გამოავლინეს 4 სახიფათო Android აპლიკაცია — იხილეთ ჩამონათვალი და დაუყოვნებლივ წაშალეთ
აპლიკაციები მომხმარებლებს რეკლამებს აჩვენებს და ისე ინიღბება, რომ "დაინფიცირებულ" მოწყობილობებში ზოგჯერ არც კი ჩანს.
მოხსენების თანახმად, Doctor Web-ის ანალიტიკოსებმა Google Play-ზე რამდენიმე საზიანო პროგრამა გამოავლინეს. ისინი ჯამში 2 მილიონზე მეტჯერ გადმოწერეს. აპლიკაციები მომხმარებლებს რეკლამებს აჩვენებს და ისე ინიღბება, რომ "დაინფიცირებულ" მოწყობილობებში ზოგჯერ არც კი ჩანს.
ასეთი პროგრამებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ოთხი რეკლამიანი პროგრამა (HiddenAds), რომლებიც თამაშებადაა გასაღებული და ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს. ესენია:
- Super Skibydi Killer — მილიონი გადმოწერა;
- Agent Shooter — 500 ათასი გადმოწერა;
- Rainbow Stretch — 50 ათასი გადმოწერა;
- Rubber Punch 3D — 500 ათასი გადმოწერა.
Dr. Web-ის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ აპლიკაციებს გადმოვწერთ, მათი ხატულები იცვლება. ისინი ან თავად Google Chrome-ის სახეს იღებს, ანდა გამჭვირვალე ხდება და საერთოდ არ ჩანს. შესაბამისად, მობილურში მათი შემჩნევა არც ისე მარტივია.
ეს პროგრამები გადმოწერის შემდეგ ფარულად მუშაობს ფონურ რეჟიმში, ბრაუზერს რეკლამებს აშვებინებს და ოპერატორებისათვის მოგება მოაქვს.
ამას გარდა, Dr. Web-მა რამდენიმე ისეთი თამაშიც გამოავლინა, რომლებიც ონლაინ კაზინოს ვებსაიტებს ხსნიდა. აღნიშნული ქმედება Google Play-ს წესებს არღვევს.
რამდენიმე ასეთი აპლიკაციაა:
- Eternal Maze (Yana Pospyelova) — 50 ათასი გადმოწერა;
- Jungle Jewels (Vaibhav Wable) — 10 ათასი გადმოწერა;
- Stellar Secrets (Pepperstocks) — 10 ათასი გადმოწერა;
- Fire Fruits (Sandr Sevill) — 10 ათასი გადმოწერა;
- Cowboy's Frontier (Precipice Game Studios) — 10 ათასი გადმოწერა;
- Enchanted Elixir (Acomadyi) — 10 ათასი გადმოწერა.
გამოვლენილია Joker ოჯახის აპლიკაციებიც, რომლებიც მოტყუებით უბიძგებს მომხმარებლებს, ფასიანი სერვისები შეიძინონ:
- Love Emoji Messenger (Korsinka Vimoipan) — 50 ათასი გადმოწერა;
- Beauty Wallpaper HD (fm0989184) — ათასი გადმოწერა.
Google Play-ზე უკვე ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აპლიკაცია გაუქმებულია. თუკი უკვე გადმოწერილი გქონდათ, უმჯობესია, ისინი დაუყოვნებლივ წაშალოთ. ამის შემდეგ მობილური Play Protect-ისა და მობილურის ანტივირუსის გამოყენებით დაასკანერეთ, რათა შესაძლო საფრთხეებისგან დაიცვათ თავი.
Google Play-დან რომ შემთხვევით საზიანო აპლიკაციები არ გადმოწეროთ, რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ: მინიმალური რაოდენობის აპლიკაცია ჩამოტვირთეთ, ყურადღებით გაეცანით მომხმარებელთა მიმოხილვებს და გადაამოწმეთ, რამდენად სანდოა აპლიკაციის შემქმნელი.
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები