მარტიდან .ge დომენების ფასი იზრდება — რა ვიცით
1-ელი მარტიდან .ge დომენების ფასი იზრდება. დომენების რეგისტრაციას/განახლებას, ნაცვლად 30 ლარისა, ამიერიდან წელიწადში 50 ლარად შეძლებთ. სერვისს თითქმის ყველა რეგისტრატორი აძვირებს. ამის შესახებ მომხმარებლები შეტყობინებებს იღებენ.
რა უნდა ვიცოდეთ
დომენი ერთგვარი მისამართია ინტერნეტში, რომელსაც ვებსაიტზე გადავყავართ. თითოეულ ქვეყანას თავისი დომენური ზონა აქვს — ccTLD, ანუ ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენი. სხვა სიტყვებით, ccTLD ორასოიანი დაბოლოებაა, რომელიც ყველა სახელმწიფოს უნიკალური აქვს. საქართველოსთვის ეს არის .ge, გერმანიისთვის — .de, უკრაინისათვის — .ua და ა. შ.
ccTLD-ებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი მართავს. ადმინისტრატორი დომენებს რეგისტრატორებს გადასცემს, ჩვენ კი დომენებს საბოლოოდ რეგისტრატორისგან ვყიდულობთ. მაშასადამე, დომენი ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე რეგისტრატორის შუამავლობით აღწევს.
დომენები ყველა სახელმწიფოში ამ პრინციპით იმართება — ყველა ქვეყანას თითო ადმინისტრატორი და არაერთი რეგისტრატორი ჰყავს.
რა ხდება
საქართველოში დომენების ადმინისტრატორის როლი კომპანია Caucasus Online-ს აკისრია. 2018 წლამდე იგი ადმინისტრატორისა და რეგისტრატორის ფუნქციას ითავსებდა, თუმცა აღნიშნული წლის 16 აპრილს .ge დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები განახლდა.
Caucasus Online-მა სხვა რეგისტრატორები დაუშვა, თავად კი მხოლოდ ადმინისტრატორი დარჩა. ამჟამად საქართველოში კავკასუსის მიერ აკრედიტებული 20 რეგისტრატორია, მათ შორის: domenebi.ge, namespace.ge, registrator.ge, მაგთი, Cloud9, გრენა და სხვ.
დომენის საფასურიდან, რომელსაც რეგისტრატორს ვუხდით, თანხის უდიდესი ნაწილი ადმინისტრატორთან მიდის. თითო დომენზე რეგისტრატორი კავკასუსს სტანდარტულად 28 ლარს უხდის. დიდმასშტაბიანი რეგისტრატორები, რომლებიც ბევრი დომენს მართავენ, ამ ფასზე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებას იღებენ.
ახლახან გავიგეთ, რომ მარტიდან ტარიფების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ დომენის მფლობელები სპეციალურ გაფრთხილებას იღებენ რეგისტრატორებისგან. მსგავსი შეტყობინება On.ge-ის დომენის ანგარიშზეც ვიხილეთ.
რეგისტრატორთა უმეტესობა 50-ლარიან ტარიფს მხოლოდ პირველი წლით რეგისტრაციისას და ერთი წლით განახლების დროს აწესებს. მეორე მხრივ, 2 ან მეტი წლით ერთიანად განახლებისას წლიური ფასი კვლავ 30 ლარი რჩება.
ზრდა ამ ეტაპზე არ შეხებია იმ ორსიმბოლოიან .ge დომენებსაც, რომელთა რეგისტრაციისა და განახლების წლიური ფასი კვლავ 900 ლარია.
ცვლილების მიზეზების გასარკვევად NEXT.On.ge კავკასუსსა და რამდენიმე რეგისტრატორს დაუკავშირდა.
Caucasus Online-სგან, ადმინისტრატორისგან, გავიგეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეცვლილა. კომპანია პასუხების მისაღებად იმ რეგისტრატორებთან დაკავშირება გვირჩია, რომლებიც მომხმარებლებს ტარიფების გაძვირების შესახებ ატყობინებენ. მოგვიანებით კავკასუსისგან მეილზეც მივიღეთ პასუხი:
".GE ზონის ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაადგინოს სატარიფო გეგმა მხოლოდ აკრედიტირებული რეგისტრატორებისთვის, ხოლო რეგისტრატორსა და საბოლოო მომხმარებელს შორის ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, თავად რეგისტატორების პრეროგატივაა.
რეფორმის საწყისი პერიოდისგან განსხვავებით (2018 წ. ადმინსტრატორ/რეგისტრატორის მოდელზე გადასვლა), დღეს რეგისტრატორებს კონკურენტული საპაკეტო თუ სატარიფო შეთავაზებების წარდგენა შეუძლიათ, რაც ხელს უწყობს ბაზრის გაჯანსაღებასა და მომხმარებლის არჩევანის თავისუფლებას. სწორედ ამის გამოხატულებაა არსებული ფასების, სერვისებისა და მომსახურების მრავალფეროვნება.
ადმინისტრატორის ვალდებულებაა უზრუნველყოს მიღებული წესების ზედმიწევნით დაცვა ყველა რეგისტრატორის მხრიდან. მოახდინოს რეგისტრატორთა მკაცრი შერჩევა რათა დაცული იყოს მომხარებელთა უფლებები და პერსონალური ინფორმაცია, ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობა, პროცესის გამჭვირვალეობა, სანდოობა და რეგისტარციის შეუფერხებელი მიმდინარეობა. თითოეულ ეს ეტაპი მოიცავს რეგისტრატორების მუდმივ ჩართულობასა და სავალდებულო სამუშაოების ჩატარებას, განსაკუთრებით ტექნიკური განახლებების მიმართულებით. ხოლო ადმინისტრატორი ვალდებულია მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს მათ მუშაობას და დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდინოს მომხმარებლისთვის საჭირო ყველა საკითხზე.
.GE ზონა დღესდღეობით საკმაოდ მცირერიცხოვანია. სწორედ მისი ზრდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის განხორციელდა მრავალწლიანი რეგისტრაციის განახლებული შეთავაზება, რაც ძველი ტარიფის შენარჩუნებას გულისხმობს. ზონის 97% იყო 1 წლიანი რეგისტრაცია, ხოლო ახალი შეთავაზებული პაკეტი, ვიმედოვნებთ, ხელს შეუწყობს მომხმარებლების შენარჩუნებასა და ზრდას.
ის ფაქტი, რომ .GE ზონაში დღეს 20 აკრედიტირებული რეგისტრატორი ოპერირებს და ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რეგისტრატორი კომპანიების წარმატებული მუშაობის შედეგია. ინტერესი ზონაში ახალი რეგისტრატორების ჩართულობის მიმართულებით კვლავ აქტუალურია.
ზონა ინარჩუნებს იდენტობას და რეგისტრირებული დომენების 94% საქართველოს მოქალაქეების მიერაა რეგისტრირებული. მომხმარებელი თავად ირჩევს რეგისტრატორს, რაც დამოკიდებულია მომსახურების სერვისის ხარისხსა, სანდოობასა და გამართულ ფუნქციონალზე".
მეილით დავუკავშირდით namespace.ge-ს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს არც domenebi.ge-ს წარმომადგენელი.
კომენტარები