კომეტა 3I/ATLAS რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი კომეტაა, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხვდა. 29 ოქტომბერს მან საკუთარ ორბიტაზე იმ წერტილამდე მიაღწია, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოსაა — 210 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე. ამ დროს ის დედამიწის პერსპექტივიდან მზის უკანა მხარეს მოძრაობდა, შესაბამისად ვერ ვხედავდით. მას შემდეგ იგი ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებით უკვე დააფიქსირეს.

კომეტა 2025 წლის პირველ ივლისს ATLAS-ად წოდებული ასტრონომიული სისტემით აღმოაჩინეს. თავიდანვე გაჟღერდა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ის უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგალითად, იგივე სპეკულაციები მოჰყვა დანარჩენი ორი ვარსკვლავთაშორისი ობიექტის — ოუმუამუასა და ბორისოვის — გამოჩენასაც.

ასეთი კონსპირაციები ასტრონომიისთვის უცხო არაა. ამგვარი თეორიებით გატაცებული ადამიანები არამიწიერ ცივილიზაციებთან უამრავ მოვლენას აკავშირებენ, იქნება ეს სინათლის ცვლილება თუ რადიო სპექტრის გამოსხივება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი აჟიოტაჟის გამო ნამდვილად საინტერესო სამეცნიერო ფაქტები ან ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე, ან არასწორი ინტერპრეტაციების სახით ვრცელდება.

ამის შედეგად ცოტა ადამიანი თუ აცნობიერებს, რამდენად დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს 3I/ATLAS-ს. ის, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში გვინახავს. ჩვენი კოსმოსური სამეზობლო 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, ეს კომეტა კი 7 მილიარდზე მეტი წლის უნდა იყოს.

ასევე, იხილეთ: რა არის 3/I Atlas — ყველაფერი, რაც იდუმალ ციურ ობიექტზე ვიცით

ამ დროის განმავლობაში ის ვარსკვლავებს შორის არსებულ კოსმოსურ სივრცეებში გადაადგილდებოდა. თავისი ტრაექტორიის წყალობით იგი ჩვენს სისტემას რამდენიმე თვით ესტუმრა. სავარაუდოა, რომ მზეს ის ყველაზე მეტად მიუახლოვდა, ვიდრე ბოლო მილიონობით წელში სხვა ნებისმიერ მნათობს.

3I/ATLAS ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში.

ფოტო: NASA, ESA, David Jewitt), Joseph DePasquale

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 3I/ATLAS-ის გარე შრეებში იმაზე მეტი ნახშირორჟანგია, ვიდრე მზის სისტემაში დაფიქსირებული კომეტების უმეტესობაში. ასევე, მას მათთან შედარებით ნიკელისა და სხვა ელემენტების უფრო დიდი შემცველობა აქვს. ეს ქიმიური მახასიათებლები ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის მატერიის იმ ღრუბლის შესახებ, რომელშიც კომეტა წარმოიშვა.

3I/ATLAS-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე რაიმე "უცხოპლანეტურ ტექნოლოგიასთან" გვაქვს. როგორც კარლ სეიგანი ამბობდა, "ექსტრაორდინარულ განცხადებებს ექსტრაორდინარული მტკიცებულებები სჭირდება", მაგრამ კონსპიროლოგებს ისინი არ აქვთ.

უცხოპლანეტელების საკითხით მანიპულირება ხელს უწყობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასაც. მაგალითად, საუბარი იყო კომეტის ტრაექტორიის ცვლილებასა და იმაზე, რომ იგი მზის უკან "დაიმალა". ამგვარი მოსაზრებები არანაირ ხელშესახებ მონაცემებს არ ეყრდნობა, მაგრამ ისინი იმდენად გავრცელდა, რომ ამაზე უკვე ბევრი ადამიანი საუბრობს. ეს გვიჩვენებს, რამდენად მარტივად შეიძლება, მსგავსმა სპეკულაციებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

რაც შეეხება კომეტის ტრაექტორიას, მას პირდაპირ რეჟიმში თავადაც შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი — TheSkyLive.com. ასევე, ის ვერ "დაგვემალება", რადგან მისი დაფიქსირება ისეთი ზონდებითაა შესაძლებელი, როგორიც Mars Express, ExoMars Trace Gas Orbiter და Jupiter Icy Moons Explorer-ია. ევროპის კოსმოსური სააგენტო მათი გამოყენებით სწორედ ამას გეგმავს.

რა თქმა უნდა, სამყაროს შესახებ ყველაფერი ვერ გვეცოდინება, მაგრამ ეს სიცარიელე უცხოპლანეტელებზე გამოგონილი ამბებით ხელოვნურად არ უნდა ამოვავსოთ. ამის ალტერნატივა მეცნიერული მიდგომა, კვლევა და დაკვირვებაა, რასაც ასტრონომები აქტიურად ცდილობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.