გამოავლინეს ნივთები, რომლებიც კოსმოსური წარმოშობის მეტალისგანაა დამზადებული
მეცნიერებმა 1963 წელს ესპანეთში აღმოჩენილი ნივთები შეისწავლეს, რომლებიც ბრინჯაოს ხანის დროინდელია. ანალიზმა ცხადყო, რომ 2 მათგანი კოსმოსური წარმოშობის მეტალისგანაა დამზადებული, კერძოდ კი მეტეორიტში არსებული რკინისგან.
ამ არტეფაქტებს ვილიენას განძი ეწოდება, რომელიც 59 ობიექტს შეიცავს, მათ შორის ოქროს, ვერცხლის, ქარვისა და რკინის ჭურჭელსა თუ სამკაულს. ეს უკანასკნელი მასალა სპეციალისტებს თავიდანვე უჩვეულოდ ეჩვენათ, რადგან ის მუქი შეფერილობის იყო, ზოგ არეალში ბზინავდა და მეტწილად დაბზარული ჟანგი ჰქონდა.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2 ნაკეთობაში გამოყენებული მსგავსი მასალა დედამიწაზე 1 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორიტიდან მოიპოვეს. ერთი მათგანი სამაჯურია, მეორე კი — ხმლის სახელურის ზედა ნაწილი, რომელიც ოქროთია გაფორმებული. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400-1200 წლებს შორის პერიოდშია დამზადებული.
რადგან ოქროსაც და რკინასაც მნიშვნელოვანი სიმბოლური და სოციალური ღირებულება გააჩნდა, მიიჩნევა, რომ ეს ნივთები დამალული საგანძური უნდა იყოს. ის, სავარაუდოდ, არა ერთ პიროვნებას, არამედ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა.
მკვლევრებმა ნივთები მას-სპექტრომეტრიის მეთოდით შეისწავლეს, რის შედეგადაც რკინა-ნიკელის შენადნობის კვალს მიაგნეს, რომელიც მეტეორიტის შემადგენლობას შეესაბამება. ორივე ნაკეთობა, დიდი ალბათობით, ერთი და იგივე მეტეორიტის გამოყენებითაა შექმნილი.
იქიდან გამომდინარე, რომ რკინის ტექნოლოგია სპილენძისა და კეთილშობილი მეტალებისგან განსხვავებულია, მაშინდელ ადამიანებს ახალი, ინოვაციური, მეთოდის შემუშავება დასჭირდებოდათ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ მათ მიერ მეტეორიტული რკინისგან შექმნილი არტეფაქტები პირენეს ნახევარკუნძულზე პირველი და უძველესი ასეთი ნიმუშებია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Trabajos de Prehistoria გამოქვეყნდა.
კომენტარები