ნახეთ: NASA-მ შთამბეჭდავი "კოსმოსური ნაძვის ხის" სურათი გამოაქვეყნა
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ გასაოცარი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ვარსკვლავთა შეჯგუფება NGC 2264 არის გამოსახული. მას მეორენაირად "ნაძვის ხის შეჯგუფებასაც" უწოდებენ, რადგან ფორმითა და მნათობთა შთამბეჭდავი სიკაშკაშით სწორედ მას მოგვაგონებს.
NGC 2264 ჩვენგან დაახლოებით 2 500 სინათლის წლითაა დაშორებული. ის ახალგაზრდა ვარსკვლავებს შეიცავს, რომელთა ასაკიც სულ რაღაც 1-5 მილიონი წელია. ზოგიერთი მათგანი მზეზე ბევრად პატარაა და მისი მასის მხოლოდ მეათედი აქვს, ზოგი კი უფრო დიდი და მასიურია.
ახალი სურათი ნაძვის ხეს სათანადო დამუშავებითა და გამოსახულების ამობრუნებით უფრო დაემსგავსა. თეთრი და ლურჯი სინათლეები, რომლებიც ქვედა მოძრავ ფოტოზე ჩანს, ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან მომდინარეობს, რომლებსაც რენტგენული გამოსხივება აქვს. ეს ემისია ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ დააფიქსირა.
ოპტიკური მონაცემები სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის 0.9-მეტრიანმა ტელესკოპმა WIYN მოიპოვა. კერძოდ, ესაა ნისლეულის მომწვანო აირი, რომელიც ნაძვის ხის მთავარ ფორმას ქმნის. მოთეთრო ფონური ვარსკვლავების ინფრაწითელი მონაცემები ასტრონომებმა პროექტ Two Micron All-Sky Survey-ის ფარგლებში მიიღეს. გამოსახულება დაახლოებით 160 გრადუსით, საათის ისრის მიმართულებით, ამოატრიალეს.
აი, შედეგიც:
NGC 2264-ში თავმოყრილი ახალგაზრდა ვარსკვლავები მძლავრი ამოფრქვევებით ხასიათდება, რა დროსაც მათ მიერ რენტგენული და სხვა ტიპის რადიაცია გამოიყოფა. ამ ემისიების კომბინაციას სწორედ ზემოთ წარმოდგენილ მოძრავ სურათზე ხედავთ.
რეალურად, მნათობთა ეს მოციმციმე ვარიაციები მსგავსად სინქრონიზებული არაა, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა მაგნიტური ველები, მძლავრი ამოფრქვევები და მნათობთა ბრუნვა, რა დროსაც მათზე არსებული ცხელი და მუქი რეგიონები ხან ჩანს, ხან კი — არა.
კომენტარები