ჩვენი გალაქტიკა — ირმის ნახტომი — ღამის ცაზე ვარსკვლავთა კაშკაშა სარტყლის სახით მოჩანს. მას ხილულ სპექტრში ვხედავთ, მაგრამ იგი რადიოტალღებსაც (და არამხოლოდ) ასხივებს. მათი მეშვეობით ისეთი ნიუანსების გამოვლენაა შესაძლებელი, როგორიც დამუხტული ნაწილაკები და მაგნიტური ველებია. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უზარმაზარი სისტემა, რომელშიც მზე და ჩვენი მეზობელი პლანეტებია მოქცეული, დეტალურად შევისწავლოთ.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ირმის ნახტომის ახალი რადიორუკა, რომელიც მის გალაქტიკურ სიბრტყეს გვიჩვენებს. მის შესახებ ნაშრომი მეცნიერებმა გამოცემაში Publications of the Astronomical Society of Australia გამოაქვეყნეს.

ასტრონომებმა მარჩისონის ფართო ხედვის რადიოტელესკოპთა სისტემა (MWA) გამოიყენეს, რომელიც 4096 ანტენისგან შედგება. ისინი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული და ცის დიდ არეალზე ერთდროულად დაკვირვებას ხდის შესაძლებელს. 2013-15 წლებში მისი მეშვეობით პროექტ GLEAM-ის ფარგლებში მთლიანი სამხრეთ ნახევარსფერო რადიოტალღების ფართო სპექტრში გადაიღეს.

ფოტო: Getty

შედეგად არამხოლოდ ცის, არამედ ირმის ნახტომის პირველი რადიორუკა მიიღეს. მასში გალაქტიკური დისკოს დიფუზიური სინათლე, ათასობით შორეული გალაქტიკა და ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი მოჩანს. 2018 წელს ტელესკოპთა სისტემა გააუმჯობესეს და პროექტ GLEAM-X-ის ფარგლებში უფრო მაღალ გარჩევადობასა და მგრძნობელობას მიაღწიეს.

მთავარი პრობლემა ის იყო, რომ GLEAM ფართო სურათს აფიქსირებდა, მაგრამ დეტალებს ვერა, GLEAM-X კი — პირიქით. ამ დაბრკოლების გადასალახად მეცნიერებმა ახალი მეთოდი გამოიყენეს და ორივეს ათასობით კადრი უზარმაზარ მოზაიკურ გამოსახულებაში გააერთიანეს. ვინაიდან სურათები სხვადასხვა დროს იყო გადაღებული, შედეგის ხარისხზე დედამიწის ატმოსფეროს გავლენის შესამცირებლად მონაცემები ერთმანეთს ალგორითმის გამოყენებით შეუსაბამეს. ამისთვის სუპერკომპიუტერებმა 1 მილიონი საათის ეკვივალენტი სამუშაო ჩაატარა.

შედეგი გიგანტური მოზაიკაა, რომელიც სამხრეთ ცაზე დანახული ირმის ნახტომის 95%-ს ფარავს. რადიოსიხშირეები 72-231 მეგაჰერცს შორის მერყეობდა. ამის უპირატესობა ისაა, რომ სხვადასხვა წყაროს ინდივიდუალურ "რადიო ფერში" გვიჩვენებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად მდებარეობს იგი და რა წარმოქმნის — ცხელი აირი თუ მაგნიტური ველები.

ფოტო: Silvia Mantovanini (ICRAR/Curtin)/GLEAM-X Team

ფოტოზე ნარინჯისფრად გამოსახული სინათლე აფეთქებული ვარსკვლავებიდან მოდის. რაც უფრო ნაკლებია რადიოსიხშირე, მით უფრო კაშკაშაა კონკრეტული რეგიონი; ვარსკვლავების დაბადების ადგილები ლურჯადაა შეფერილი. ამგვარი სპექტრული განაწილება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ გალაქტიკის თითოეული ფიზიკური კომპონენტი ერთი შეხედვით ამოიცნონ.

დაბალ სიხშირეებში ეს ყველაზე მგრძნობიარე და ფართო არეალის რუკაა, რომელიც ირმის ნახტომის გამოსახულების მისაღებად ოდესმე შექმნილა. ის გზას უხსნის არამხოლოდ გალაქტიკების, არამედ აფეთქებული ვარსკვლავების ძველი ნარჩენების შესწავლას, ასევე ძლიერ კოსმოსურ სხივებსა და ვარსკვლავთაშორის მტვერზე დაკვირვებასაც.

რამდენიმე წელი ამაზე დეტალურ რუკას არ უნდა ველოდოთ — მას მხოლოდ SKA-Low ტელესკოპი თუ გააუმჯობესებს, რომელიც ახლა შენდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.