სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს საქართველოს პრეზიდენტისა და ტელეკომპანიების ვებგვერდებს — რა ვიცით
საქართველოს პრეზიდენტისა და ორი წამყვანი ქართული ტელეარხის ვებსაიტები, რუსი ჰაკერების კიბერშეტევის შედეგად, დროებით გაითიშა.
პარასკევს დილით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვებგვერდი გათიშული იყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიტზე გაჩნდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, შეტევა რუსი ჰაკერების მიერ იყო განხორციელებული.
სქრინშოტები, რომლებიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვებგვერდიდან არის, აჩვენებს შეტყობინებას "დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს". ფონად კი ადამიანის თავის ქალა ჩანდა.
Cozy Bear არის ჰაკერული ჯგუფი, რომელსაც დასავლური სადაზვერვო სააგენტოები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებენ. ჯგუფს მიეწერება რამდენიმე გახმაურებული თავდასხმა, მათ შორის, აშშ-ს სამთავრობო უწყებებზე.
პრეზიდენტის ვებსაიტი გასულ კვირას ჰაკერების, სულ მცირე, მეოთხე სამიზნე იყო.
გასულ კვირას მათ შეაღწიეს, ასევე, ორი ტელეარხის, ფორმულასა და მთავარი არხის საიტებზე.
ფორმულამ პარასკევს დილით განაცხადა, რომ მათი ვებგვერდი გათიშული იყო კიბერშეტევის გამო. ტელეკომპანიის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაჯელიძემ თქვა, რომ თავდასხმა გამთენიისას დაიწყო.
"ეს იყო თავდასხმის მცდელობა რამდენიმე ქვეყნიდან", — თქვა მან. "მომხმარებლებს, რომლებიც შევიდნენ ვებსაიტზე, დახვდათ შეტყობინება, რომ საიტი გატეხა "რუსმა დათვმა" და იქ ეწერა "დიდება რუსეთს".
ბაჯელიძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, იყო "კრიტიკული, ოპოზიციური ვებგვერდების გატეხვის მცდელობა“.
ხუთშაბათს მთავარმა არხმა თქვა, რომ მათ დაკარგეს წვდომა მონაცემთა ბაზის ნაწილზე. მათი ინფორმაციით, საიტი "დაჰაკული იყო NIGGERS-ის მიერ".
სამშაბათს SovLab-მა, რომლის მიზანია "საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის ანალიზი და გამოკვლევა", განაცხადა, რომ ისინი "რუსეთის კოორდინირებული თავდასხმის“ სამიზნე გახდნენ.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდასხმების ინტენსივობა იზრდებოდა, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
პარასკევს, შუადღისას, ოთხივე ვებგვერდი ჩვეულებრივად მუშაობდა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განუცხადა ფორმულას, რომ ეს თავდასხმები შეიძლება იყოს "რუსული აგრესიის“ ფორმა.
"როდესაც კიბერშეტევა ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, ზოგადად, და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ძნელია, არ იფიქრო რუსეთზე“, — თქვა მან და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, მცირე მტკიცებულება არსებობს.
წინა კიბერშეტევები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდიოდა, ასევე მიმართული იყო საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, მათ შორის, ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
2019 წლის ოქტომბერში, საქართველოში, დაახლოებით, 15 000 ვებგვერდი, მათ შორის — მსხვილი სამთავრობო დაწესებულებების, მაუწყებლების, ონლაინგამოცემების და კერძო ბიზნესის ვებგვერდები მოხვდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის სამიზნეების სიაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები