მაცივრის გამოღებისას ველით, რომ იქ არსებული ტემპერატურა სამზარეულოსას საგრძნობლად უნდა ჩამოუვარდებოდეს. სწორედ ამ პრინციპით ელიან ასტრონომები, რომ მილიარდობით წლის წინანდელი სამყარო ამჟამინდელზე ცხელი უნდა იყოს. იაპონიაში მდებარე კეიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ეს პროგნოზი გასაოცარი სიზუსტით დაადასტურეს, რაც კოსმოსის ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

გუნდმა კოსმოსური მიკროტალღური ფონი შეისწავლა. ესაა დიდი აფეთქების შემდგომი პირველადი რადიაციის ნარჩენი, რომელიც მთლიან კოსმოსში გავრცელდა. სპეციალისტებმა ყურადღება მის ტემპერატურაზე გაამახვილეს, თუმცა არა ამჟამინდელი სახით, არამედ ისეთით, როგორიც 7 მილიარდი წლის წინ იყო. ამან მათ საშუალება მისცა, რომ იმდროინდელი სამყაროს სითბო გაეზომათ.

კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტემპერატურული რუკა.

ფოტო: ESA and the Planck Collaboration

აღმოჩნდა, რომ მაშინ კოსმოსში ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს 5.13 გრადუსით აღემატებოდა (±0.06 კელვინი). შედარებისთვის, ამჟამინდელი მაჩვენებელი 2.7 კელვინია, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები.

ეს მხოლოდ საინტერესო ფაქტი როდია — ის დიდი აფეთქების თეორიის ფუნდამენტურ პროგნოზსაც შეესაბამება, რომ სამყარო გაფართოების პარალელურად უნდა ცივდებოდეს. ამის მიხედვით, კოსმოსი მით უფრო ცხელი უნდა იყოს, რაც უფრო ადრინდელ პერიოდს დავაკვირდებით.

უკანასკნელი გამოთვლა სიზუსტითაა გამორჩეული. ასტრონომებმა ატაკამის უდაბნოში განლაგებული რადიოტელესკოპების სისტემის ALMA დაარქივებულ მონაცემებში შორეული კვაზარის (კაშკაშა აქტიური გალაქტიკური ბირთვი) სინათლე შეისწავლეს. ეს სხივები სივრცეში გადაადგილებისას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონთან ურთიერთქმედებდა და კვალს ტოვებდა. ამან ავტორებს ტემპერატურის განსაზღვრის შესაძლებლობა მისცა.

11 მილიარდი წლის წინა კვაზარი და მის ფონზე ჩვენთან უფრო ახლოს მდებარე გალაქტიკა, რომელიც 7 მილიარდი წლის წინანდელია. ის სპეციფიკურ გამოსხივებას წარმოქმნის.

ფოტო: Keiko University

აქამდე სამყაროს ევოლუციის შუა პერიოდის ზუსტი ტემპერატურული მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. ახალი მიგნება ადასტურებს, რომ კოსმოლოგიური მოდელი, რომელიც კოსმოსის ფორმირებასა და ევოლუციას აღწერს, მართებულია — კვლევის შედეგები ამ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.