რა არის ისრაელის რკინის სხივი და როგორ მუშაობს ის
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. მათ ისრაელის თავდაცვის სისტემა გაარღვიეს და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელმა თავდამსხმელებს მალევე უპასუხა, რაც მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა.
დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათიც. ჩვენ ვიცით, რომ რკინის გუმბათი ისრაელის ანტისარაკეტო სისტემაა, რომელიც მთელი ქვეყნის საჰაერო ქოლგას წარმოადგენს.
ვიცით ისიც თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. რადარი ირჩევს ობიექტს, როგორიცაა რაკეტა, ამ ინფორმაციას გადასცემს ანტისარაკეტო გამშვებს, ის კი გამომთვლელი პუნქტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხვდება, რა სიჩქარითა და ტრაექტორიით უნდა იფრინოს. სამიზნესთან მიახლოებისას რკინის გუმბათის რაკეტა ფეთქდება და ანადგურებს საფრთხეს.
ასევე: როგორ მუშაობს ისრაელის "რკინის გუმბათი" — დეტალურად
და აი ახლა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ისრეალმა თავისი ახალი თავდაცვითი სისტემის — რკინის სხივის გამოყენბაც დაიწყო. რკინის სხივი (Iron Beam) ლაზერული საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემაა.
მასზე ჯერ კიდევ 2022 წელს დავწერეთ, რომ ისრაელმა სისტემა წარმატებით გამოცადა.
რკინის გუმბათი 90-პროცენტიანი სიზუსტით იცავს ისრაელს, თუმცა ეს სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია. 2022 წელს ისრაელის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგისგან გაშვებული რაკეტა რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, ხოლო ისრაელს თავდაცვას რკინის გუმბათის გამოყენება ათიათასობით დოლარი უჯდება.
შესაბამისად, ისრაელს თავდაცვის ახალი სისტემის დანერგვა სურს. ისრაელის წარმომადგენელბის თქმით, სისტემას შეუძლია იყოს ისეთივე ეფექტური, როგორიც ეს რკინის გუმბათია, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დოლარი ჯდება. მაგალითისთვის, სისტემის ერთჯერადად გამოყენება დაახლოებით 4 დოლარამდე დაჯდება.
და მაინც, როგორ მუშაობს რკინის სხივი? სისტემის მოქმედების მანძილი 7-10 კილომეტრია და 150კვტ-ის სიმძლავრის ლაზერულ სხივებს იყენებს.
სისტემას რკინის გუმბათისგან განსხვავებით ახლო მანძილზე მოქმედება უკეთ შეუძლია. ის ასევე კარგად მუშაობს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ. რკინის სხივი მოიცავს ორ ლაზერულ სისტემას და სრულად ავტომატიზირებულია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისი ნახევრად ავტომატურ რეჟიმში გადაყვანაც შესაძლებელია.
რკინის სხივზე მუშაობას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემა 2022 წელს წარმატებით გამოიცადა და მაშინ ითქვა, რომ სიმძლავრის 300კვტ-მდე გაზრდა სურდათ.
აღსანიშნვია, რომ ლაზერული შეიარაღება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2022 წლის აპრილში დავწერეთ, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ლაზერული თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოცადა.
ლაზერულ იარაღზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. მათ შორისაა საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და რუსეთი. როგორც ჩანს, არც ისე შორეული მომავლის მსოფლიო ლაზერულ იარაღს მიიღებს. როდის და ვინ გამოიყენებს მას, ეს უკვე დროის საკითხია.
კომენტარები