ალერგია "ადამიანების" მიმართაც არსებობს — როცა ფიზიკური კონტაქტი დისკომფორტს იწვევს
ფოტო: Pictures of your Life/Shutterstock.com
ადამიანებზე ალერგია თქვენც ხომ არ გაქვთ? ამას ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, თუმცა ამ გამოთქმაში ზოგისთვის არის სიმართლის ნატამალი. თავად ადამიანების მიმართ არა, თუმცა ალერგია მათ მიერ გამოყოფილი სითხეების მიმართ ნამდვილად არსებობს. ასეთი მდგომარეობები ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც ფიქსირდება. ეს შეიძლება იყოს სპერმის, ნერწყვის, ოფლისა და წყლის შემცველი სითხეების მიმართაც კი.
ალერგია სპერმაზე
სქესობრივი კონტაქტი ერთეულ შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს. BBC-სთან საუბრისას ქალმა გაიხსენა, რომ სექსის შემდეგ ენა გაუსივდა; პარტნიორის დახმარებით ძლივძლივობით გამოიყენა ინჰალატორი და გადარჩა. ასეთი რეაქციის მიზეზი პარტნიორის სპერმაში არსებული კონკრეტული ცილები აღმოჩნდა.
ასეთ ალერგიას სათესლე სითხისადმი ჰიპერმგრძნობელობას (იგივე SPH) უწოდებენ. ამის მხოლოდ დაახლოებით 50 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა პრობლემა შეიძლება მეტ ადამიანს აწუხებდეს. 1997 წელს ალერგოლოგმა ჯონათან ბერნშტეინმა კვლევა ჩაატარა; ივარაუდა, რომ SPH ექნებოდა იმ ქალების 12%-ს, რომელთაც სექსის შემდგომი სიმპტომები ჰქონდათ. მაიკლ კეროლი, რეპროდუქტოლოგი, 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვითაც მსგავს შედეგებამდე მივიდა (ეს კვლევა არ გამოქვეყნებულა). გამოდის, სიხშირე შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობაა.
სათესლე სითხისადმი ჰიპერმგრძნობელობის დროს იმუნური სისტემა სათესლე პლაზმაში არსებულ ცილებზე მწვავედ რეაგირებს. ალერგიას არა სპერმატოზოიდები, არამედ სათესლე სითხე იწვევს.
ასევე იხილეთ: სპერმაზე ალერგია რეალურია: როცა სიამოვნება "ცუდად გახდომით" სრულდება
სიმპტომები ინტენსივობის მიხედვით ცვალებადია. პირველი შემთხვევა 1967 წელს აღრიცხეს. ამ დროს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა დაფიქსირდა. ზოგჯერ თავს იჩენს ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ვულვის წვა და ქავილი, ზოგჯერ კი სისტემური რეაქციებიც ჩნდება, იქნება ეს: სხეულის შეშუპება, სუნთქვის პრობლემები და ანაფილაქსიური შოკიც კი.
ცნობისთვის, ანალური სექსის შემდგომ ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაც კი დაფიქსირებულა; ამ ქალს ვაგინალურ სექსზე მსგავსი რეაქცია არ ჰქონია.
სპერმაზე ალერგია კაცებში
შეიძლება იფიქროთ, რომ კაცებს ვერ ექნებათ სპერმაზე ალერგია, რადგან მას მუდმივად წარმოქმნიან. როგორც წესი, ეს ასეცაა, თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც.
არსებობს ორგაზმის შემდგომი ავადმყოფობის სინდრომი (POIS), რომელიც ეაკულაციის შემდეგ გრიპის მაგვარ სიმპტომებს იწვევს, იქნება ეს: დაღლილობა, გონების დაბინდვა თუ კუნთების ტკივილი. ექიმები მიიჩნევენ, რომ ეს ავტოიმუნური ან ალერგიული რეაქციის შედეგია. დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეიძლება კანზე ტესტირება დაგვეხმაროს.
ამაზე არანაირი სამეცნიერო ლიტერატურა არ მოიძებნება, თუმცა ექიმები ვაგინალური სითხისადმი შესაძლო ალერგიაზე საუბრობენ. პოლონელმა დერმატოლოგმა მარეკ ჯანკოვსკიმ BBC-სთან პაციენტზე ისაუბრა, რომელსაც ქალთან პენეტრაციული სექსის ან კუნილინგუსის გაკეთების შემდეგ გენიტალიები და სახე ექავებოდა. მართალია, ეს მდგომარეობა გამოვლინებით ჰგავს ვაგინალურ სითხეზე ალერგიას, თუმცა შეიძლება სხვა რამესაც უკავშირდებოდეს — დაზუსტებით ვერ ვიტყვით.
ალერგია ნერწყვსა და ოფლზე
ნერწყვზე ალერგიას, როგორც წესი, პარტნიორის პირში არსებული ალერგენები იწვევს და არა თავად ნერწყვი. სამი ბაჰნამ, ACAAI-ს პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ ვინმესთან კოცნის შემდეგ შეიძლება რეაქცია გამოვლინდეს, თუ ამ ადამიანმა რაიმე ისეთი შეჭამა ან დალია, რაზეც ალერგია გვაქვს. ეს კოცნიდან საათების გასვლის მერეც კი შეიძლება მოხდეს.
2007 წელს ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა: ქალს სექსის შემდეგ ჭინჭრის ციება დაეწყო, რადგან პარტნიორს ბრაზილიური კაკალი ჰქონდა ნაჭამი. ცხადია, მსგავსი რაღაცები ხშირად არ ხდება.
რაც შეეხება ოფლზე ალერგიას, ეს მდგომარეობა შეიძლება ოფლში არსებულმა ცილამ გამოიწვიოს; ამ ცილაზე ალერგიის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ჭინჭრის ციება დაეწყოს, თუ ივარჯიშებს ან დასცხება. იშვიათია სხვების ოფლზე ალერგია: 1986 აღწერეს შემთხვევა, როცა ქალს ქმრისა და შვილების ოფლზე რეაქცია ჰქონდა; ეს "ადამიანის ოფლზე ალერგიის" პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა.
ალერგია თავად სითხეებზე
"ადამიანებისადმი" ყველაზე იშვიათი ალერგია აკვაგენური ურტიკარიაა — ალერგია თავად წყლის მიმართ. 2018 წელს ერთ შემთხვევაზე მოხსენება გამოქვეყნდა. შიგნით წერია, რომ "განურჩევლად ტემპერატურის ან წყაროსა, წყალთან კონტაქტის შემდეგ შეხების არეალზე გამონაყარი და ქავილი ჩნდება". ამ რეაქციის გამოწვევა ოფლს, ნერწყვსა და ცრემლებსაც კი შეუძლია.
ცხადია, ეს მდგომარეობა ადამიანის ცხოვრების ხარისხს რადიკალურად გააუარესებს — ძლიერი დისკომფორტის წყარო შეიძლება გახდეს ბანაობა, წვიმა და ბავშვისთვის ცრემლის მოწმენდაც კი. ამ დროს რთულია ექსპოზიციის შედეგად ალერგენზე შეჩვევა; არც ისე ეფექტიანია ანტიჰისტამინები.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ "სხვების მიმართ" ალერგია მოგონილი რამ არ არის, თუმცა არსებობს და ძალიან იშვიათია. თუკი იეჭვებთ, რომ რაიმეზე ალერგია გაქვთ, ჯობია ექიმს მალევე მიმართოთ — ბევრი ასეთი პრობლემა მარტივად სამართავია.
კომენტარები