ეგზოპლანეტებზე სიცოცხლე შესაძლოა, კომეტებიდან გავრცელებულიყო
სიცოცხლის საწყისების საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები უკვე დიდი ხანია, ცდილობენ. დედამიწაზე მის გაჩენასთან დაკავშირებით ორი თეორიაა გავრცელებული. პირველის თანახმად ამას პლანეტის პირველად მატერიას უნდა ვუმადლოდეთ, მეორის მიხედვით კი საჭირო მოლეკულები აქ კოსმოსიდან მოხვდა.
იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება მზის სისტემის მიღმაც ყველაფერი სწორედ უკანასკნელი სცენარით წარმართულიყო, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მოდელირებამ აჩვენა, რომ არაა გამორიცხული, აღნიშნულ პროცესში უდიდესი წვლილი კომეტებს შეესრულებინა, რომლებიც საკმარისად ნელა გადაადგილდებოდა, რათა სიცოცხლის "საშენი მასალა" არ განადგურებულიყო.
ბოლო ათწლეულებში დადასტურდა, რომ ზოგიერთი კომეტა და ასტეროიდი სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭირო მოლეკულებს შეიცავს, მათ შორის ამინომჟავებს, ვიტამინებსა და წყალბადის ციანიდს.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ კომეტებმა შესაძლოა, მსგავსი მატერია ერთი ადგილიდან მეორემდე დაუზიანებლად "ამგზავროს", თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ 15კმ/წმ ან ნაკლები სიჩქარით იმოძრავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოხსენებული ორგანული მასალა ატმოსფეროში შესვლისას სითბოს ვერ გაუძლებს და დაიწვება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კომეტების მიერ მსგავსი მოლეკულების გასავრცელებლად საუკეთესო ადგილი ისეთი სისტემებია, რომლებშიც პლანეტები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. იქ ეს კოსმოსური ობიექტები ციური სხეულების ორბიტებზე ბილიარდის ბურთივით აქეთ-იქით იმოძრავებს, რა დროსაც სიჩქარეს შეანელებს და ატმოსფეროში ნელა შევა. თან შეიტანს სიცოცხლის წარმომქმნელ მასალასაც, რომელიც ამ პროცესში არ განადგურდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დიდი დისტანციების მქონე სისტემებში ეს ნაკლებად სავარაუდოა. ახალი სიმულაციები, პოტენციურად, არამიწიერი სიცოცხლის ძიებაშიც დაგვეხმარება.
"ამაღელვებელია, რომ შეგვიძლია დავიწყოთ ისეთი სისტემების იდენტიფიცირება, რომლებზეც სიცოცხლის წარმოქმნის სხვადასხვა სცენარს გამოვცდით. ეს გასაოცარი დროა, რადგან საშუალება გვაქვს, ასტრონომიისა და ქიმიის მიღწევები გავაერთიანოთ, რათა ყველაზე ფუნდამენტური საკითხები გამოვიკვლიოთ", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society A გამოქვეყნდა.
კომენტარები