საქართველოში ინტერიერის დიზაინის ხელოვნური ინტელექტით გენერირებისთვის პლატფორმა შექმნეს — SHRE AI
ინტერიერის დიზაინის გენერირება ხელოვნური ინტელექტით, 1 წუთში — ახალი ქართული პროდუქტის დატესტვა უფასოდ შეგიძლიათ
ხელოვნური ინტელექტი უამრავ ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუყენებია. ეს მაშინ ხდება, როცა AI-ის სხვადასხვა გამოსახულების დახატვას ან ჩვენთვის ფოტოების გენერირებას ვთხოვთ. გასული წლიდან პოპულარულია დიდი ენობრივი მოდელებიც (ChatGPT, Bard), რომელიც ინფორმაციის მოძიებასა თუ სხვადასხვა მიზნისთვის შესაბამისი ტექსტის შექმნას გვიმარტივებს. თუმცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო ფართოა.
დაახლოებით ერთი თვეა, რაც ქართულ ინტერნეტში ინტერიერის დიზაინის AI გენერირებისთვის პლატფორმა SHRE AI SPACE გამოჩნდა. პლატფორმა ცნობილი AI გენერატორის — Midjourney-ის ძრავს იყენებს იმისათვის, რომ მომხმარებლებს ინტერიერის მოსაწყობად ინპირაცია მიაწოდოს.
ოთხი ადამიანისგან შემდგარი გუნდი პლატფორმაზე 2023 წლის გაზაფხულიდან მუშაობს. ცოტნე მაზმანიშვილი და ივა მაზმანიშვილი SHRE-ს თანადამფუძნებლები არიან, იდეის ხორცშესხმაში კი მათ სოფთვეარ ინჟინრები — აჩი ბახსოლიანი და ბერო ლომსაძე დაეხმარნენ. გუნდის წევრებს ციფრული პროდუქტების შექმნის კუთხით მრავალმხრივი გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა AI პროდუქტზე იმუშავეს.
SHRE AI-ის შექმნის პროცესსა და გამოყენების პრინციპზე, ასევე მიზნებსა და გეგმებზე პლატფორმის თანადამფუძნებელი, ცოტნე მაზმანიშვილი გვესაუბრა:
კონკრეტულად, რაში ეხმარება პლატფორმა მომხმარებლებს?
პლატფორმა ინტერიერის საინსპირაციო დიზაინის შესაქმნელადაა, რომელიც იდეებს გაწვდის თითოეულ სივრცეზე და ასევე, ფერებისა და მასალების შედარება-შეთავსების წარმოდგენისთვის იდეალური ხელსაწყოა. პლატფორმა იყენებს ცნობილ Midjourney-ის AI ძრავს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ყველაზე ზუსტი, რეალისტური და თანაც კრეატიულია. Midjourney-ის უსაზღვრო შესაძლებლობიდან ჩვენ მისი ფოკუსი მიმართული გვაქვს ინტერიერის დიზაინზე, რომელიც კონცენტრირებულად ამუშავებს მხოლოდ ამ ტიპის ბრძანებებს.
როგორ მუშაობს პლატფორმა? რა მონაცემების მითითების შემდეგ აგენერირებს ის დიზაინებს?
პლატფორმის გამოყენება უმარტივესია. თავდაპირველად ირჩევ ოთახს, მასში სასურველ ავეჯს, შემდეგ სტილს, ფერებსა და მასალებს. ამ ინფორმაციის მიცემის შემდეგ დამუშავებული ბრძანება მიდის Midjourney-სთან და 1 წუთში გვიგენერირებს 4 უნიკალურ დიზაინს. ამ ეტაპზე მხოლოდ მოსანიშნი ინფორმაციით ხდება ბრძანების მიცემა, სამომავლოდ კი ვფიქრობთ, განვავითაროთ და გავაფართოვოთ არეალი.
რა შედეგი გაქვთ ამ ეტაპზე? რამდენად დიდია მომხმარებლის დაინტერესება? რამდენად ამართლებს პროდუქტი იმ მოლოდინებს, რომელიც მასზე მუშაობის პროცესში გქონდათ?
შრე სფეისი დაახლოებით ერთი თვეა, რაც გავუშვით და უკვე საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. თუმცა ადამიანებს სხვადასხვანაირი შთაბეჭდილებები ჰქონდათ — იყვნენ აღფრთოვანებული მომხმარებლები, რომლებიც ვერ მალავენ ემოციებს და არიან ისეთებიც, რომლებიც ცოტა დაიბნნენ და თითქოს ელოდნენ სრუფასოვან დიზაინს თავიანთვი ბინისთვის. ამ დონეზე, ჯერჯერობით, არ არის განვითარებული ტექნოლოგია და ჯერჯერობით, იდეებისა და ინსპირაციების წყაროა ჩვენი პლატფორმა, თუმცა მომავალში აუცილებლად გახდება მეტად პერსონალიზებული და მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.
როგორია ქართული ინტერიერის დიზაინის ბაზარი და რისი შეცვლის ამბიცია აქვს SHRE AI-ის?
ინტერიერის დიზაინის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რას მოიცავს ინტერიერის დიზაინი, რა უნდა მიიღოს საბოლოოდ. შრე სფეისით ვცდილობთ, ზოგადად ინტერიერის დიზაინის, მისი სტილების, მასალების შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ; ასევე, ადამიანებმა უფასოდ გამოცადონ და შეძლონ პრევიზუალიზაცია იმის, თუ რას შეიძლება ელოდონ ინტერიერის დიზაინისგან.
როგორია SHRE AI-ის უცხოური ანალოგები? რამდენად განვითარებულია უცხოურ ბაზრებზე ინტერიერის დიზაინის AI გენერატორები და რა უპირატესობა გაქვთ მათთან მიმართებაში?
მსოფლიო ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი აპლიკაციები თუ ვებპლატფორმები, რომლებიც ხელოვნური ინტექლექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ცდილობს, შექმნას ინტერიერის დიზაინი, მაგრამ სრულფასოვანი ჯერჯერობით არაფერი არსებობს. შრე სფეისის ზუსტი ანალოგი არ შეგვხვედრია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ პოტენციალი დიდი აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პერსონალიზაციის მხრივ კიდევ განვავითარებთ.
შრე სფეისის ყველაზე მთავარი უპირატესობა უცხოურ ალტერნატივებთან მიმართებაში ისაა, რომ სრულიად უფასოა და არანაირ ზედმეტ ძალისხმევას და ინფორმაციას არ მოითხოვს მომხმარებლისგან. ასევე Midjourney-ის ძრავი, ვფიქრობთ, რომ ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის ძრავია ამ მიმართულებით, რომელსაც ამ მხრივ გამოყენება არ აქვს და ჩვენ ამაშიც პირველები ვართ.
ფოტო: SH
როგორია პლატფორმის გამოყენების პირობები — კომპანიებისთვის თუ ცალკეული მომხმარებლისთვის?
პლატფორმა ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომია და არანაირი გამოყენების შეზღუდვა არ აქვს. თავდაპირველად გვქონდა 10 გენერაცია 24 საათში, ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხოლო ახლა შესაძლებელია ულიმიტოდ გამოყენება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
რა არის SHRE AI-ის სამომავლო ხედვა და გეგმები?
უპირველესად, ვაკვირდებით მომხმარებლების გამოყენებას, ასევე ფიდბექებს და ვსწავლობთ, რა არის კრიტიკული, რომ გავაუმჯობესოთ. სამომავლოდ გვინდა, რომ ჩატბოტთან საუბრით შეძლოს მომხმარებელმა დიზაინების მიღება, ანუ ჩატბოტთან დიალოგით მოხდება ბრძანების ფორმირება, რასაც შემდეგ ხელოვნური ინტელექტი დაამუშავებს და დიზაინს შექმნის. გარდა ამისა, მომავალში უკვე გაუმჯობესებული ვერსია ფასიანი გახდება.
კომენტარები