NASA-ს ზებგერითმა თვითმფრინავმა პირველი წარმატებული ფრენა შეასრულა — სიახლე ავიაციაში
ფოტო: Lockheed Martin
Lockheed Martin Skunk Works-ისა და NASA-ს პარტნიორობის შედეგად ზებგერითმა თვითმფრინავმა, სახელად X-59, პირველი სატესტო ფრენა შეასრულა.
"X-59-ის პირველი ფრენით აღფრთოვანებულები ვართ. ეს თვითმფრინავი ჩვენი გუნდის ინოვაციურობისა და გამოცდილების დასტურია. ვამაყობთ, რომ ზებგერითი ტექნოლოგიის განვითარების წინა ხაზზე ვართ", — განაცხადა Skunk Works-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა, ო.ჯ. სანჩესმა.
NASA-ს ადმინისტრატორმა, შონ დაფიმ, X-59-ს "ამერიკული გამომგონებლობის სიმბოლო" უწოდა და განაცხადა, რომ იგი ქვეყანას ავიაციაში ლიდერულ პოზიციას უნარჩუნებს.
X-59-ზე მეცნიერები შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მისი მიზანი ზებგერითი საფრენი აპარატებისკენ გზის გაკვალვაა. აშშ-ის ტერიტორიაზე კომერციული ზებგერითი ფრენები 1973 წელს, ხმაურის გამო, აიკრძალა. ამის მიუხედავად, ივნისში, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, აკრძალვა გაუქმდა.
X-59 სიგრძეში 30.4 მეტრია, მისი ფრთის შლილი 9 მეტრია, ხოლო მოსალოდნელი მაქსიმალური სიჩქარე 1490 კმ/სთ უნდა იყოს.
თვითმფრინავი 28 ოქტომბრის დილის 8:14-ზე კალიფორნიაში მდებარე Skunk Works-ის სივრციდან აფრინდა და 1-საათიანი მისია შეასრულა. ის ახლომდებარე ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაშვებით დასრულდა.
Lockheed Martin-ის განცხადებით, X-59-მა ზუსტად დაგეგმილისამებრ იფრინა და წინასწარი მონაცემების შესაბამისობა დაადასტურა. თვითმფრინავის დიზაინი ბგერითი დარტყმების ინტენსივობის მინიმალიზაციას ისახავს მიზნად. მომდევნო თვეებში Skunk Works საწყის სატესტო კამპანიას გააგრძელებს.
საკუთარი კომერციული ზებგერითი პროექტების განვითარებას სხვა კომპანიებიც აგრძელებს. მაგალითად, Boom Supersonic-მა XB-1-ად წოდებული, ბგერაზე სწრაფი თვითმფრინავის ტესტირება ჩაატარა და 2027 წლისთვის მისი სრულმასშტაბიანი ფრენა დაისახა მიზნად. ამავდროულად, Spike Aerospace ზებგერით ბიზნეს-თვითმფრინავს, სახელად S-512 Diplomat, ავითარებს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში ზებგერითი თვითმფრინავების გარშემო მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ.
კომენტარები