მასიურ ვარსკვლავებში შესაძლოა, შავი ხვრელები იმალებოდეს — ჰიპოთეზა
მეცნიერები ახალ ჰიპოთეზას გვთავაზობენ: იქნებ მასიური ვარსკვლავების შიგნით მცირე ზომის შავი ხვრელები იმალებოდეს, როგორც ეს 1990-იანი წლების ჰიტში "Black Hole Sun" არის გაჟღერებული? ამ კითხვამ ასტრონომთა აზრით ექსპერიმენტს დაუდო საფუძველი.
"ვიფიქრე, სახალისო იქნებოდა ვარსკვლავში შავი ხვრელის მოთავსება და იმის ნახვა, თუ რა მოხდებოდა", — აცხადებს ასტროფიზიკოსი ერლ ბელინგერი.
მასა და მის გუნდს მიაჩნია, რომ შორეული მასიური მნათობების ზედაპირული ვიბრაციების გამოკვლევით შესაძლოა, მათში პოტენციურად არსებული შავი ხვრელები გამოვავლინოთ.
///
ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, მსგავსი ობიექტები სწორედ დიდი მასის მქონე ვარსკვლავების კოლაფსისას წარმოიქმნება. ასევე, სამყაროში უხვად უნდა იყოს ისეთი მცირე ზომის პირველადი შავი ხვრელები, რომლებითაც ბნელი მატერია აიხსნება, კოსმოსის მასის დიდ ნაწილზე პასუხისმგებელი უხილავი სუბსტანცია.
მეცნიერთა აზრითი ექსპერიმენტის თანახმად, ამგვარი შავი ხვრელების სიუხვის გამო ისინი შესაძლოა, ვარსკვლავთა წარმომქმნელ ნისლეულებშიც გვხვდებოდეს და საბოლოოდ, თავად მნათობების შიგნით ექცეოდეს. ასეთი ობიექტები ზედმეტად მკვრივი უნდა იყოს: წარმოიდგინეთ ასტეროიდი, რომელიც წყალბადის ატომის ზომამდეა შემჭიდროებული. ეს ვარსკვლავთა ბირთვში ამგვარი შავი ხვრელების გადაადგილებას შეუწყობდა ხელს.
გუნდი არ გამორიცხავს, რომ ისინი სტაბილურობით ხასიათდებოდეს. მათი თქმით, მსგავსი მომცრო ობიექტების მიერ მნათობის შთანთქმას ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება, იმაზე მეტი, ვიდრე თავად სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობაა.
ამის მიუხედავად, შედარებით მოზრდილმა შავმა ხვრელებმა შესაძლოა, ვარსკვლავები ასობით მილიონ წელში გაანადგუროს და ე.წ. ჰოკინგის ვარსკვლავებად გადააქციოს. ესაა ობიექტები, რომლებიც წყალბადის ბირთვული რეაქციების ნაცვლად შავი ხვრელების ძალაზეა დამოკიდებული.
ეს ჰიპოთეზა პოტენციურად ხსნის იმ ათასობით გრილი წითელი გიგანტი ვარსკვლავის არსებობასაც, რომლებიც აქამდეა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მოსაზრება ჯერ მხოლოდ სპეკულაციაა, რასაც მეცნიერებიც აღნიშნავენ.
ნაშრომი, რომელშიც ავტორთა ჰიპოთეზაა წარმოდგენილი, გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები