ამ "უცნაურ მეტალში" ელექტრობა სითხის მსგავსად გადის — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
მეცნიერებმა იტერბიუმის, როდიუმისა და სილიციუმის გამოყენებით ნანო მასშტაბის მავთულები, ნანომავთულები, შექმნეს. აღნიშნული ელემენტები 1:2:2 თანაფარდობით გამოიყენეს — YbRh2Si2. მავთულები უჩვეულო ფაზაშია. ამ ფაზაში მყოფ მასალებს "უცნაურ მეტალებს" უწოდებენ და მათ უჩვეულო ქცევა ახასიათებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ მასალაში ელექტრობა ჩვეულებრივად არ გადის.
ასევე იხილეთ: "უცნაური მეტალი" იტერბიუმი გამა-დასხივების შემდეგ უჩვეულო მახასიათებელს ავლენს — რას ნიშნავს ეს
სახლში არსებულ კაბელებსა თუ ტექნიკაში ელექტროენერგია ელექტრონების მეშვეობით გადაიცემა, როცა ამის საჭიროება დგება. გადაცემა ნებისმიერმა დამუხტულმა ნაწილაკმა შეიძლება განახორციელოს; მეტიც, ზოგჯერ ისეთმა ნაწილაკმაც კი, რომელიც ნაწილაკს ჰგავს და მის მსგავსად იქცევა, თუმცა რეალურად ნაწილაკი არაა — კვაზინაწილაკია. თუკი რაიმეს განსხვავებული მუხტი აქვს და იგი გამტარში გადაადგილდება, მაშინ ელექტრობაც გადის.
ამ უცნაური მეტალის მახასიათებლები მეტად კომპლექსურ ქცევაზე მიუთითებს. მყარ მასალებში მუხტის მატარებელი კვაზინაწილაკები "გასროლის ხმაურს" წარმოქმნის. YbRh2Si2-ის ნანომავთულების შემთხვევაში ეს ხმაური ბევრად მცირეა, ვიდრე ოქროს ნანომავთულების მიერ წარმოქმნილი, ანდა კვაზინაწილაკთა სისტემისთვის მოსალოდნელზე ნაკლები. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტრობა მასში სითხის მაგვარი მოძრაობით გადის.
"გასროლის ხმაურის გაზომვა არსებითად იმის დანახვის გზაა, თუ რამდენად გრანულირებულია მუხტი რაიმეში გავლისას", — განაცხადა დაგ ნათელსონმა, კვლევის თანაავტორმა — "ჩვეულებრივი მავთულებისგან განსხვავებით, ხმაური რადიკალურად შემცირებულია. შესაძლოა, ეს იმის მტკიცებულება იყოს, რომ კვაზინაწილაკების თემა კარგად გამოკვლეული არაა ან ისინი უბრალოდ არ არსებობს; ამასთანავე, იმისაც, რომ მუხტის მოძრაობა მოსალოდნელზე კომპლექსურია. სწორი ლექსიკონი უნდა ვიპოვოთ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეუძლია მუხტს კოლექტიურად გადაადგილება".
სავარაუდოდ, ამ მასალის ქცევის მსგავსს სხვაგანაც ვიხილავთ. მკვლევართათვის ძალიან საინტერესოა ის, თუ როგორ მიედინება ელექტრობა სხვადასხვა ტიპის მასალაში და რა შესაძლო კავშირები არსებობს ამ კუთხით; ცდილობენ იმის გაგებასაც, თუ რა საკითხებში შეიძლება მათი გამოყენება, თუ უფრო მნიშვნელოვან მიგნებებამდე მივლენ.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები