კრისტალებით დაფარული მეტეორიტი მზის სისტემის წარსულს ინახავს
2020 წლის მაისში საჰარის უდაბნოს ქვიშიან მასივებში მომწვანო კრისტალებით მდიდარ უჩვეულო ქვებს მიაგნეს, რომელთა გამოკვლევითაც დადგინდა, რომ ისინი იქ კოსმოსიდან მოხვდა. ფრაგმენტები Erg Chech 002-ის სახელით ცნობილ მეტეორიტს ეკუთვნის, რომელიც, აქამდე მიკვლეულთა შორის, ვულკანური წარმოშობის უძველესი მსგავსი ნიმუშია და ადრეულ მზის სისტემაში არსებული პროტოპლანეტის ნაწილი იყო.
ახალი კვლევის მიხედვით, ეს მეტეორიტი 4.56556 მილიარდი წლისაა (± 120 000 წელი), რაც კოსმოსური წარმოშობის ობიექტის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი დათარიღების მაგალითია. შესაძლოა, ამან მზის სისტემის განვითარების პირვანდელი ეტაპების შესახებ ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს.
იზოტოპების როლი დათარიღებაში
ჩვენი კოსმოსური სამეზობლო დაახლოებით 4.567 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა მტვრისა და აირის ღრუბელში, რომელშიც სხვა ელემენტებთან ერთად ალუმინიც გვხვდებოდა. ის იქ ორი ფორმით იყო: ალუმინ-27-ისა და ალუმინ-26-ის, რომელიც ვარსკვლავების აფეთქებისას გამოყოფილი რადიოაქტიური იზოტოპია და დაშლისას მაგნიუმ-26-ად იქცევა.
ალუმინ-26 კოსმოსური მოვლენების დასათარიღებლად გამოსადეგია. ეს პროცესი იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ პერიოდში მზის სისტემაში სითბოს წყარო უნდა ყოფილიყო და მცირე ზომის ქვების შეერთებისთვის შეეწყო ხელი, რაც პლანეტების ფორმირების საწინდარია.
მისი გავლენის შესასწავლად უნდა ვიცოდეთ, თანაბრად იყო ეს იზოტოპი გადანაწილებული თუ კონკრეტულ არეალებში დაგროვდა. ამისთვის უძველესი კოსმოსური ქვების აბსოლუტური ასაკი უნდა გამოვითვალოთ, მაგრამ მხოლოდ ალუმინ-26-ის მიხედვით ეს შეუძლებელია, რადგან ის შედარებით მცირე დროში იშლება, დაახლოებით 705 000 წელში.
სამაგიეროდ, ხელსაყრელია მასთან ერთად ურანისა და ტყვიის იზოტოპების შესწავლა (ურან-235 და ურან-238 დაშლისას სწორედ ტყვია-207-ად და ტყვია-206-ად გარდაიქმნება), რადგან პირველი მათგანის დაშლის პერიოდი 710 მილიონიდან 4.47 მილიარდ წლამდეა.
მეტეორიტი Erg Chech 002
Erg Chech 002 აქონდრიტის ტიპის მეტეორიტია, რომლის მსგავსი ობიექტებიც დამდნარი პლანეტშენადედებისგან ფორმირდება. ესაა სისტემის პირვანდელ აირსა და მტვერში შეჯგუფებული მყარი მატერია, რომელიც პლანეტების წარმოქმნის საფუძველია.
დედამიწაზე ნაპოვნი მეტეორიტების უმეტესობის წყარო ცნობილია: ზოგი ასტეროიდ Vesta 4-ს უკავშირდება, ზოგის მშობელი ასტრონომიული სხეული კი ჯერჯერობით დაუდგენელია. Erg Chech 002 სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მეტეორიტი ტყვია-206-სა და 207-ს დიდი რაოდენობით შეიცავს ისევე, როგორც ურან-238-სა და 235-ს. სწორედ მათი თანაფარდობის შესწავლის გზით გამოთვალეს სპეციალისტებმა მისი ასაკი.
ასევე, გაირკვა, რომ Erg Chech 002-ის მშობელი სხეული სხვა წყაროებზე 3-4-ჯერ მეტი ალუმინ-26-ის შემცველი მატერიისგან უნდა წარმოქმნილიყო. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემის წარმომშობ ღრუბელში აღნიშნული იზოტოპი თანაბრად არ იყო გადანაწილებული, რაც ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს წარსულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები