მონა ლიზას ანალიზმა და ვინჩის საიდუმლო გამოავლინა
ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩი ხატვისას ტრადიციულ მეთოდებსა და ნივთიერებებს ნაკლებად იყენებდა. ახალმა კვლევამ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო, რადგან მეცნიერებმა მონა ლიზას ანალიზის შედეგად მომწამლავი პიგმენტები გამოავლინეს.
ფრანგმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა ნახატის დაფარული კუთხიდან საღებავის მცირე ნიმუში აიღეს და რენტგენულად თუ სპექტროსკოპიულად შეისწავლეს. შედეგად, იქ ზეთსა და ტყვიის კარბონატისგან მიღებულ თეთრ პიგმენტს მიაგნეს, რაც მოსალოდნელიც იყო. ასევე, მიაკვლიეს იშვიათ ნაერთ პლუმბონაკრიტსაც (Pb5(CO3)3O(OH)2), რომელიც ზეთისა და ტყვიის (II) ოქსიდის (PbO) ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთ ნაერთს და ვინჩი საგანგებოდ, სქელი საღებავის მისაღებად იყენებდა, რათა მონა ლიზაზე მუშაობისას პანო (ხის დაფა) კარგად დაეფარა. ტყვიის (II) ოქსიდი აღმოჩნდა მეორე ცნობილი ნახატიდან, საიდუმლო სერობიდან, აღებულ ნიმუშებშიც. ეს ამყარებს ჰიპოთეზას, რომ ამგვარად ის საღებავის ბაზურ ფენას ქმნიდა.
ავტორთა აზრით, და ვინჩი PbO-ს სელის ზეთში აცხელებდა და ხსნიდა, შედეგად კი იღებდა ნაერთს, რომელიც სისქით გამოირჩეოდა და ჩვეულებრივზე სწრაფად შრებოდა. ამ მეთოდს მოგვიანებით სხვა მხატვრებმაც მიმართეს, მაგალითად რემბრანდტმა. ეს მიანიშნებს, რომ მონა ლიზას შემქმნელი ერთგვარად დროს უსწრებდა.
უკანასკნელი მიგნება ისტორიული არტეფაქტების გამოკვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიის როლსაც გამოკვეთს. ეს გვეხმარება, ისეთი იდუმალებით მოცული მხატვრების საიდუმლოებს მოვფინოთ ნათელი, როგორიც ლეონარდო და ვინჩია.
"მას ექსპერიმენტები უყვარდა. მისი ყოველი ნახატი ტექნიკურად სრულიად განსხვავებულია", — აცხადებს ქიმიკოსი, ვიქტორ გონსალესი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში American Chemical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები