აღმოჩენილია გასაოცარი გალაქტიკა, რომელიც ვარსკვლავებს არ შეიცავს
ასტრონომებმა უჩვეულო გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც J0613+520-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 270 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის იმითაა გამორჩეული, რომ მეცნიერებმა მის ფარგლებში ვარსკვლავები ვერ დააფიქსირეს.
ეს ობიექტი მხოლოდ მხოლოდ იმ აირისგან შედგება, რომელიც ჩვეულებრივი გალაქტიკების ვარსკვლავთაშორის რეგიონებში გვხვდება. სხვა მხრივ J0613+520 ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკის მახასიათებლებს იზიარებს და მასავით მოძრაობს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, ადრეული სამყაროს პირველყოფილი გალაქტიკის მაგალითი იყოს. მათ თავიანთი შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 243-ე შეხვედრაზე წარადგინეს.
J0613+520 მათ სრულიად შემთხვევით დააფიქსირეს, როცა გრინ ბენკის ობსერვატორია არასწორი კოორდინატებისკენ მიმართეს. არაა გამორიცხული, რომ იქ მნათობები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ ვხედავთ. ტელესკოპი სწორედ ისეთ ობიექტებს ეძებდა, რომლებშიც ძალიან ცოტა მნათობი, მაგრამ დიდი რაოდენობით აირი და, პოტენციურად, ბნელი მატერიაა.
მოულოდნელად ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკისთვის დამახასიათებელი გამოსხივების მქონე წყალბადის კვალი შენიშნა, რომელიც J0613+520-დან მოდიოდა. მათ დოპლერის ეფექტი, ანუ დამკვირვებლის მიმართ რადიოტალღების სიხშირის ცვალებადობა გააანალიზეს და ის გალაქტიკის ბრუნვას დაუკავშირეს, რადგან წაგრძელებული ტალღები სწორედ იმ რეგიონში იყო, რომელიც ჩვენ მეტად გვშორდება, მოკლეები კი — პირიქით.
ერთადერთი, რაც ვერ დააფიქსირეს, ვარსკვლავებია. აღსანიშნავია, რომ ამ გალაქტიკაში გრავიტაციული ურთიერთქმედებების კვალი არ შეინიშნება, ანუ ის მთელი ამ დროის განმავლობაში იზოლირებულად არსებობს, ესე იგი სხვა ობიექტის გავლენა არ განუცდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აირის ღრუბელზე იმოქმედებდა და მნათობების ფორმირებასაც შეუწყობდა ხელს, რადგან ზოგიერთ რეგიონში მატერია ერთად მოიყრიდა თავს.
ასეა თუ ისე, J0613+52-ის მსგავსი გალაქტიკა აქამდე არასდროს აღმოგვიჩენია. ის სხვა გალაქტიკებისგან ზედმეტად მოშორებითაა, რაც შესაძლოა, ამ უჩვეულო უვარსკვლავობის მიზეზი იყოს. მისი დეტალური შესწავლა მეცნიერებისთვის გამოწვევაა, რადგან რადიოგამოსხივების გარდა სხვა სპექტრში ეს გაგვიჭირდება. ამის მიუხედავად, მისი გამოკვლევა ცდად ნამდვილად ღირს.
კომენტარები