ახალაღმოჩენილი იდუმალი ობიექტი შესაძლოა, რეკორდულად მსუბუქი შავი ხვრელი იყოს
ასტრონომებმა საინტერესო კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ან ჩვენთვის ცნობილთაგან უმსუბუქესი შავი ხვრელია, ან ყველაზე მასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, ან სრულიად ახალი რამ, რის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.
მისგან 40 000 სინათლის წელი გვაშორებს და ის ვარსკვლავთა სფერულ შეჯგუფებაშია მოქცეული, რომელსაც NGC 1851 ეწოდება. მას სპეციალისტებმა სინათლის ნაკადების მეშვეობით მიაგნეს, რომელსაც ამ იდუმალი ობიექტის კომპანიონი ყოველ 6 მილიწამში ერთხელ გამოყოფს. ის პულსარის ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავია.
მის მახლობლად არსებული უცნობი სხეული შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების მასურ მიჯნაზეა, ანუ არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანი იყოს. ამგვარი შავი ხვრელი გრავიტაციული თეორიების გამოცდის საშუალებას მოგვცემს, ნეიტრონული ვარსკვლავის მიხედვით კი მეცნიერები მაღალი სიმკვრივის პირობებში მოქმედი ბირთვული ფიზიკის მექანიზმებს გამოიკვლევენ.
ორივე მათგანი ვარსკვლავის სიკვდილის შედეგად წარმოიქმნება, მაგრამ შავი ხვრელები მზეზე რამდენიმე მილიონჯერ ან მილიარდჯერ მასიური შეიძლება იყოს, ნეიტრონული ვარსკვლავების მასა კი ჩვენი მნათობისას 3-ზე მეტჯერ იშვიათად აღემატება. ამის მიუხედავად, პირველის მინიმალური და მეორის მაქსიმალური მასის ზღვარი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.
აქამდე აღმოჩენილ ნეიტრონულ ვარსკვლავებში მაქსიმალურ მასად 2 მზის მასა მიიჩნევა, ხოლო შავ ხვრელებში მინიმუმი 5 მზის მასაა. მათ შუალედურ დიაპაზონში არსებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ გვაქვს. სწორედ ამ "სიცარიელეში" ჯდება ახალი ობიექტი, რომელიც რადიოტელესკოპით MeerKAT დააფიქსირეს. ის ჩვენს მნათობზე 3.9-ჯერ მასიურია და კომპანიონ ნეიტრონულ ვარსკვლავთან ერთად ბინარულ სისტემაშია.
მისი უფრო დეტალურად შესწავლა შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები