ნახეთ: როგორ ცეკვავენ ჰუმანოიდი რობოტები
კომპანია Fourier Intelligence-მა GR-1 ტიპის ჰუმანოიდი რობოტების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თითოეული მათგანი სხვადასხვა მოძრაობას ასრულებს, თითქოს, ცეკვავს.
კადრებში ვხედავთ, რომ მოწყობილობები მექანიკური მკლავების, ხელებისა და თითების მოქნილობითაა გამორჩეული. ასევე, ვიდეოში დემონსტრირებულია რობოტების ნახევრად ჩაკუზვის, წელით შემობრუნებისა და სიარულის შესაძლებლობებიც.
თავად იხილეთ:
ინჟინრების შრომის წყალობით, GR-1 საკმაოდ ფუნქციურია. მასში ვხვდებით თეძოს აქტუატორს, რომელიც სათანადო ძალვის მეშვეობით 50 კილოგრამის აწევის საშუალებას აძლევს. ეს ამგვარი რობოტისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და მის, როგორც ხანდაზმულთა მომვლელის, შესაძლებლობებს გამოკვეთს. კერძოდ, მოწყობილობას არ გაუჭირდება, რომ, მაგალითად, პაციენტს საწოლიდან წამოდგომაში დაეხმაროს.
Fourier Intelligence გეგმავს, რომ ამ წლის ბოლოსთვის 100 რობოტი ბაზური შესაძლებლობების მქონე, ტექნიკურ-სისტემური პლატფორმების სახით შექმნას. ეს ერთეულები სპეციალურ ლაბორატორიებში გაიგზავნება, სადაც მათ ფუნქციებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის გააუმჯობესებენ.
პირველად ეს მოდელი კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე წელს წარადგინა. თავად პროექტი 2019-ში ჩაეშვა, რათა ჩინეთში პაციენტთა და ხანდაზმულთა დამხმარეების მზარდი მოთხოვნისთვის ეპასუხა.
"GR-1 შეიძლება იყოს მომვლელი, თერაპიისას დამხმარე და სახლში კომპანიონი იმ ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც მარტო ცხოვრობენ", — აცხადებენ Fourier Intelligence-ში.
უკანასკნელი ვიდეო ცხადყოფს იმასაც, რომ ეს რობოტი შესაძლოა, გართობის მიზნითაც გამოვიყენოთ.
კომენტარები