ასტეროიდის აფეთქების სცენა მრავალ ფილმში გვინახავს, მაგრამ გიფიქრიათ, რა მოუვა ამის შედეგად მსგავს კოსმოსურ სხეულს სინამდვილეში? ან შეიძლება, ბირთვული იარაღი დედამიწის გადასარჩენად გამოგვადგეს?

სპეციალისტებმა ამის გასაგებად კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც ზემოხსენებული სცენარის სიმულირების საშუალებას იძლევა. კერძოდ, ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რას დამართებს ასტეროიდს მის ზედაპირთან ახლოს მიზანმიმართული ბირთვული აფეთქება.

ასეთ ტექნიკას ბირთვული აბლაცია ეწოდება, რა დროსაც აფეთქების რადიაცია ასტეროიდის ზედაპირის ნაწილს ააორთქლებს. ეს, თავის მხრივ, ერთგვარი ბიძგის ფუნქციას შეასრულებს და მას სიჩქარეს შეუცვლის. მოდელი შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ასტეროიდს მოვარგოთ, მათ შორის მყარ სხეულებს და შედარებით დაშლადი მატერიისგან შედგენილ ობიექტებს.

ფოტო: Mary Burkey

"თუ საკმარისი დრო გვექნება, პოტენციურად, ბირთვულ მოწყობილობას დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე, მილიონობით კილომეტრ დისტანციაზე, გავუშვებთ. შემდეგ აპარატს ავაფეთქებთ ან ასტეროიდის მიმართულების შესაცვლელად, რათა ის პლანეტას უვნებლად ჩამოშორდეს, ან მის გასანადგურებლად და მცირე ზომის, სწრაფად მოძრავ ფრაგმენტებად დასაშლელად, რომელიც პლანეტაზე არ ჩამოცვივდება", — აცხადებენ ავტორები.

///

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ობიექტების ტრაექტორიის შესაცვლელი ტექნოლოგია NASA-მ უკვე გამოცადა. ეს მისია DART-ის ფარგლებში მოხდა, რამაც წარმატებით ჩაიარა. ამისთვის კოსმოსური აპარატი ასტეროიდს შეეჯახა. ახალი მოდელი აღნიშნული მისიის მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის და კინეტიკური ზემოქმედების ალტერნატივის განხილვის შესაძლებლობას გვთავაზობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ბირთვული ენერგიის სიმძლავრის გამო ასეთი იარაღი ასტეროიდთან შეჯახების ასაცილებლად გამოსადეგია, მაგრამ შედეგები მოწყობილობის რენტგენული ენერგიის განაწილებასა და მატერიის აბლაციის ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში დეტალურად გასარკვევად ფიზიკის რთული საკითხების ერთობლიობაა საჭირო.

სპეციალისტთა თქმით, მათი ახალი მოდელი ასტეროიდის მსგავს ზედაპირებში ფოტონების შეღწევადობასაც ითვალისწინებს და არც ისეთი პროცესები რჩევა ყურადღების მიღმა, როგორიც რერადიაციაა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Planetary Science Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.