მოძალადეები ქართული მედიის წინააღმდეგ და მთავრობის წილი თავდასხმები ჟურნალისტებზე — აქცენტები ანგარიშიდან
რა ხდება: საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის მიმართ, გახშირებულია ფიზიკური ძალადობა. ასევე — მუქარა, დაშინება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.
ორგანიზაციამ დოკუმენტის პრეზენტაცია 2024 წლის 8 თებერვალს გამართა.
რა პრობლემები აქვს საქართველოში მედიას:
HRC-ის შეფასებით,
- მთავარი არხის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება დადებითი მოვლენა იყო, თუმცა, მათი თქმით, ეს არ ცვლის საგამოძიებო თუ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზების პრობლემას.
- ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიზანი ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იყო.
- ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას იყენებს, რითაც მედიის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვას ცდილობს.
- მედიისთვის კრიტიკულად შეზღუდულია წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, ხელისუფლება კი ბოიკოტს უცხადებს მისთვის არასასურველ მედიებს.
- მმართველი პარტია და მასთან აფილირებული პირები განსხვავებული აზრის გაჩუმებისთვის მიმართავენ SLAPP-ის პრინციპს — ეს ტერმინი სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ, სტრატეგიულ სამართალწარმოებას გულისხმობს.
ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება: HRC-ის მიხედვით, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება და დაუსჯელობა ქართული მედიაგარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ვიდეო On.ge-ს არქივიდან, 2021 წელი: ძალადობა ჟურნალისტებზე ღმერთის სახელით
DW Akademie-ის 2022 წლის კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილე ჟურნალისტების 93% მიიჩნევს, რომ თავი იმაზე ნაკლებად მიაჩნია დაცულად, ვიდრე — სამი წლის წინ.
ამის მიზეზად ისინი 2021 წლის 5-6 ივლისს, პრორუსული, ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მხრიდან მედიაზე ძალადობას ასახელებენ.
- 2021 წლის 5-6 ივლისს, 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო ტვ პირველი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ვიდეო On.ge-ს არქივიდან, 2021 წლის 13 ივლისი: ლექსო ლაშქარავა სახლიდან ტაშით გამოასვენეს
DW Akademie-ის კვლევა ასევე, აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები — ჟურნალისტები, ოპერატორები და გამომძიებელი ჟურნალისტები, მოწყვლად ჯგუფებში არიან.
მათ მიმართ, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, გამოიყენება მუქარა, დაშინება, სიძულვილის ენა.
- HRC ამის მაგალითად ასახელებს 2023 წლის 26 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები: "საქართველოში კრიტიკული
მედიასაშუალებების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას", — ვკითხულობთ HRC-ის ანგარიშში.
ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული საქმის ერთ-ერთი მაგალითი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა.
ვიდეო On.ge-ს არქივიდან, 2022 წლის 16 მაისი: ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს
- ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისის დააკავეს და დაადანაშაულეს მითვისება გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამია სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
- დამოუკიდებელი ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მტკიცებულებებს მოკლებული იყო, რამაც გამოძიების დაწყების დღიდან მიკერძოებული დევნის საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა.
- სახალხო დამცველის შეფასებით კი, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დავა თეორიულად სამოქალაქო სამართლის დავა იყო და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო.
- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 22 ივნისს ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
გაიგე მეტი: ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებული ამბები
HRC-ის მიხედვით, კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა სასამართლო დავა ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
- 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უზენაესმა სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლის და მთავარი დამფინანსებლის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე წარმოება განაახლა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. SLAPP-სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ: ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში, ბოლო წლებში, მედიის თავისუფლება ცილისწამების მოტივით წამოწყებული სასამართლო დავებით იზღუდება, "მოსარჩელე მხარე კი, როგორც წესი, ქართული ოცნების წევრები, მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული ადამიანები არიან."
ინფორმაციისთვის: SLAPP-ები არსებითად არის უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელები, რომლებიც შეტანილია პოლიტიკურად, ან ფინანსურად გავლენიანი პირების მიერ, საჯაროდ აქტიური მოქალაქეების გაჩუმებისა და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნის მიზნით.
ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სარჩელების რაოდენობა კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ 2021-2023 წლებში.
- HRC-ის შეფასებით, SLAPP-ს აქვს "მსუსხავი ეფექტი" საზოგადოებრივ დისკუსიაზე.
უკანონო მოსმენები: "მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება გმობდა წინა ხელისუფლების პერიოდში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებს, თავად იყენებს უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის თუ მისთვის არასახარბიელო თემის გადაფარვის მიზნით", — წერს HRC.
ანგარიშის მიხედვით,
- 2021 წელს ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.
- მედიასაშუალებებისთვის 3000-მდე დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, უცხოელ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებზე.
- 2020 წელს, ტვ პირველის ჟურნალისტმა, ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია ეთერში მისი და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის რეგიონული წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი განიხილა.
გაიგე მეტი: სუს-ის კრებსები
პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებები: HRC-ის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც კანონმდებლობით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანია, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.
- ამის მაგალითად განხილულია კომისიის მიერ, 2022 წელს გამოტანილი გადაწყვეტილება, როდესაც მთავარმა არხმა, ფორმულამ და ტვ პირველმა, არასაარჩევნო პერიოდში გაავრცელეს პოლიტიკური შინაარსის შემცველი სარეკლამო ვიდეორგოლი — შინ ევროპისკენ.
- მთავარი არხი 119 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ფორმულამ და ტვ პირველმა გაფრთხილება მიიღო.
- სანქციის საფუძველი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სარჩელი იყო.
სტრიქონებს შორის — ბექაურის კონტექსტი: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ ის მესამედ აირჩიეს 2023 წლის 26 იანვარს, ისე, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.
- საგულისხმოა, რომ კანონით, მაუწყებლობის შესახებ, პირს ამ პოზიციის დაკავება მხოლოდ ერთი ვადით შეეძლო, თუმცა, 2019 წელს კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ასეთ შეზღუდვას ხსნის.
- კახა ბექაური არის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის, მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი.
- 2020 წელს კახა ბექაური დაჯარიმდა ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის.
- საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, კახა ბექაურის დეკლარაციაში მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები და შეუსაბამობა იყო მეუღლის, ეკა ბერიძის შემოსავლებში.
- 2017 წელს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბექაური ვერ აკმაყოფილებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ან თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: "მას კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია", — დაწერა ორგანიზაციამ ბექაურზე, რომელიც პირველად 2017 წელს აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ.
- 2021 წელს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა, თქვა, რომ კახა ბექაურმა კანონი ფორმალურადაც არ დაიცვა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციის პარალელურად, ორი ნაბიჯის წილების მართვის უფლების შენარჩუნებით დაარღვია კანონი.
ხელისუფლება ბოიკოტშია კრიტიკულ ტელევიზიებთან: ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ბოიკოტს უცხადებს კრიტიკულ მედიას, მათ მიიჩნევს პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილად და ასეთ არხებზე სტუმრობას პროპაგანდის გავრცელების ტოლფასს უწოდებს.
და ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მმართველმა პარტიამ ფიზიკურად აუკრძალა ან შეუზღუდა ჟურნალისტების ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება.
რუსული დეზინფორმაცია მედიის წინააღმდეგ: ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, საქართველოში დიდ პრობლემად რჩება რუსული დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მეტად გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით,
- წინასაარჩევნო პერიოდში ან მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის მიმართ ჩნდება კითხვები, დეზინფორმაცია განსაკუთრებით ძლიერდება მედიაში შექმნილი გვერდებით და დისკრედიტაციული კამპანიებით: "მიუხედავადა იმისა, რომ ოპოზიციური პარტიებიც იყენებენ ასეთ გვერდებს, პროსახელისუფლებო ნარატივების გამავრცელებელი გვერდების რაოდენობა პროოპოზიციურ გვერდებს მნიშვნელოვნად აჭარბებს."
- 2023 წლის მაისში მეტამ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების
დეპარტამენტთან დაკავშირებულ არაავთენტურ ქცევაში ამხილა და წაშალა ათეულობით ანგარიში.
HRC-ის თქმით, დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები არიან როგორც ხელისუფლების წარმომდგენლები, ასევე, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები. მაგალითად
- 2023 წლის მარტში, ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო, პალიტრა მედია გააკრიტიკა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით პალიტრას
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. - "ამას მოჰყვა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ იმავე შინაარსის განცხადებებიც", — წერს HRC.
საჯარო ინფორმაციაზე წვდომა: ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საერთოდ არ პასუხობს ცალკეულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს ან საჩივრებს.
- IDFI-ის ანგარიშის თანახმად, სრული საჯარო ინფორმაცია კანონიერ ვადაში წარმატებით ჟურნალისტების მხოლოდ 12%-მა მოიპოვა, 50%-მა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო ან უარი მიიღო.
- "სასამართლოს კონტროლი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე არაეფექტურია საქმის განხილვის გაჭიანურებისა და ეფექტური საპროცესო მექანიზმების არარსებობის გამო", — წერს HRC.
ვის მიიჩნევს სახელმწიფო ჟურნალისტად: ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეფასების ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობაში არის ხარვეზი, სისხლის სამართლის 154-ე მუხლის ფორმულირებასთან.
- კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 154-ე მუხლის შეზღუდული შინაარსი არ არის საკმარისი იმის განსასაზღვრად, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტად. "მუხლი სათანადოდ ვერ ასახავს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკასაც."
სამართალდამცავები მედიის წინააღმდეგ: ანგარიშში საუბარია იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტებს დემონსტრაციების თუ აქციების გაშუქებისას საქმიანობაში ხელს უშლიან.
- ამის მაგალითია ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციები, როდესაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ.
- "ისინი (სამართალდამცავები) იყენებდნენ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), — ვკითხულობთ ანგარიშში.
- გარდა ამისა, მედიის ადვოკატირების კოალიციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის სულ მცირე 37 შემთხვევა დაფიქსირდა.
რეკომენდაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის მიხედვით:
- უნდა გადაიხედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი და გაფართოვდეს მისი დაცვის სფერო.
- ეფექტურად უნდა გამოიძიოს თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები.
- უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის მფლობელებისა თუ ოჯახის წევრების მიმართ.
- სახელმწიფო უწყებებმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეწყვიტონ.
- კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი სიძულვილის ენისა და უხამსობის განმარტებაზე.
- მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ.
კომენტარები