დედამიწის ბირთვი ყოველ 8.5 წელში ერთხელ ირხევა — კვლევა
დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობის მცირე ცვლილებასა და მისი პოლუსების მოძრაობაზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი პლანეტის ბირთვი ყოველ 8.5 წელში ერთხელ რხევას განიცდის. ეს შიდა ბირთვსა და მანტიას შორის 0.17 გრადუს დახრილობას ავლენს, საიდანაც ასკვნიან, რომ პირველი მათგანი ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროში მოსალოდნელზე უფრო მკვრივია.
დედამიწას რამდენიმე შრე აქვს და სიღრმის პარალელურად სიმკვრივეც იზრდება. მის ცენტრში დამდნარი მეტალის სფეროა, რომელშიც რკინისგან შემდგარი, დაახლოებით 2450-კილომეტრიანი, შიდა ბირთვია განლაგებული. მისი გაგრილებისას სითბო გამოიყოფა, რომელიც დინამოს ეფექტს ედება საფუძვლად.
ამ დროს მექანიკური ენერგია მაგნიტურ ენერგიად გარდაიქმნება და მაგნიტური ველი წარმოიქმნება, რომელიც ჩვენს პლანეტას საშიში რადიაციისგან იცავს. შესაბამისად, შიდა ბირთვი და იქ მიმდინარე პროცესები მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
///
იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ სიღრმეებს პირდაპირ ვერ ვიკვლევთ, იქაური გარემოს შესახებ ინფორმაციას არაპირდაპირი დაკვირვებებით ვიღებთ. მაგალითად, ასეთია დღე-ღამის ხანგრძლივობის შესწავლა, რომელიც ყოველთვის 23 საათი, 56 წუთი და 4.0916 წამი როდია, არამედ მცირედით იცვლება ხოლმე. ამას დედამიწის შიგნით მიმდინარე პროცესები იწვევს.
იმავეს თქმა შეიცლება პლანეტის პოლუსების მოძრაობაზეც, მაგრამ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება და სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაფრის მიუხედავად, 2019 წელს კვლევის ავტორებმა თითქმის 8.7-წლიანი რხევები შენიშნეს, რაც სწორედ დედამიწის შიდა ბირთვის მოძრაობასთან დააკავშირეს. ეს მონაცემები დედამიწის ბრუნვასთან შეაჯერეს და მსგავსი პერიოდულობა მიიღეს, რის შედეგადაც ამის განმაპირობებელი ფენომენი გამოავლინეს,
მათ დაადგინეს, რომ შიდა ბირთვი მანტიასთან მიმართებაში 0.17 გრადუსითაა დახრილი, ანუ მათი ბრუნვის ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორედ ეს იწვევს რხევებს, რომლებიც, სპეციალისტთა დაზუსტებით, 8.5 წელში ერთხელ ფიქსირდება.
ამ გამოთვლების მიხედვით, შიდა და გარე ბირთვებს შორის არსებულ მიჯნაზე სიმკვრივის მკაფიო სხვაობაა, პირველს კი არაერთგვაროვანი სიმკვრივე აქვს. ამას შესაძლოა, მაგნიტური ველის წარმოქმნის პროცესზეც ჰქონდეს გავლენა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები