დედამიწის ორბიტაზე გავლენა, შესაძლოა, მინიატურულ შავ ხვრელს ჰქონდეს
ასტრონომთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ პირველადი შავი ხვრელები (PBH) ეტაპობრივად ჩვენს მზის სისტემას კვეთენ და ამით პლანეტების ორბიტებზე მოქმედებენ. მათი თქმით, ეს პლანეტის ერთგვარ "რხევას" იწვევს.
ასეთი შავი ხვრელები დიდი აფეთქების შემდეგ სულ რამდენიმე წამში უნდა გაჩენილიყო. და აი ახლა, ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ასეთი უცნაური ობიექტი მზის სისტემას ათწლეულში ერთხელ ესტუმრება ხოლმე.
ეს ობიექტები მეცნიერებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი შავი ხვრელები ძირითადად ბნელი მატერიისგან შედგება. ეს ჰიპოთეტური ნივთიერებაა, რომელიც არ ურთიერთქმედებს სინათლესთან ან ელექტრომაგნიტურ ველთან, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, სამყაროს დაახლოებით 27 პროცენტს შეადგენს.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
როგორც Live Science იუწყება, ეს ახალი თეორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამყარო მართლაც გასაოცარია და ჯერ კიდევ უამრავი რამ გვაქვს აღმოსაჩენი.
ეს ჰიპოთეტური PBH-ები ზომაში ძალიან პატარა უნდა იყოს.
"საუბარია წყალბადის მოლეკულისა და ბაქტერიის ზომაზე", — განუცხადეს Live Science-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსებმა.
მკვლევრების აზრით, შავი ხვრელების მცირე მასის მიუხედავად, მათ მაინც შეუძლიათ პლანეტის რხევების გამოწვევა.
"თუ PBH პლანეტის გვერდით ჩაივლის, ის ამ პლანეტის რხევას იწვევს, რაც ორბიტაზეც მოქმედებს. საბოლოოდ, პლანეტასა და მზეს შორის მანძილი იცვლება", — აღნიშნეს ფიზიკოსებმა.
ჯგუფმა ამ ცვლილებების სიმულაცია მოახდინა. სიმულაციისას შავი ხვრელის მასა დაახლოებით ასტეროიდის ხელა იყო. იმ შემთხვევაში თუ ობიექტი ორი ასტრონომიული ერთეულის დაშორებით ჩაგვიფრენდა, ეფექტი ორბიტის რამდენიმე სანტიმეტრით ცვლილებას გამოიწვევდა.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები