ალცჰაიმერის პროგრესირების მენელება დღეში 5000 ნაბიჯის გადადგმით შეგვიძლია — კვლევა
ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის თანახმად, ყოველდღიურად სეირნობა შეიძლება ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი კოგნიტიური უნარების დაკარგვისა და ტვინში ცილების დაგროვების შენელებაში დაგვეხმაროს. მეცნიერებმა ასობით ასაკოვანი მოხალისის მონაცემები შეისწავლეს — ცხოვრების სტილი, სამედიცინო ისტორია, ტვინის გამოსახულებები — და დაასკვნეს, რომ ზომიერი ფიზიკური აქტიურობაც კი ამ დაავადების პროგრესირებას ეწინააღმდეგება.
ნავარაუდებია, რომ ალცჰაიმერი 85 წელს გადაცილებულ 3-იდან 1 ადამიანს აქვს. ესაა პროგრესირებადი და ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც მეხსიერებას აზიანებს. მისი განკურნების გზა აღმოჩენილი არაა, სამაგიეროდ, პროცესის შენელებაა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენა ვიცოდეთ.
უკანასკნელ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება ფიზიკურ აქტიურობაზე გაამახვილეს. ეს საკითხი 50-90 წლის ასაკის 296 ადამიანის მაგალითზე შეისწავლეს, რომელთაც მონაცემების შეგროვების პერიოდში კოგნიტიური პრობლემები არ ჰქონიათ. მონაწილეთა ჯანმრთელობას 14 წელი აკვირდებოდნენ, მათ შორის ალცჰაიმერის ინდიკატორებსა და მოძრაობას (პედომეტრით). პირველისთვის ტვინის სკანირებებს იყენებდნენ, რომლებსაც იქ ამილოიდებისა და ტაუს სახელით ცნობილი ცილების დანალექები უნდა გამოევლინა. მეხსიერების გაუარესების გარდა, სწორედ ეს ცვლილებები უკავშირდება ალცჰაიმერს.
შედეგებმა ცხადყო, რომ ფიზიკურ აქტიურობასა და ამილოიდურ დანალექს შორის მკაფიო კავშირი არაა. ამგვარი ასოციაცია ტაუ ცილების დაგროვებასთან და კოგნიტიურ პრობლემებთან გამოიკვეთა; იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 5000-7500 ნაბიჯს დგამდნენ (ზომიერი დატვირთვა), ორივე სიმპტომის გაუარესება შენელებული იყო. საინტერესოა, რომ მეტი ნაბიჯის გადადგმა მდგომარეობას უფრო უკეთესობისკენ აღარ ცვლიდა. მეორე მხრივ, 3000-5000 ნაბიჯი შესამჩნევ დადებით ეფექტს იძლეოდა, თუმცა ნაკლები ხარისხით.
ეს ნიშნავს, რომ ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ალცჰაიმერის პრევენციასა და შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს. არაა გამორიცხული, ამან კოგნიტიური პრობლემების რისკის წინაშე მყოფ ადამიანებს საფრთხესთან შეწინააღმდეგების მარტივი გზა შესთავაზოს, რის გამოკვლევასაც სამომავლოდაც აპირებენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.

კომენტარები