ნეანდერტალელთა კვალი საქართველოში — სამეცნიერო გუნდმა ბოლო აღმოჩენები წარადგინა
ფოტო: NEXT.On.ge
"პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა" — ასე ეწოდება სამეცნიერო ინიციატივას, რომელსაც ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი, ნიკოლოზ წიქარიძე, უძღვება. 31 ოქტომბერს მან მრავალრიცხოვანი გუნდის ბოლოდროინდელი აღმოჩენების შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მნიშვნელოვანი მიგნებები გააცნო.
ეს აღმოჩენები ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას, წოფისა და სხვა მღვიმეებში გაკეთდა. ისინი ამ მიდამოებში თანამედროვე ჰომო საპიენსებისა და უკვე გადაშენებული ნეანდერტალელების სახეობის გავრცელებას ეხება.
კვლევების მიზანი და მიმდინარეობა
ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევებში 40-მდე მეცნიერი მონაწილეობდა. მათ შორის არიან არქეოლოგები, პალეოანთროპოლოგები და გეოლოგები; პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ილიაუნის, თსუ-ს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებიც; ექსპედიციებში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმაც.
კვლევითი პერიოდი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელმა შეაჯამა, 2016-2025 წელს მოიცავს. სპეციალისტებს სურდათ, რომ რაც შეიძლება მეტი არეალი შეესწავლათ, რისთვისაც 20-მდე სადაზვერვო და სრულმასშტაბიანი გათხრა ჩაატარეს. ამისთვის მათ 12 საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტი მოიპოვეს, საიდანაც 7 უკვე შესრულდა.
გრანტების ნაწილი ნეანდერტალელების კვალის შესწავლას გულისხმობს. კერძოდ, იმის გაგებას, თუ რატომ გადაშენდა კავკასიაში ეს სახეობა — მაგალითად, ჰქონდა თუ არა კავშირი ამას მაშინდელ კლიმატთან. წიქარიძე ამბობს, რომ გამყინვარების გავლენა ნაკლებად სავარაუდოა, რაც იმდროინდელი გარემო-პირობების აღდგენის გზით გაირკვა.
2016-25 წლის კვლევების ინტერესი იყო:
- საქართველოს შუა და გვიან პლეისტოცენის კულტურული, ბიოლოგიური და გეოლოგიური სისტემის რეკონსტრუქცია;
- საქართველოს შუა და ზედა პალეოლითის არქეოლოგიური ძეგლების ინტენსიური და ექსპანსიური გამოვლენა-შესწავლა;
- ზოგადი არქეოლოგიური ქრონოლოგიური ჩარჩოს დადგენა;
- კულტურული და ბუნებრივი გარდატეხების თავისებურებების გამოვლენა;
- კავკასიაში შუა და ზედა პლეისტოცენის ჰომინინთა ინტერაქციის, განსახლების, გარემოსთან ადაპტაციის, ცხოვრების ნირისა და ევოლუციის საკითხების გამოკვლევა.
გამოიკვლიეს პლეისტოცენის ეპოქაში კავკასიის რეგიონში მომხდარი გარდატეხებიც. ქვემო იმერეთის მხარეზე არჩევანი იმიტომ შეჩერდა, რომ ამ რეგიონში მღვიმეები განსაკუთრებულად მრავლადაა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი წინაპრებიცა და ნეანდერტალელებიც თავშესაფრად სწორედ ასეთ ადგილებს იყენებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მეცნიერების მიერ იმავე მიდამოებში გათხრები წარსულშიც ჩატარებულა, მით უფრო ცუცხვათის მღვიმეში. ამის მიუხედავად, მაშინ მეცნიერებს არ ჰქონდათ ისეთი განვითარებული ტექნოლოგია, როგორიც დღეს მოგვეპოვება. შესაბამისად, მღვიმეების უფრო დეტალურად გაანალიზება აუცილებელია, რათა სრული სურათი მივიღოთ.
მაგალითად, თანამედროვე მეთოდების წყალობით მკვლევრებმა მღვიმური სისტემების ლაზერული სკანირება და ფოტომეტრიული მოდელირება შეძლეს. ეს იმის გაგებაში ეხმარებათ, თუ როგორ იცვლებოდა ეს გეოლოგიური სტრუქტურა დროთა განმავლობაში. მეცნიერებისთვის საინტერესოა, რა ემატებოდა და აკლდებოდა მას, იყო თუ არა მღვიმეები ერთმანეთთან დაკავშირებული, ფორმირების რა პროცესები მიმდინარეობდა და როგორი გავლენა ჰქონდა მათზე გამყინვარებას; ასევე ინფორმაციულია იმის გარკვევა, თუ რით ივსებოდა ფენები, რამდენად ძველია ისინი, როგორ ზემოქმედებდა გეოლოგიურ ევოლუციაზე ახლომდებარე მდინარე და ა.შ.
სამარხი, ქვის იარაღები და ნაცეცხლურები
ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ მღვიმეების გამოკვლევა მარტივი არ ყოფილა. ისინი მეტწილად რთული ლანდშაფტური სტრუქტურისაა და გათხრებისას დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
გუნდისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ ბრინჯაოს მღვიმე 5 მეტრამდე გაეთხარა. შედეგად უფრო მეტი ფენა გამოავლინეს, ვიდრე წინა ათწლეულებში მოხერხდა. 2020 წელს ისინი ზედა პალეოლითის შრემდე მივიდნენ და ერთ-ერთ მონაკვეთში ადამიანის ძვალს გადააწყდნენ — ის დაზიანებული ქანიდან მოულოდნელად გადმოვარდა.
ეს აღმოჩნდა სამარხი, რომელიც ორ სხვადასხვა დროს უნდა იყოს გამოყენებული. ჩონჩხი ფიცრულში იყო მოთავსებული და შიგნით ბეჭდებსა და სხვა არტეფაქტებსაც მიაგნეს. მოპოვებული მასალები სარესტავრაციოდაა გადაცემული, პირველადი დათარიღებით კი სამარხი მეხუთე საუკუნისაა.
გუნდმა ზედა პალეოლითის შრეების გამოკვლევისას ჰომო საპიენსის უფრო ძველი კვალიც აღმოაჩინა. მათ შორის იყო ნაცეცხლურები — ადგილები, სადაც ჩვენი წინაპრები ცეცხლს ანთებდნენ. იქ ნამწვები და სხვა დანალექი შემორჩენილია, ამიტომ ეს ნიმუშები ქიმიური ანალიზისთვის აიღეს და შესასწავლად გაგზავნეს. პასუხებს ჯერ კიდევ ელოდებიან.
აღმოჩენილია არტეფაქტებიც, კერძოდ ქვის იარაღები. ნიკოლოზ წიქარიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება მღვიმეში ნეანდერტალელების ცხოვრების დროს, მათ მიერ შექმნილიყო და ჰომო საპიენსებს ჩავარდნოდათ ხელში. ჯერჯერობით ამის დასტური არ გვაქვს, მაგრამ თუ ამ მოსაზრების მართებულობა ოდესმე დამტკიცდება, ღირებულ ინფორმაციას მოგვცემს.
საინტერესოა, რომ ბრინჯაოს მღვიმეში ჩვენი სახეობის წარმომადგენლის ყველაზე ადრინდელი კვალი 44-45 000 წლით თარიღდება. შედარებისთვის, ნეანდერტალელების შემთხვევაში მათთან დაკავშირებული უძველესი ფენა 48 000 წლის წინანდელ პერიოდს მიეკუთვნება. ცნობისთვის, მიიჩნევა, რომ ისინი დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ.
ღრმა ფენებში, რომლებიც შუა პალეოლითის ხანისაა, ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის გამოყენების "ინტენსიურ" კვალს მიაგნეს. ეს ნიშნავს, რომ უკვე გადაშენებული სახეობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მღვიმეებში ცხოვრებისას ცეცხლს აქტიურად ანთებდა.
ეს ყველაფერი არაა — აღმოაჩინეს ნეანდერტალელთა მიერ დამზადებული ქვის იარაღები, მათ შორის სახოკები და წვეტანები. მხოლოდ აქედანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული სახეობა ჰომო საპიენსივით აზროვნებდა და პრაქტიკული ამოცანებისთვის გონებასა და სხეულს სათანადოდ იყენებდა.
ნეანდერტალელთა კბილები
დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში ნეანდერტალელთა დასახლება საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. მაგალითად, ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში მათი არსებობის კვალს დაახლოებით 90 000 წლის წინა პერიოდამდე მივყავართ. შესაბამისად, პალეონტოლოგიური კვლევებით ბევრი საინტერესო მონაცემის მიღებაა შესაძლებელი.
ამ მიზნით საკაჟიას მღვიმის არქეოლოგიური შესწავლა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყეს. მათ მცდელობებს, რა თქმა უნდა, უშედეგოდ არ ჩაუვლია. იქ, ასევე ორთვალას, ცუცხვათისა და წოდის მღვიმეებში, ნეანდერტალელთა არტეფაქტებია აღმოჩენილი.
ცხადია, ასეთი მიგნებები მნიშვნელოვანია, მაგრამ უშუალოდ ნამარხების მიკვლევა ბევრად იშვიათად ხერხდება. ქართველმა მეცნიერებმა კი ეს 1970-იან წლებში შეძლეს. ქვემოთ თქვენ წინაშეა მცირეწლოვანი ნეანდერტალელის კბილი — ზედა მარცხენა მხარეს არსებული მეორე მოლარი:
ნიმუშის შესწავლამ აჩვენა, რომ კბილის ფესვების ჩამოყალიბების პროცესი თითქმის დასრულებული იყო. ის ეკუთვნოდა ინდივიდს, რომლის ასაკიც, სავარაუდოდ, სამი წელი უნდა ყოფილიყო. კვლევით დაადგინეს, რომ ის იქამდე მოკვდა, სანამ კბილებს მოიცვლიდა.
მოლარზე წახნაგოვანი სტრუქტურის მცირე ცვლილებები შეინიშნება, რომლებსაც მეცნიერები ფასეტებს უწოდებენ. მათი წარმოქმნა შეიძლება მცირეწლოვანი ნეანდერტალელის მიერ დედის რძესთან ერთად მყარი საკვების მიღებას გამოეწვია. ეს საინტერესოა, რადგან ისინი მყარ კვებაზე ბევრად გვიან გადადიოდნენ, ვიდრე ჩვენი წინაპრები.
საკაჟიას მღვიმეში 1970-იან წლებშივე მიაგნეს ზრდასრული ნეანდერტალელის ზედა ყბის ფრაგმენტსაც, რომელზეც ოთხი კბილია შემორჩენილი:
ახლა, ბოლო 40 წელში პირველად, მეცნიერებმა საქართველოში ნეანდერტალელის მესამე განამარხებული ნიმუში აღმოაჩინეს. ესაა ზრდასრული ინდივიდის ზედა მარცხენა მხარეს განლაგებული მეორე საჭრელი კბილი, რომელიც ბრინჯაოს მღვიმეში იპოვეს.
ნიკოლოზ წიქარიძემ კბილი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, თუმცა, როგორც განაცხადა, ის უახლოეს მომავალში მუზეუმს უნდა გადაეცეს.
საინტერესოა, რომ კბილზე ისეთი ცვლილება დააფიქსირეს, რომელიც ძლიერი დატვირთვის საწინააღმდეგო ჰიპერპლასტიკურ ადაპტაციასთან ასოცირდება. ეს ნიშნავს, რომ ნეანდერტალელების ორგანიზმი გარემოს მიხედვით იცვლებოდა, რათა ახალ პირობებს უკეთ შეჰგუებოდა.
ფოტოს ქვედა ნაწილში ერთმანეთთან ჰომო საპიენსის, ჰომო ერექტუსისა და ნეანდერტალელთა კბილების მორფოლოგიაა შედარებული. მასზე ნათლად ჩანს, რომ სამივე სახეობის წარმომადგენლებს კბილები სხვადასხვაგვარად განუვითარდათ.
ფორმის გარდა, ღირებულ ინფორმაციას გვაძლევს კბილზე არსებული ნაკაწრები და ანამტვრევებიც. მეცნიერის თქმით, ეს კვალი ზრდასრული ნეანდერტალელის სიკვდილისწინა პერიოდისაა.
ნიკოლოზ წიქარიძემ აღნიშნა, რომ კბილის ასეთი ანატეხები და ნაკაწრები ზრდასრული ნეანდერტალელის ე.წ. პარამასტიკაციულ ქცევაზე მიუთითებს. ასე ხსნიან კბილის ისეთ ცვეთას, რომელიც მხოლოდ ღეჭვით არაა გამოწვეული. მაგალითად, შესაძლოა, ეს ინდივიდი ხორცს კბილებით იჭერდა და შემდეგ მას ქვის იარაღის გამოყენებით ანაწევრებდა.
ჰომო საპიენსებში პარამასტიკაციული ქცევის ნიშნები მონადირე-შემგროვებელთა პოპულაციებშია დაფიქსირებული, რომელთაც ნადავლის დამუშავება ხშირად უწევდათ. ნეანდერტალელის იგივე მახასიათებელი მიანიშნებს, რომ მსგავსი რამ მათთვისაც არ ყოფილა უცხო.
ეს და სხვა აღმოჩენები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ ნეანდერტალელთა გადაშენებული სახეობა ჩვენნაირ ქცევას, კულტურასა და გონებრივ შესაძლებლობებს იზიარებდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია მათი გაქრობა, დღემდე დავის საგანია. მეცნიერთა ნაწილი ამას კლიმატს ან ადაპტაციის გაძნელებას უკავშირებს, ნაწილი კი ჩვენი წინაპრების მიერ დომინანტობის მოპოვებას.
ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ ეს ორი სახეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაიკვეთა, ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიდა და წყვილდებოდა კიდეც. სწორედ ამის გამოა, რომ თანამედროვე ადამიანებში ნეანდერტალელთა დნმ დღემდეა შემორჩენილი.
რაც შეეხება ქართველ მეცნიერთა კვლევას, ის ჯერ კიდევ გრძელდება და იმედოვნებენ, რომ საქართველოში გავრცელებული ჰომინინების შესახებ მეტს შეიტყობენ.










კომენტარები