შექმნეს ბიოჰიბრიდული რობოტი, რომელიც ცოცხალი უჯრედებისგან შედგება
იაპონელმა მეცნიერებმა ორფეხა "ბიოჰიბრიდული რობოტი" შექმნეს, რომელიც აერთიანებს ცოცხალ ბიოლოგიურ კუნთებსა და ხელოვნურ ჩონჩხს.
რობოტის შესაქმნელად, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩონჩხის კუნთები სპეციალური ფორმის კოლბებში გაზარდეს. ასევე შექმნეს მსუბუქი ჩონჩხი სტიროლის დაფისგან და გამოიყენეს 3D პრინტერი.
ამის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილი რობოტის ფეხებს დაუმაგრეს. ეს ისე, როგორც კუნთები ცხოველის ძვალზე. შედეგად რობოტს წინ მოძრაობა და შემობრუნება შეუძლია.
"თავიდან წარმატებაში დარწმუნებული არ ვიყავით. ამიტომ, ნამდვილად აღვფრთოვანდით, როდესაც შედეგი ვიხილეთ. ბიოჰიბრიდულმა რობოტმა შეძლო და შეასრულა მოძრაობები", — თქვა კვლევის ავტორმა, შოჯი ტაკეუჩიმ.
რობოტისგან მარათონზე გასვლას ჯერ ნუ მოითხოვთ. ამჟამინდელი მოდელი ძალიან ნელა მოძრაობს. ამასთან, მას მუშაობა მხოლოდ წყალქვეშ შეუძლია, რადგან ლაბორატორიაში გაზრდილი კუნთები ჰაერზე სწრაფად შრება.
მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. "ბიოჰიბრიდული რობოტების" შექმნა რობოტიკაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
"რობოტში ცოცხალი ქსოვილების ჩართვით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოცხალი ორგანიზმების უმაღლესი ფუნქციები", — განმარტა ტაკეუჩიმ.
კვლევა ჟურნალ Matter-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები