ახალი აღმოჩენის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში რკინის ხანის დასაწყისი ბოლნისთან არის დაკავშირებული
როგორ დაიწყო რკინის ხანა სამხრეთ კავკასიაში — ახალი აღმოჩენის თანახმად, ეს ბოლნისთანაა დაკავშირებული.
ფოტო: Getty Images
რკინის ხანა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა. მეცნიერებს ოდითგანვე აინტერესებდათ, როგორ დატოვა ადამიანმა ბრინჯაოს ხანა და როდის შეაბიჯა რკინის ხანაში. რაც ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, ამის კვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტში (სოფელ ქვემო ბოლნისში) მიაგნეს და ეს 3 000 წლის წინანდელ სადნობ სახელოსნოსთან არის დაკავშირებული.
ეს ძეგლი ადრეც შეისწავლეს, მაგრამ ბრიტანელ ანთროპოლოგებს, ნათანიელ ერბ-სატულომსა და ბობი კლიმჩუკმს, მტკიცებულებების ახლებურად გადახედვა სურდათ.
ადგილზე აღმოჩენილი ჰემატიტისა (რკინის ოქსიდის მინერალი) და დნობის ნარჩენი პროდუქტების გამო მიიჩნეოდა, რომ აქ რკინას აწარმოებდნენ.
და, აი, ახლა ქიმიური ანალიზის ტექნიკისა და მიკროსკოპული გამოსახულების გამოყენებით, მკვლევრები ახალ დასკვნამდე მივიდნენ: რკინის ოქსიდი სინამდვილეში ფლუსად გამოიყენებოდა — ესაა ნივთიერება, რომელსაც დნობისას ღუმელში უმატებდნენ, ამ შემთხვევაში, სპილენძის წარმოების გასაუმჯობესებლად.
ეს კი იმაზე უთითებს, რომ რკინა სპილენძის დნობის ქარხნებში ექსპერიმენტების შედეგად აღმოაჩინეს და არა ცალკე. ეს ისეთი ჰიპოთეზაა, რომლის დასადასტურებლადაც ბევრი პირდაპირი მტკიცებულება აქამდე არ არსებობდა.
"ეს სპილენძის დნობის პროცესში რკინის განზრახ გამოყენების მტკიცებულებაა. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რკინის მდნობლები რკინის ოქსიდზე ინფორმირებულები იყვნენ. ისინი მას საბოლოოდ როგორც მადანს ისე გამოიყენებდნენ, რკინის მასალის ცალკე დნობისთვის. მისი ამ ადგილას გამოყენება უთითებს, რომ სპილენძზე მომუშავეთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები გადამწყვეტი იქნებოდა რკინის შემუშავებისთვის", — აღნიშნა ერბ-სატულოსმა.
ქვემო ბოლნისი დღეს.
ფოტო: Cranfield University
რკინის ხანა დაახლოებით 700 წელი გაგრძელდა. ის კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რყევების მომტანი იყო. სწორედ ამ დროს სოფლის მეურნეობა ეფექტიანი გახდა, ხოლო ბრძოლებმა კიდევ უფრო სასტიკი ფორმა მიიღო, რადგან ახლა იარაღი მყარი და გამძლე ლითონისგან მზადდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ადგილია და რკინის წარმოება, სავარაუდოდ, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად განვითარდა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ის ფაქტი, რომ რკინის შემცველი მინერალები ხშირად იმავე ადგილებში გვხვდება, სადაც სპილენძის საბადოებია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სპილენძის დნობის პროცესები რკინის ელემენტებსაც მოიცავდა.
"რკინა უმთავრესი ინდუსტრიული ლითონია, მაგრამ წერილობითი ჩანაწერების ნაკლებობა და რკინის დაჟანგვისკენ მიდრეკილება მისი წარმოების კვლევას ართულებს. სწორედ ამიტომ არის ქვემო ბოლნისის ძეგლი ასეთი მნიშვნელოვანი", — თქვა ერბ-სატულოსმა.
ჰემატიტი მიკროსკოპის ქვეშ მოათავსეს, რათა ენახათ, როგორ დამუშავდებოდა იგი.
ფოტო: Erb-Satullo & Klymchuk, J. Archaeol. Sci.
ისტორიულად ეს საინტერესო პერიოდია, რომელიც მუდმივად გადაფასების პროცესშია. საუკუნეებს შორის გარდამავალი პერიოდის განხილვისას ასევე გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორების მთელი რიგი, მათ შორის მიწოდების მარშრუტები, სავაჭრო გარიგებები და პოლიტიკური არეულობა.
კვლევისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები მუდმივად უმჯობესდება, რაც არქეოლოგიურ ძეგლებთან მიბრუნების სურვილს აჩენს. ამის კარგი მაგალითია ქვემო ბოლნისი, რომელმაც ახალი საიდუმლოებები პირველი აღმოჩენიდან ათწლეულების შემდეგ ახლა გაგვიმხილა.
კვლევა ჟურნალ Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები