რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ამ პროცესის წამოწყება და ამაზე საუბარი — მაკო გომურის ოპ-ედი
20 ივნისის შემდეგ, ალბათ, ყველას, ვინც თვალს მადევნებდა ან ადევნებდა მიმდინარე პროცესებს, გახსოვთ, როგორი აქტიური ვიყავი:
დავდიოდი ეთერებში, ვსაუბრობდი, ხალხსაც მოვუწოდებდი აქტიურობისკენ და ვბრაზობდი იმ ადამიანებზე, ვინც თავს ვალდებულად არ თვლიდა, რაიმეზე პასუხისმგებლობა აეღო და გარშემო თუნდაც მინიმალური ცვლილება შეეტანა უკეთესობისკენ.
თუმცა, გადის პერიოდი და ვაცნობიერებ, რომ ნელ-ნელა მე ვხდები ზუსტად ის ადამიანი, რომელიც მოდუნდა, ნიჰილიზმიც შეეპარა, ვეღარ ხედავს მიზანს, რომ იყოს აქტიური, პასუხისმგებლობებსაც გაურბის და როგორც მოქალაქე მის როლს ვეღარ ხედავს საზოგადოებაში.
სიმართლე რომ გითხრათ, ეს რამ გამოიწვია, ზუსტად არ ვიცი. თუმცა არის რიგი მიზეზები იმისა, თუ რატომ მოვედი აქამდე — მაგალითად, ის, რომ გარშემო მუდმივად უსამართლობაა; ის, რისთვისაც ბრძოლას ვიწყებთ, ან შუა გზამდე მიდის, ან არ გვაცდიან ბოლომდე მივიყვანოთ, ან ჩვენ თვითონ გვავიწყდება, რომ პირობა გვაქვს დადებული რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სწორედ ასეთი პირობა დავდე 20 ივნისის შემდეგ, როდესაც ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ბოლო ადამიანი ვყოფილიყავი ამ ქვეყანაში, ვისაც მშვიდობიანი პროტესტის დროს ტყვიას სახეში ესროდნენ და სახესთან ერთად მთელ ცხოვრებასაც შეუცვლიდნენ და დამიჯერეთ, რომ ეს ასეა.
გადის დრო და იმდენად ვიკარგები ჩემს ყოველდღიურობაში, რუტინაში, რომ ჩემი პირობა მავიწყდება. ყოველი დღე უბრალოდ ბრძოლა ხდება PTSD-თან (*პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა), შესაბამისად, ძნელია სხვა რამეზე კონცენტრირება და ენერგიის დახარჯვა, შესაბამისად, ჩემი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებას ჩემით ვერ ვახერხებდი.
2021 წლის დეკემბერში შევიტანე პირველი სარჩელი სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას ეხება და რატომღაც 2 წელი გაიწელა. პირველი სხდომა მხოლოდ გასული თვის დასაწყისში ჩატარდა. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი საია-ში, ჩემს ადვოკატთან, როდესაც შემომთავაზა, ჩემი სახელით შეგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის შესახებ კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.
ამ თემაზე: რა შეიძლება შეცვალოს გომურის საკონსტიტუციო სარჩელმა აქციებისას საპოლიციო ნორმებში
თავდაპირველად ცოტა ვიყოყმანე, რადგან მეგონა, შეიძლებოდა ამას რამენაირად პრობლემა შეექმნა და დაებრკოლებინა ჩემ მიერ 2021 წელს შეტანილი სასამართლო სარჩელი, რადგან, ხომ იცით, ჩვენს მთავრობას დიდად გულზე არ ეხატებიან ადამიანები, ვინც ზედმეტ თავის ტკივილს უჩენს. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ ჭკუის სასწავლებლად 2 წლით გაწელილ პროცესს კიდევ უფრო გაწელავდნენ, მაგრამ მეორე წამს იყო იმის გაანალიზება გონებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ამ პროცესის წამოწყება, ამ სარჩელის შეტანა და შემდეგ ამაზე საუბარი.
სამწუხაროდ, ჩემი სურვილი, ვყოფილიყავი ბოლო, ვისაც ტყვიას ესროდნენ, არ გამართლდა და 7-8 მარტის აქციის მონაწილე ზაზა ბიღიაშვილმა დაკარგა მხედველობა. სწორედ ამის გახსენება და გაანალიზება იყო საკმარისი, რომ სარჩელის შეტანაზე დავთანხმდი. ახლა გეტყვით რატომ არის კიდევ მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ამის გაკეთება.
პირველი ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არავინ გააკეთებს თავისი სურვილით და ჩვენს წილ საბრძოლველს არავინ იბრძოლებს თავისი ნებით. ამის გააზრება ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ რამეზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეს სარჩელიც სწორედ მაგას ემსახურება. ძალიან დიდი ხანი გავატარე იმ ფაზაში, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლობას გავურბოდი, რაც საერთოდ არაა სწორი. თუ შეგვიძლია რომ მინიმალური გავაკეთოთ, თუნდაც შედეგი არ დადგეს ისეთი როგორიც გვინდა, უნდა ვცადოთ. ასეთი პატარა ნაბიჯებით და მცდელობებით მივდივართ რაღაც სასიკეთო ეტაპამდე.
შემდეგი — ეს არის კარგი იმისთვის, რომ არ შეიზღუდოს ჩვენი, როგორც მოქალაქეების ნების გამოხატვის თავისუფლება. მშვიდობიან აქციაზე წასვლის დროს არ გვქონდეს იმის შიში, რომ სახლში ერთი თვალით, გატეხილი ცხვირით ან თავით დავბრუნდებით და სახელმწიფოს აღარ ჰქონდეს ის დიდი იარაღი, რომელსაც დემონსტრანტების დასაშინებლად და დასაშლელად უმიზეზოდაც კი გამოიყენებს.
ბოლო არგუმენტი კი ქვეყნის ღირებულებები და მომავალია: განწირულია იმ ქვეყნის თავისუფალი მომავლის იდეა, სადაც საღ აზრს, პროტესტს, ტყვიებით იგერიებენ. სადაც თავისუფალ მედიასაც კი არ ერიდებიან და მათაც უშენენ ტყვიებს.
არ ვიცი, ამ სასამართლო რეჟიმში, რა შედეგით დამთავრდება ეს სარჩელი, თუმცა, არასდროს მექნება ის შეგრძნება, რომ მე ჩემი არ ვეცადე. სწორედ ეს მინდა იყოს მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას წაიკითხავს, რომ ძირეულ ცვლილებას ეგრევე, ერთი ნაბიჯით ვერავინ მოვახერხებთ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, ახლა. პატარა წინააღმდეგობებით, პროტესტებით და თუნდაც, იმით, რომ ოდნავ ხმამაღალი იყოს ჩვენი ხმა, იქნებ რამე გამოვიდეს.
კომენტარები