ენის მიხედვით ნამდვილად შესაძლებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ. ენაზე დაკვირვების პრაქტიკას 2000 წლის წინაც მიმართავდნენ ჩინელი ექიმბაშები, თუმცა ტექნიკის გამოყენება ამჯერად კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებმა გადაწყვიტეს მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით.

ენით დიაგნოსტირების სისტემები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რადგან მსოფლიოს გარშემო ჯანმრთელობის დისტანციური მონიტორინგი მოხშირდა. ერაყელი და ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ დაავადებების ამოცნობის კუთხით ტექნოლოგიის სიზუსტე მატულობს. მათ მიმოხილვას ჟურნალში AIP Conference Proceedings გაეცნობით.

ინჟინრებმა USB ვებკამერა და კომპიუტერი გამოიყენეს, რათა 50 ადამიანის ენა სურათებზე აღებეჭდათ. ამ პაციენტებს დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და ანემია ჰქონდათ. მკვლევრებმა ენის ფერები 9 ათას სხვა სურათს შეადარეს, რომლებიც ბაზაში ჰქონდათ.

შემდეგ სურათის დამუშავების ტექნიკები გამოიყენეს და შემთხვევათა 94%-ში სწორი დიაგნოზები დასვეს ლაბორატორიულ შედეგებთან შედარებით. ბოლოს ენის ფერი და შესაბამისი დაავადება შეტყობინების სახით გაუგზავნეს პაციენტს ან მის ექიმს.

ტრადიციულ მედიცინაში ხშირად აკვირდებიან ენას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნება მიიღონ. ეს შეიძლება იყოს დიაბეტთან ან თირკმლის, მომნელებელი სისტემის, ცირკულაციური სისტემისა თუ გულის პრობლემებთან დაკავშირებით. მკვლევართა თქმით, ახალი მეთოდები ენაზე დისტანციურად დაკვირვებას მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და სმარტფონების გამოყენებით.

"ენის კომპიუტერიზებული ანალიზი უაღრესად ზუსტია და, შესაძლოა, დაგვეხმაროს, დაავადების დიაგნოზი დისტანციურად დავსვათ უსაფრთხოდ, ეფექტურად, მარტივად, უმტკივნეულოდ და ნაკლები ხარჯებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური კოვიდპანდემიიდან გამოსვლის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ჯანდაცვის ცენტრებზე წვდომა შეზღუდული შეიძლება იყოს", — აცხადებენ მკვლევრები.

დიაბეტის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, ყვითელი ენა აქვთ; კიბოს მქონეებს — იისფერი ენა სქელი გაქონილი გარსით, ხოლო მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებს კი წითელი ენა აქვთ, რომელიც ხშირად გამრუდებულია.

2022 წელს უკრაინაში კოვიდის მქონე 135 პაციენტის ენის სურათები გააანალიზეს. კვლევის თანახმად, მსუბუქი ინფექციის მქონე პირთა 64%-ს ღია ვარდისფერი ენა ჰქონდა; ზომიერ ავადმყოფთა 62%-ს — წითელი; კოვიდის მძიმე შემთხვევებში პაციენტთა 99%-ს მუქი წითელი ენა ჰქონდა.

სხვა კვლევებით, რომლებიც ასევე ენის დიაგნოსტიკური სისტემების გამოყენებით ჩატარდა, მეცნიერებმა ზუსტად ამოიცნეს აპენდიციტი, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

"შესაძლებელია, 80%-იანი სიზუსტით დაისვას იმ 10 დაავადების დიაგნოზი, რომლებიც ენის ფერის შესამჩნევ ცვლილებას იწვევს. ჩვენი კვლევის ფარგლებში 94%-იან სიზუსტეს მივაღწიეთ სამი დაავადების შემთხვევაში, ამიტომ არსებობს პოტენციალი, რომ ეს კვლევა კიდევაც დაიხვეწოს", — აცხადებს ასოცირებული პროფესორი ალ-ნაჯი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.