ჩვენთვის ცნობილ სიცოცხლის ფორმებს არსებობისთვის წყალი ესაჭიროებათ, ამიტომ ასტრონომები ისეთი ციური სხეულების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებზეც ეს უმნიშვნელოვანესი ნაერთი თხევადი ფორმით გვხვდება.

ის შესაძლოა, ციური სხეულის ზედაპირზე ვარსკვლავის მცხუნვარების წყალობით შენარჩუნდეს ან სიღრმეში განლაგებული ოკეანის სახით იყოს წარმოდგენილი, რასაც შიდა სითბო შეუწყობდა ხელს. ასეთი ბუნებრივი რეზერვუარები იუპიტერისა და სატურნის ყინულოვანი თანამგზავრების ყინულქვეშაც გვხვდება, ახლა კი მეცნიერებმა 17 ეგზოპლანეტა გამოავლინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე მახასიათებელს იზიარებს.

ფოტო: NASA

ამ ციური სხეულების ზუსტი შემადგენლობა უცნობია, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ ისინი დედამიწაზე ბევრად ცივი და ნაკლებად მკვრივია, თუმცა ზომა თითქმის ერთნაირია.

///

"ჩვენი ანალიზი პროგნოზირებს, რომ ამ 17 ეგზოპლანეტას შესაძლოა, ყინულით დაფარული ზედაპირი ჰქონდეს, მაგრამ ელემენტების რადიოაქტიური დაშლითა და მშობელ მნათობთა მოქცევითი ძალებით საკმარის სითბოს იღებდეს, რათა შიდა ოკეანეები შეინარჩუნოს", — აცხადებენ სპეციალისტები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: შეიძლება, ეს ობიექტები ვარსკვლავებისგან სათანადო სითბოს ვერ იღებდეს, მაგრამ მათ შიგნით მიმდინარე პროცესები ამ დანაკლისს ანაზღაურებდეს. მაგალითად, მნათობთან გრავიტაციული ურთიერთქმედებისას შიდა ქანების "გაწელვა" და შეკუმშვა სითბოს გამოყოფს, რაც ბირთვში მძიმე ელემენტების რადიოაქტიური დაშლისასაც ხდება.

"არაა გამორიცხული, შიდა სითბოს მეშვეობით ამ ყველა პლანეტაზე გეიზერებიდან ამოტყორცნილი ნაკადების სახით ყინულოვანი ვულკანების ამოფრქვევებიც ხდებოდეს", — ამბობენ ავტორები.

ეს დასკვნა იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრებზე, ევროპასა და ენცელადზე, გეიზერების აქტიურობას ეფუძნება. რაც შეეხება ზემოხსენებულ ეგზოპლანეტებს, მათგან განსაკუთრებით სარწმუნო კანდიდატებად პროქსიმა კენტავრ b-სა და LHS1140 b-ს ასახელებენ, რომელთა ოკეანეებიც შესაძლოა, ზედაპირთან უფრო ახლოს იყოს. ასევე, იქ ყინულოვანი ამოფრქვევებიც ხშირად უნდა ხდებოდეს, ამიტომ ტელესკოპებით მსგავსი გეოლოგიური მოვლენების დაფიქსირება მოსალოდნელია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.