როგორია მზის ჩასვლა მარსზე? — ნახეთ გასაოცარი სურათი წითელი პლანეტიდან
2023 წლის 4 ივლისს NASA-ს მავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე ფუნქციონირების 843-ე მარსული დღე აღნიშნა. მზის ჩასვლისას, როცა იქაური მოწითალო ცა ჩამუქდა, აპარატმა სანავიგაციო კამერა ბინდში გახვეული ჰორიზონტისკენ მიმართა და შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათზე ვხედავთ, როგორია მზის ჩასვლა სხვა ციურ სხეულზე, სადაც გარემო მოცისფროდ იფერება. ეს დედამიწაზე არსებულ მსგავს სანახაობას სრულებით არ ჰგავს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, მარსს მზისგან იმაზე მეტი მანძილი აშორებს, ვიდრე დედამიწას. აქედან გამომდინარე, ის ვარსკვლავისგან იმ ოდენობის სხივებს ვერ იღებს, როგორსაც ჩვენ, ამიტომ მნათობი იქიდან ნაკლებად ელვარე ჩანს. ასევე, წითელ პლანეტას ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, რომელიც, ძირითადად, ნახშირორჟანგისგან შედგება, აზოტისა და ჟანგბადის მცირე კონცენტრაციით. ეს ნიშნავს, რომ მზის სხივები ამ ობიექტის აირად გარსთან სხვაგვარად ურთიერთქმედებს.
როცა ვარსკვლავის სხივები დედამიწის ატმოსფეროში აღწევს, ის ჟანგბადთან, აზოტთან და სხვა აირებთან შედის რეაქციაში, შედეგად კი მოლურჯო სინათლეს ფანტავს. სწორედ ამიტომაა ჩვენი ცა დღისით ფირუზისფერი. ჰორიზონტთან მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას სინათლე ატმოსფეროში სხვანაირად აღწევს, ამიტომ ლურჯი და იისფერი ტალღები იფილტრება, ხოლო მონარინჯისფრო და მოწითალო რჩება.
მარსზე მზის სხივები არა აზოტთან და ჟანგბადთან, არამედ, რკინით მდიდარ მტვერთან ურთიერთქმედებს, რომელიც ამ ციური სხეულის ატმოსფეროში უხვადაა. ეს დღის განმავლობაში დაბალი სიხშირის წითელ სინათლეს ფანტავს, შებინდებისას კი პირიქით ხდება — ის იფილტრება და მოცისფრო ელვარება ისადგურებს.
აღნიშნული სხვაობა ქვედა სურათზე მკაფიოდ ჩანს:
"როცა მოცისფრო სინათლე მტვერს ფანტავს, ის მზესთან მიმართებით იმაზე ახლოს რჩება, ვიდრე სხვა ფერები. ცის დანარჩენი რეგიონები მოყვითალო-მონარინჯისფროა, რადგან მსგავსი სინათლე მთელ ცაზე იფანტება იმის ნაცვლად, რომ ატმოსფეროს მიერ შთაინთქას ან მზესთან ახლოს განლაგდეს", — განმარტავენ მეცნიერები.
ამგვარმა მოცისფრო ნათებამ შესაძლოა, რამდენიმე საათს გასტანოს, მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას. ამ დროს მარსის ცაზე მტვერი და ღრუბლები მკაფიოდ ჩნდება, რადგან მათი ფონი მუქდება. ეს წითელი პლანეტის ატმოსფეროს უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს
"გარდამავალ ფერებზე დაკვირვებით ღრუბლებში ნაწილაკების ზომის ცვლილებას ვხედავთ.
თითქმის ორი დეკადაა, მარსზე მზის ჩასვლას მავალებით Curiosity, Perseverance, Spirit და Opportunity ვაფიქსირებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ კადრს ვიღებთ, ისინი ბრწყინვალებას არასდროს კარგავს", — აცხადებენ სპეციალისტები.
კომენტარები