კვარცის კრისტალები ეგზოპლანეტის ატმოსფეროში — ვების ტელესკოპის ახალი აღმოჩენა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული ეგზოპლანეტის WASP-17b უცხელეს, სილიკატებით მდიდარ ატმოსფეროში კვარცის მომცრო კრისტალები დააფიქსირა. მათ ათასობით კმ/სთ სიჩქარით მქროლავი ქარი აირად გარსში ფანტავს, სადაც აეროზოლები ჯერ კიდევ ჰაბლმა გამოავლინა. ამის მიუხედავად, აქამდე არ ვიცოდით, რომ ღრუბლების შემადგენელი ეს ნაწილაკები ზემოხსენებული მინერალისა იყო.
WASP-17b ჩვენგან 1300 სინათლის წლით დაშორებული აირის გიგანტი ციური სხეულია, რომელიც საკუთარი ვარსკვლავისგან 7.8 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე გადაადგილდება. ამას ის 3.7 დღეს ანდომებს.
მნათობთან სიახლოვის გამო იქ ტემპერატურა 1500 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს, ასეთმა სიცხემ კი მისი დაახლოებით 285 000 კილომეტრამდე გაფართოება გამოიწვია. შესაბამისად, ამ ეგზოპლანეტის დიამეტრი იუპიტერისას დაახლოებით ორჯერ აღემატება, მაგრამ მისი მასის ნახევარი აქვს.
ასტრონომები WASP-17b-ის "გაბერილ" ატმოსფეროს მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შუა ინფრაწითელი კამერით მაშინ დააკვირდნენ, როცა მან ტელესკოპსა და ვარსკვლავს შორის ჩაიარა. მოწყობილობამ ეგზოპლანეტის აირადი გარსის მიერ შთანთქმული ვარსკვლავური სინათლე დააფიქსირა და კონკრეტული მოლეკულების სპექტრული კვალი გვიჩვენა.
მოპოვებული მონაცემებით დადგინდა, რომ, იუპიტერის მსგავსად, WASP-17b მეტწილად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ასევე, შეიცავს ნახშირორჟანგს, წყლის ორთქლსა და კვარცის კრისტალებს, რომლებსაც 8.6 მიკრონი ტალღური სიგრძის შთანთქმა ახასიათებს. მათ ექვსკუთხა ფორმა აქვს, როგორც დედამიწაზე არსებულ იმავე მინერალს, მაგრამ ზომით მას ჩამოუვარდება, რადგან მხოლოდ 10 ნანომეტრია.
კვარცი სილიკატთა ტიპში ერთიანდება, რომელიც მზის სისტემის კლდოვან პლანეტებზე საკმაოდ გავრცელებულია. ის აღმოჩენილია იუპიტერის მსგავს ციურ სხეულებზეც, მაგრამ იქ უფრო რთული სტრუქტურის, მაგნიუმით მდიდარი, კრისტალების სახითაა, როგორიცაა, მაგალითად, ოლივინი და პიროქსენი.
WASP-17b-ის ატმოსფეროში მეცნიერები სწორედ ასეთი სილიკატების არსებობას ელოდნენ, თუმცა იქ მათ "საშენ მასალას" მიაკვლიეს, კვარცის მომცრო ნაწილაკების ფორმით. როცა ქარი მათ ფანტავს, დღე-ღამის გასაყარ ზონაში ერთგვარი ნისლი წარმოიქმნება (ამ ეგზოპლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული), განათებულ ნახევარსფეროში გადანაცვლებისას კი მაღალ ტემპერატურაზე ორთქლდება.
"WASP-17b ძალიან ცხელია. იქ კვარცის მაფორმირებელ ატმოსფეროში წნევა დედამიწის ზედაპირზე არსებულის დაახლოებით 1/1000-ია. ამ პირობებში მყარი კრისტალები პირდაპირ აირიდან წარმოიქმნება ისე, რომ თხევად ფაზაში არ გადადის", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები