მეცნიერებმა აქამდე უცნობი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, რომელიც საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამ ნაერთს პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი ეწოდება და ძალიან კარგად შესწავლილი ბაქტერიის ტიპთანაა დაკავშირებული, რომელსაც რამდენიმე დეკადაა, იკვლევენ. გამოდის, რომ ის ამდენი ხანი ჩვენს თვალწინ იყო, მაგრამ ახლაღა გამოვავლინეთ.

ეს ნაერთი სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს, შექმნის პროცესში წარმოიქმნება. ლაბორატორიული ცდების მიხედვით, გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ იგი მასზე 100-ჯერ ეფექტიანია. სწორედ ეს მიკრობები ავლენენ მსგავსი პრეპარატების მიმართ რეზისტენტობას.

ფოტო: University of Warwick

სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში მეთილენომიცინ A-ს ანტიბიოტიკურ-მაფორმირებელი წყობის გენები შეცვალეს, რათა თითოეულის ფუნქცია შეესწავლათ. შემდეგ შედეგად მიღებული ბიოსინთეზური "გარდამავალი" ნაერთების ანტიბიოტიკური აქტიურობა შეამოწმეს, რაც აქამდე არავის უცდია.

აღმოჩნდა, რომ პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი მოქმედებდა ისეთი შტამების წინააღმდეგ, როგორებიც მიტიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკები (MRSA) და ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკებია (VRE). ეს ორი ჯგუფი იწვევს ინფექციებს, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკებისადმი სერიოზულ ამტანობას ავლენს.

ყველაზე იმედის მომცემი ისაა, რომ ენტეროკოკი პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონთან 28-დღიანი შემხებლობის შემდეგაც არ გამხდარა მის მიმართ რეზისტენტული. ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება ნაერთი დიდი ხნის განმავლობაში იყოს ეფექტიანი.

მომდევნო ეტაპზე პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის ანტიბიოტიკური პოტენციალი ლაბორატორიულად უნდა დაიტესტოს. საინტერესოა, მაგალითად, მისი მოქმედების მექანიზმი და სამიზნე პათოგენებიც. ასევე, მეცნიერები სხვა ანტიბიოტიკების "გარდამავალი" ნაერთების შესწავლას განიხილავენ, რათა მეტ ასეთ კომპონენტს მიაგნონ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Chemical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.