როდის და რატომ დაიწყეს ადამიანებმა ცხედრების დამარხვა?
თითქმის ყველა კულტურაში დაღუპულ ადამიანებს პატივის მიგების სახით კრძალავდნენ. ცერემონიები, რომლებიც თან ახლავს ამ რიტუალს, გაჯერებულია ისტორიითა და ტრადიციით. რიგ შემთხვევებში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ როდის დაიწყეს ადამიანებმა ახლობლების დამარხვა პირველად და რატომ?
ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან ბუნებრივია ყველა სამარხი შემონახული ვერ იქნება, მაგრამ გვაქვს საინტერესო აღმოჩენებიც. სამარხების ყველაზე ადრეული მტკიცებულებები შუა პალეოლითზე მიუთითებს (დაახლოებით 300 000-დან 30 000 წლამდე).
"უძველესი სამარხები მინიმუმ 120 000 წლისაა და შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ამ დროს ადამიანებს გამიზნულად მარხავდნენ", — განუცხადა Live Science-ს არიზონას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორმა მერი სტინერმა.
სტინერი არ გამორიცხავს, რომ სულ მალე კიდევ უფრო ძველი სამარხები აღმოვაჩინოთ. მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ადამიანების (ჰომო საპიენსი) დაკრძალვის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები შუა პალეოლითთზე მოდის.
არსებობს საკამათო კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ ადამიანები თავის ახლობლებს 300 000 წლის წინაც მარხავდნენ. საუბარია სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, თუმცა ამაზე მეცნიერები ჯერ არ შეთანხმებულან.
ასევე: როგორ მარხავდნენ მკვდრებს ქვის ხანაში — კვლევა
ადამიანთა ეს გადაშენებული სახეობა დაღუპულთა გვამებს ჩვენამდე ბევრად ადრე მარხავდა — კვლევა
თანამედროვე ადამიანის უძველესი სამარხები ისრაელის ტერიტორიაზე, გამოქვაბულებშია აღმოჩენილი. საუბარია ქაფზეს მღვიმეზე. ავსტრალიის მუზეუმის თანახმად, ასევე არსებობს მტკიცებულებები იმავე გამოქვაბულებში ნეანდერტალელთა სამარხების შესახებ, რომლებიც 115 000 წლით თარიღდება.
სტინერმა აღნიშნა, რომ უძველესი ადამიანები დაღუპულების დასაკრძალად ხშირად გამოქვაბულებს იყენებდნენ.
მკვლევრები, როგორიცაა სტინერი, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ადრეული ნამარხები ნამდვილად დაკრძალვის დამადასტურებელია. მათი თქმით, ადამიანები თავიანთ დაღუპულებს მიზანმიმართულად ოდითგანვე მარხავდნენ.
"ფაქტია, ორმოები შეგნებულად არის გათხრილი. როგორც ჩანს, ამას ადამიანები შეგნებულად აკეთებდნენ და ასე თავიანთ ახლობლების სხეულებს კრძალავდნენ", — თქვა სტინერმა.
თუმცა, დაკრძალვის, როგორც ფენომენის წარმომავლობა ბოლომდე გაგებული მაინც არ არის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რატომ უნდა დაეწყოთ ადამიანებს დაღუპულების დამარხვა.
"ადამიანებს, ისევე როგორც სხვა ცხოველებს თანდაყოლილი ზიზღი აქვთ გახრწნის მიმართ. ეს ევოლუციური ფენომენია და ის ჩვენშია გამჯდარი. ამიტომ, შეიძლება ადამიანებმა მკვდრების დამარხვა თავიდან ამის გამო დაიწყეს — მათ არ სურდათ ენახათ თუ როგორ იხრწნებოდა სხეული", — უთხრა Live Science-ს ტრიშ ბიერსმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ადამიანის ევოლუციური კვლევების ცენტრის ლაბორატორიის კურატორმა.
ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანები პირველად გვამებს "თავიდან მოსაშორებლად" მარხავდნენ და საბოლოოდ ამან რიტუალური ფორმა მიიღო.
მკვლევრების აზრით, ადამიანების მიერ დაღუპულების დაკრძალვის მეთოდები დამოკიდებული იქნებოდა მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის გარემოსა და იმ მასალებზე რაზეც ამ უკანასკნელებს გააჩნდათ წვდომა.
რაც შეეხება კრემაციას, მსგავსი შემთხვევის უძველესი მტკიცებულება 40 000 წლით თარიღდება.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მომავალი კვლევები კიდევ უფრო მეტს გვეტყვის იმაზე თუ როდის და რატომ დაიწყეს ადამიანებმა დაღუპულების დაკრძალვა.
კომენტარები