"დირექტორებისგან არალეგალური საარჩევნო შტაბის შექმნა სურთ" — პროტესტი სამინისტროსთან
"პროტესტის მეორე დღეს, ამინდის გარდა, არაფერი შეცვლილა. წვიმამ გვიწია და ნატა ფერაძემ, თავის აქტივისტებთან ერთად, კარავი მოგვიტანა, თუმცა, ღამით გავშალეთ და შიგნიდან დაგვისველდა," — ამბობს მაია ეკალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ის მეორე დღეა, განათლების სამინისტროსთან შიმშილობს, თუმცა, სამინისტროსგან უკუკავშირის გარეშე.
"გაგიკვირდებათ და შენობის საპირფარეშოთი სარგებლობაც კი არ შეგვიძლია. აი, აქ შევდივართ ხოლმე ტელეფონის დასატენად, როდესაც ძალიან გვჭირდება" — მიგვანიშნა სამინისტროს შენობის მოსაცდელისკენ — "უამინდობის მიუხედავადაც, არავინ მოსულა, არც წინააღმდეგობის გასაწევად და არც — დახმარების მიზნით".
მაია ეკალაძესთან ერთად, საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე კიდევ ორ მასწავლებელს — დავით ფერაძესა და გიორგი ამილახვარსაც ვესაუბრებით.
- ვიდრე პროტესტს მიმართავდნენ, სამივე მათგანი განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს შეხვდა 2023 წლის 4 დეკემბერს.
- პედაგოგები ამბობენ, რომ მინისტრისგან პასუხები ვერ მიიღეს: "შეხვედრაზე ამილახვარი ისევე გველაპარაკებოდა, როგორც ტელევიზიებიდან საუბრობს — ისევ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვები და მას შემდეგ, მასთან მეტი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენ, პროტესტის ეს ფორმა, წინასწარ არ დაგვიგეგმავს, ამ გარემოებამ გამოიწვია და აი, ვდგავართ აქ, უკვე ორი ღამეა, წვიმიან, ქარიან ამინდში და როგორც ხედავთ, არც სათანადოდ მოვმზადებულვართ", — ამბობს მაია ეკალაძე.
რა ხდება, რა არის პროტესტის მიზეზი და მოთხოვნები — მოკლედ:
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება.
▪ დღეისასთვის საქართველოს 1200-მდე საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ფუნქციას მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ.
▪ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის 8 ივნისის ბრძანების საფუძველზე, საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება მიენიჭა 593 კანდიდატს.
▪ სკოლის დირექტორების არჩევნები ჩატარდა 927 სკოლაში და მათ უმრავლესობაში სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, მიუხედავად მსურველთა რაოდენობისა.
▪ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკამყოფილება გამოიწვია როგორც დირექტორობის კანდიდატებში, ისე სკოლებსა და საგანმანათლებლო საზოგადოებაში.
პროტესტის მონაწილე მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსიდან უსამართლოდ დაბლოკეს. "დაბლოკვის" მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. მაია ეკალაძის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, პოლიტიკური დამოკიდებულებები იყოს, მათ შორის ისიც, რომ მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. ის იმასაც აღნიშნავს, რომ ეს შესარჩევი კონკურსების არასამართლიანად ჩატარების პირველი შემთხვევა არ არის და უკვე მრავალი წელია, ასე ხდება.
პროტესტის მონაწილე პედაგოგების მოთხოვნაა: დირექტორების დანიშვნა დისკრეციული წესით იმ სკოლებში, რომლებსაც ამ დრომდე, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.
- მაია ეკალაძის შიმშილობის მეორე დღეს, სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტის თაობაზე 19 საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადება ვრცელდება. [7 დეკემბრის განახლება: მოშიმშილე პედაგოგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, პროტესტი განაგრძო.]
რაში ხედავენ პროფესიული ჯგუფები გამოსავალს
ისინი, შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა და საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ:
- გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
- შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. დირექტორობის კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
- სასერტიფიკატო წერითი გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
- გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი (1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც), დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთ(ებ)ის არ არსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.
- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (სპეციალური კომისია), რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი; სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) ჩაატარებს გასაუბრებას და შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად.
"სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ", — აღნიშნავენ ორგანიზაციები და ასევე, მოითხოვენ,
6. სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება დაეკისროს საქართველობას მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
შესაძლო პოლიტიკური მოტივი
"ტაშის დამკვრელთა საზოგადოება არ აღმოვჩნდით და ამიტომ ასობით სკოლა დატოვეს სერტიფიცირებული დირექტორის გარეშე. სერტიფიკატი არ გვაღირსეს, იმის მიუხედავად, რომ 2014 წელს ის უკვე მივიღე. და არ შესუსტებულა ჩემი უნარები, პირიქით — გაიზარდა", — ამბობს მაია ეკალაძე, სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგი.
- პედაგოგთა მიმართ პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა სამართლიანი არჩევნები 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგისას.
"აღსანიშნავია, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან. ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც", — ვკითხულობთ ISFED-ის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში.
- "ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა ქვეყნის, არამედ მათი კონკრეტული მომავალი, რისთვისაც არალეგალურ საარჩევნო შტატებს ქმნიან სკოლებში; დირექტორები სჭირდებათ, როგორც არალეგალური შტაბის თავმჯდომარეები, რომლებიც იმუშავებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ", — გვითხრა კიდევ ერთმა დემონსტრანტმა პედაგოგმა, დავით ფერაძემ. ის არის დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატი და განათლების დამცველთა თავმჯდომარე.
დავა სასამართლოში
საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე კონკურსანტების ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნები იცავს.
ორგანიზაციის მიხედვით, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები იკვეთება, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის:
- რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
- გასაუბრების ოქმების ნაწილში ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს;
- მოწოდებული გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები;
- დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები;
- მათი განცხადებით, კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები.
- სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატები შეფასდნენ 6 კრიტერიუმით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის, თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია.
- ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ აღნიშნული კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;
- გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე.
- გასაუბრება, ძირითადად, 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.
"არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე, რითაც უგულვებელყოფილია სასკოლო განათლების პროცესის გაჯანსაღების ინტერესი", — განაცხადა ISFED-მა 2023 წლის ივლისში.
ამინდის პროგნოზით, თბილისში ხვალაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის მიუხედავად, პედაგოგები სამინისტროს შენობასთან რჩებიან, მათგან ერთი — მოშიმშილე.
კომენტარები