NASA-სა და იაპონიის ახალი რენტგენული ტელესკოპისგან პირველი სურათები მივიღეთ
კოსმოსური ტელესკოპისგან XRISM, რომელიც აშშ-ისა (NASA) და იაპონიის (JAXA) კოსმოსური სააგენტოების თანამშრომლობით შეიქმნა, პირველი რენტგენული სატესტო სურათები მივიღეთ. ერთ-ერთ გამოსახულებაზე აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს ხვედავთ, სახელად N123D, მეორე კი გალაქტიკათა შეჯგუფება Abell 2319-ს გვიჩვენებს.
ასევე, იხილეთ: ახალი ზონდი კოსმოსში "რენტგენულ ცისარტყელებს" დააფიქსირებს
XRISM, რომლის მისიაშიც წვლილი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომაც შეიტანა, ორბიტაზე 2023 წლის სექტემბერში, მთვარეზე დასაშვებ მოდულთან SLIM ერთად, გაუშვეს. მისი მიზანი ისეთი ფენომენების შესწავლაა, როგორიც შავი ხვრელები, გალაქტიკათა შეჯგუფებების გარემომცველი ცხელი აირი და, ზოგადად, სამყაროს ევოლუციაა.
ამისთვის ობსერვატორია რენტგენულ გამოსხივებაზეა კონცენტრირებული, რომლის ენერგიაც 12 000 ელექტრონვოლტს უტოლდება. შედარებისთვის, ხილული სინათლის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2-3 ელექტონვოლტია.
რაც შეეხება სურათებს, ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი N123D ტელესკოპის სპექტრომეტრიულმა კამერამ გადაიღო, როცა ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკას, მაგელანის დიდ ნისლეულს, აკვირდებოდა. ეს ობიექტი იქ არსებული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა რენტგენული წყაროა, რომელშიც ზონდმა სილიციუმის, გოგირდის, არგონისა და რკინის კვალი დააფიქსირა.
აღნიშნული ელემენტები აფეთქეფამდელ ვარსკვლავში წარმოიქმნება და მისი განადგურებისას გარემომცველ არეალში იფრქვევა. მეცნიერთა გამოთვლებით, N123D ზეახალ მნათობად დაახლოებით 3000 წლის წინ იქცა. ახალი ტელესკოპით არა მხოლოდ მის შემადგენლობას, არამედ სიმკვრივეს, ტემპერატურასა და აირის მიმართულებასაც დავადგენთ. შედეგად, გვეცოდინება, როგორი იყო ის აფეთქებამდე.
მეორე გამოსახულებაზე გალაქტიკათა შეჯგუფება Abell 2319-ა აღბეჭდილი და ის ხელსაწყო Xtend-მა გადაიღო.
რენტგენული ნათების მქონე ეს ობიექტი ღამის ცაზე არსებული რიგით მეხუთე ყველაზე კაშკაშა შეჯგუფებაა და ჩვენგან დაახლოებით 770 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, Xtend-ის ფართო ხედვა კი მის სრულად დაფიქსირებას უწყობს ხელს.
"XRISM საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას დაფარული რენტგენული ცის დანახვის საშუალებას მისცემს. ჩვენ არა მხოლოდ ამ წყაროების რენტგენულ სურათებს ვუმზერთ, არამედ მათ შემადგენლობას, მოძრაობასა და ფიზიკურ მდგომარეობას ვიკვლევთ", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები