსპექტივაში უნდა გამოვიკვლიოთ და მის უსაფრთხოებაშიც დავრწმუნდეთ. ამისთვის ცხოველური ან პრეკლინიკური ცდები უნდა ჩატარდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cells journal გამოქვეყნდა.
კომენტარები