AI-ს მიერ შექმნილი თეთრკანიანთა სახეები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ნამდვილი სახეები — კვლევა
კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი თეთრკანიანთა სახეები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ნამდვილი სახეები.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული სახეები უფრო ხშირად რეალურები ჰგონიათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაში ფოტოზე გამოსახული ადამიანის რასა თამაშობს დიდ როლს.
კვლევის მიგნებები იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ AI-ს მიერ შექმნილი სახეების რეალურისგან გარჩევა თანდათან უფრო რთულდება. ნაშრომი ჟურნალში Psychological Science გამოქვეყნდა.
ასევე იხილეთ: როგორ მივხვდეთ, რომ ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა — 5 ნიშანი
მეცნიერთა გუნდმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთის ფარგლებში 124 მონაწილეს 100 AI-ს მიერ გენერირებული და 100 რეალური ადამიანის ფოტო აჩვენეს. მეორე ექსპერიმენტში 600 ცდისპირს AI-ს მიერ გენერირებული და ნამდვილი სახეები ისე აჩვენეს, რომ არ გაუმჟღავნებიათ, რომელი რომელი იყო; შემდეგ მათ სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით სახეების ადამიანურობის შეფასება სთხოვეს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ექსპერიმენტში მხოლოდ თეთრკანიანები მონაწილეობდნენ; თეთრკანიან ადამიანებს ეკუთვნოდათ ის სახეებიც, რომლებიც მათ აჩვენეს.
მკვლევართა ახსნით, ამ მიდგომის მიზანი ის იყო, რომ ადამიანურობისა და განსხვავებული რასების აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები აერიდებინათ თავიდან. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, კვლევიდან სხვა რასის ადამიანების გამორიცხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზი იყოს.
"ჰიპერრეალურობის" ეფექტი (ასე უწოდეს მეცნიერებმა შემჩნეულ მოვლენას), როგორც ჩანს, ყველაზე გამოკვეთილად AI-ს მიერ გენერირებული თეთრკანიანი სახეების ხილვისას იჩენს თავს. ამ დროს ადამიანებს ხელოვნური სურათების 66% შეცდომით ეგონათ რეალური. მათ რეალურ ადამიანთა სახეების მხოლოდ 51% მონიშნეს სწორად.
ნაშრომში მეცნიერებმა წარსულში ჩატარებული კვლევის შედეგებსაც გაუსვეს ხაზი — AI-ს მიერ გენერირებულ არათეთრკანიან ადამიანთა სახეებს მონაწილეები დაახლოებით იმავე სიხშირით აღიქვამდნენ რეალურად, რა სიხშირითაც — არათეთრკანიანი რასის ნამდვილ ადამიანთა სახეებს.
სხვაგვარად რომ თქვათ, ორივე შემთხვევაში მონაწილეები დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში ადგენდნენ სწორად, არათეთრკანიანის სახე ნამდვილ ადამიანს ეკუთვნოდა თუ AI-ს მიერ იყო გენერირებული.
AI-ს მიერ გენერირებული თეთრკანიანი სახეების ხილვისას ჰიპერრეალურობის ეფექტი სხვა კვლევაშიც დაფიქსირდა. იგი მონაწილეთა რასის განურჩევლად შეიმჩნეოდა.
მკვლევართა ვარაუდით, AI სურათების გენერატორები არათეთრკანიანთა სახეებს ისეთივე რეალიზმით იმიტომ ვერ აგენერირებს, რომ საწვრთნელ მონაცემებში თეთრკანიანების ფოტოები ჭარბობს. მეორე მხრივ, მონაცემებიდან არც თეთრკანიანთა სრულად ამოღება იქნება გონივრული გამოსავალი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერებმა შეძლეს და მანქანური დასწავლის მოდელი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, რეალური ფოტოები AI-ს მიერ გენერირებულისგან 94%-იანი სიზუსტით განასხვაოს. ეს ადამიანების სიზუსტეს მნიშვნელოვნად აღემატება.
კომენტარები