საუკუნეების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ოქრო ინვესტირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ამჟამადაც, როცა ეკონომიკაში რყევებია და ბაზარს ინფლაცია ებრძვის ზოგიერთი ინვესტორისთვის ოქრო შესანიშნავი თავშესაფარია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოქროს არაერთი ისეთი თვისება ახასიათებს, რომელთა გამოც მას სხვა საინვესტიციო პროდუქტებზე უპირატესად თვლიან. ამ სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ოქროში ფულის დაბანდების გზებზე მოგიყვებით.

1. ოქრო, როგორც ხელშესახები ნივთი

ფოტო: Pixabay / Pexels

ოქროს ფლობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა მისი მონეტების ან სხვა ფიზიკური სახით შეძენაა. ხელშესახები აქტივის ქონა, რა თქმა უნდა, უპირატესობაა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს მისი შენახვისა და დაცვის საკითხები უნდა გავითვალისწინოთ.

ოქროს შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა გზით — ონლაინ დილერის მეშვეობით (APMEX, JM Bullion და სხვა.), ან თუნდაც ადგილობრივი გამყიდველისა და კოლექციონერისგან. ამასთან, ოქროს მარტივად იყიდით შესაბამის ბირჟებზეც.

აქვე გეტვით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20-გრამიანი და 1-კილოგრამიანი ნომინალის იქნება და მათი გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.

ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ. 20-გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი.

2. ETF-ები, რომლებიც ოქროს ფლობენ

ფოტო: Pixabay / Pexels

თუ ფიზიკურად ოქროს ფლობა არ გსურს, ამის ალტერნატივად ეგრეთ წოდებული გაცვლით-სავაჭრო ფონდებში ინვესტირება შეგიძლია განიხილო. ასეთი ფონდებია: SPDR Gold Shares (GLD), iShares Gold Trust (IAU) და abrdn Physical Gold Shares ETF (SGOL).

მსგავსი ფონდების უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ისინი მარტივად ლიკვიდურები არიან — ანუ ამ აქტივის ფულად გარდაქმნა რთული არ არის. აქციებით ვაჭრობა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, როდესაც ბაზარი ღიაა. ამასთან, ვაჭრობის წამოწყება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია, რაც ზოგიერთი ინვესტორისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს.

3. ოქროს მომპოვებელ კომპანიებში ინვესტირება

ფოტო: Tom Fisk / Pexels

ამ სექტორში ინვესტირების კიდევ ერთი გზა ოქროს მომპოვებელ კომპანიებში ფულის ჩადებაა. ამ შემთხვევის მთავარი უპირატესობა ფულის გამომუშავების ორი გზაა: შენი შემოსავალი იზრდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება და მაშინაც, როდესაც კომპანია მოპოვებული ოქროს რაოდენობას ზრდის.

რა თქმა უნდა, რისკების გათვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სახის ინვესტირებამდე საფუძვლიანი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი. უნდა განსაზღვრო, რომელი კომპანიაა შენი მიზნებისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი და ფული სწორედ იქ დააბანდო, რომელიც მოგებას მოგიტანს.


გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ოქროში ინვესტირების კიდევ რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითისთვის: ოქროს ფიუჩერსებისა და სერტიფიკატების ყიდვა, ან ფულის ისეთ ფონდებში დაბანდება, რომლებიც ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციებს ყიდულობენ.

ფიუჩერსებში ინვესტირების უპირატესობა ის არის, რომ შედარებით მცირე თანხითაც შესაძლებელია დიდი რაოდენობის ფასიანი ქაღალდის ქონა. იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი სწრაფად გაიზრდება, შენი ქონება სწრაფადვე დაიწყებს ზრდას.

ფაქტია, რომ ოქრო ერთ-ერთი უძველესი აქტივია, რომელზე იმედებსაც ჯერ კიდევ უამრავი წლის წინ ამყარებდნენ. ისიც ფაქტია, რომ ოქრო თანამედროვე ინვესტორებისთვისაც არ კარგავს აქტუალურობას და საინვესტიციო სამყაროში მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

მეტიც, ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ანალიტიკოსები გირჩევენ, რომ თუ ფულის დაზოგვას აპირებ, უმჯობესი იქნებოდა, სხვა საინვესტიციო აქტივებთან ერთად ოქროთიც დაინტერესდე.