ახალი კვლევით დადგინდა, რომ პლასტმასის ბოთლებში მოთავსებულ წყალში მოსალოდნელზე მეტი მიკროპლასტმასაა. ეს გარემოსა თუ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ნაშრომი ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ახალი ოპტიკური ტექნიკა შექმნეს, რომელსაც წყალში პლასტმასის ნაწილაკების აღმოჩენა უპრეცედენტო სიზუსტით შეუძლია. მისი გამოყენებით მკვლევრებმა პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული წყალი შეისწავლეს, რომელიც მაღაზიებში იყიდება.

შედეგად დაადგინეს, რომ ასეთ წყალში ლიტრზე საშუალოდ 240 ათასი პლასტმასის ნაწილაკი იყო გაფანტული. წინა კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 10.4 ნაწილაკი იყო. შესაბამისად, ახალი კვლევის შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, პლასტმასის ნაწილაკთა 10% მიკროპლასტმასა (ნაწილაკები, რომელთა ზომაც ხუთი მილიმეტრიდან ერთ მიკრომეტრამდე მერყეობს), დანარჩენი 90% კი — ნანოპლასტმასა. ეს მიკროპლასტმასებზე კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებია, რომელთა დასანახადაც საკმაოდ ძლიერი და დახვეწილი მიკროსკოპია საჭირო.

///

მიკროპლასტმასები, რომლებიც გარემოსა და ჩვენს ორგანიზმში უკვე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, საკმაოდ საზიანოა. მეორე მხრივ, როგორ მკვლევრები ამბობენ, განსაკუთრებით სახიფათოა ნანოპლასტმასები, რადგან ისინი გაცილებით მცირე ზომისაა.

ნანოპლასტმასებს შეუძლია, ჩვენს უჯრედებსა თუ ორგანოებში შეაღწიოს. მეტიც, მათ შეიძლება პლაცენტის ბარიერიც კი გადალახოს და ნაყოფშიც მოხვდეს. არსებობს რისკიც, რომ ამ ნაწილაკებმა ორგანიზმში საზიანო ქიმიკატები დატოვოს და ამით არაერთი სისტემის ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

აქამდე უცნობი იყო, რომ ნანოპლასტმასები წყალში ასეთი გავრცელებულია. შესაბამისად, შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივად არსებობდეს ისეთი რისკები, რომლებიც ჯერ უმეტესად შეუსწავლელია. ეს ყველაზე სახიფათო ჩვილებისა და ბავშვებისთვის შეიძლება იყოს, რადგან მათი ტვინი და ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება; ხშირად ისინი მსგავსი გავლენების მიმართ სხვებზე მოწყვლადები არიან.

იმისათვის, რომ საფრთხეებს შეძლებისდაგვარად ავარიდოთ თავი, უმჯობესია, თუ პლასტმასის ბოთლებს ნაკლებად გამოვიყენებთ. მათი ჩანაცვლება უჟანგავი ფოლადის ანდა შუშის ბოთლებით შეიძლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.