2024 წელს არჩევნები მსოფლიოში რეკორდულად ბევრ ქვეყანაში იმართება, მათ შორის, კავკასიაშიც — საქართველოში საპარლამენტო, ხოლო აზერბაიჯანში — საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

  • პრეზიდენტს აირჩევენ რუსეთშიც.
  • დიდ ბრიტანეთში დაგეგმილია საყოველთაო არჩევნების ჩატარება,
  • აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან,
  • ინდოეთში კი ხმას მომავალ პრემიერ-მინისტრს მისცემენ.
  • 2024 წელს, 50 ქვეყანაში, ორ მილიარდზე მეტი ადამიანის მისვლას ვარაუდობენ არჩევნებზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მომდევნო წლის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები მსოფლიოსთვის, და მათ შორის, ყველაზე მეტად განვითარებული დემოკრატიებისთვის მას შემდეგ, რაც მძლავრი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT და Midjourney, პოპულარული და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

რა საფრთხეებია

ექსპერტები შიშობენ, რომ მომდევნო წლისთვის, როდესაც ყველაზე მეტი ქვეყანა და ადამიანი ემზადება არჩევნებისთვის, მსოფლიო მოუმზადებელია ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი გავლენების თავიდან ასარიდებლად.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დიპფეიკები — ყალბი ვიდეოები, რომლითაც ცნობილი ადამიანების "კლონირება" ძალიან რეალისტურად არის შესაძლებელი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ გახდნენ ასეთი ვიდეოების მსხვერპლი.

  • Project Liberty-ს აღმასრულებელი დირექტორი მარტინა ლარკინი ამბობს, რომ 2024 წელს ასეთი მისინფორმაცია (არაზუსტი, ან მცდარი ინფორმაცია) უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
  • Project Liberty არის ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მსგავსი თემა : რა ხდება ჩვენს თავს როცა გვატყუებენ და როგორ აისახება ეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე

რა ზომებს იღებენ მთავრობები

სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები განიხილავენ, რა რეგულაციებში მოაქციონ ეს ტექნოლოგია.

  • ჯო ბაიდენმა ოქტომბერში წარადგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ვალდებულებას, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა შესაბამისი მიმანიშნებელი ლოგოთი ყოფილიყო მონიშნული.
  • ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირშიც, თუმცა ეს კანონები 2025 წლამდე ძალაში არ შევა. ბლოკში, მომავალ წელს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
  • გაერთიანებულ სამეფოში მთავრობა უფრო ფრთხილად უდგება რეგულაციებს, რადგან შიშობს, რომ ამან, შესაძლოა, ტექნოლოგიური ინოვაციები დააზიანოს.

///

ბრიტანელი ფაქტ ჩეკერები მოუწოდებენ მთავრობას, მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ყალბდება რეალობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რათა ადამიანებმა შეძლონ ყალბი ფოტოების ამოცნობა და ასევე, კრიტიკულად მიუდგნენ ინტერნეტში წაკითხულ ინფორმაციას.

ქვეყანამ შეიმუშავა ონლაინ უსაფრთხოების აქტი, რომელიც ავალდებულებს სოციალურ ქსელებს, იდენტიფიცირებისთანავე წაშალონ დეზინფორმაციული პოსტები და ასევე, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალა, საკუთარი პლატფორმებიდან.

ექსპერტები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალას შეიძლება ჰქონდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნებზე, ვიდრე სოციალურ მედიას.

როგორ დავიცვათ თავი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყალბი ინფორმაციისგან

კუნალ ანანდი, რომელიც, წლების წინ, დომინანტური სოციალური მედიის MySpace-ის უსაფრთხოებას მართავდა, ამბობს, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ბოტებისა და სოციალური მედიის ერთობლიობამ შეიძლება "დააჩქაროს ყალბი ნარატივების შექმნა“ ისე, როგორც არასდროს.

  • მისი თქმით, სოციალური მედიის პლატფორმებს აქვთ ვალდებულება, წაშალონ ყალბი ამბები, თუმცა მოუწოდებს ამომრჩევლებს, თვითონაც მზად იყვნენ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.

"იმისი გადამოწმება, რამდენად შეესაბამება რეალობას, რასაც ვკითხულობთ, ან ვუყურებთ, ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს", — თქვა მან.

ანანდი ამბობს, რომ დიპფეიკების გამოვლენა მარტივი არ არის, თუმცა თუ რაიმე საეჭვოდ გვეჩვენება, აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ სანდო წყაროებზე.

"თავად შეგიძლიათ მოსინჯოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მათ შორის — ფოტოებისა და ვიდეოების შესაქმნელად. ამ გზით უკეთესად მიხვდებით, რა არის ეს ინსტრუმენტები და როგორ მუშაობს", — თქვა მან.

მსგავსი თემა: როგორ ამოვიცნოთ ფოტოს მიხედვით ყალბი ამბავი