მეცნიერები წყნარი ოკეანის ფსკერზე არსებული სუპერსტრუქტურის შესწავლას ცდილობენ
წყნარი ოკეანის ქვეშ, სოლომონის კუნძულების აღმოსავლეთით, მასიური სტრუქტურაა, რომელიც მაგმური ქანებისგან შედგება. იგი რახანია აბნევს მეცნიერებს.
სტრუქტურას მელანეზიური საზღვრის პლატო შეარქვეს. ის დაახლოებით 1600×320 კილომეტრი ზომისაა. ვარაუდობენ, რომ სტრუქტურა ასი მილიონი წლის წინ გაჩნდა და დღემდე განაგრძობს ზრდას.
Live Science-ის ცნობით, ამჯერად მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ჩამოყალიბდა პლატო თავიდან. მათი თქმით, ეს ცარცულ პერიოდში მოხდა. ამ ერას ინტერვალური ვულკანური აქტივობა ახასიათებდა, რომელიც კარგად არაა შესწავლილი.
ნაშრომი ჟურნალში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, პლატო არა ერთი, არამედ ვულკანიზმის ოთხი სხვადასხვა ეპიზოდის შედეგია. ეს მას სხვა მასშტაბური სტრუქტურებისგან განასხვავებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ეპიზოდის შედეგადაა წარმოქმნილი.
ამ ეპიზოდებმა პლანეტაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ასეთია, თუნდაც, კლიმატის ცვლილება ანდა მასობრივ გადაშენებასთან დაკავშირებული მოვლენები.
///
სავარაუდოდ, ეს მელანეზიური საზღვრის პლატოს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. როგორც ჩანს, მისი მაგმური ქანის შრეები დიდი ხნის განმავლობაში, თანდათანობით, ჩამოყალიბდა.
"წყნარი ოკეანის აუზში რამდენიმე ადგილია, საიდანაც მეცნიერებს მხოლოდ ერთი ნიმუში აქვთ, ამის მიხედვით კი, ეს ერთი მასიური მოვლენა იყო", — განაცხადა კევინ კონრადმა, ნაშრომის მთავარმა ავტორმა და ნევადის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ზოგჯერ, როცა ამ ადგილების სინჯებს დეტალურად შევისწავლით, ვიაზრებთ, რომ ისინი რეალურად რამდენიმე ბიძგის შედეგად ჩამოყალიბდა ათობით მილიონი წლის განმავლობაში და გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნებოდა".
ბოლო ათი წლის განმავლობაში კონრადმა და მისმა კოლეგებმა გარემომცველი ტერიტორიიდან მოპოვებული ქანები შეისწავლეს. დაადგინეს, რომ პლატოს ჩამოყალიბება დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა დედამიწის მანტიაში მაგმის ამაღლების ადგილებს ზემოთ გადაადგილდებოდა, მან არაერთი ცვლილება განიცადა, პროცესში კი ნელ-ნელა წყალქვეშა კუნძულთა ჯაჭვი წარმოქმნა.
ნაშრომის ავტორის აზრით, შესაძლებელია ისიც, რომ ოკეანის კვლევის კვალდაკვალ სამომავლოდ მეტ მსგავს სუპერსტრუქტურას მივაგნოთ.
"რაც უფრო დეტალურად შევისწავლით ნიმუშებს, მით მეტ კომპლექსურობას აღმოვაჩენთ", — განაცხადა კონრადმა Live Science-თან საუბრისას.
კომენტარები