ამ დრომდე პლანეტა ვენერას გარშემო ერთადერთი აქტიური ზონდი მოძრაობდა, რომელიც იქ იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) გაუშვა. 28 ოქტომბერს მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს მისია, სახელად "აკაცუკი", დასრულებულია.

აპარატი ერთ წელზე მეტია, აღარ ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მისკენ გაგზავნილი სიგნალები უპასუხოდ რჩებოდა, ახლა კი იმედი საბოლოოდ ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ტყუპისცალად წოდებულ პლანეტას ახლოდან ვეღარ ვაკვირდებით.

"ეს იყო მისია, რომელმაც დედამიწის ზომის ამ კოსმოსურ მეზობელზე წარმოდგენა შეგვიცვალა. მან გზა გაგვიკვალა ისეთი აღმოჩენებისკენ, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ, როგორ შეიძლება იქცეს სამოთხე ჯოჯოხეთად", — აცხადებენ JAXA-ში. საქმე ისაა, რომ ვენერა ძველად დედამიწის მსგავსი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი მისი გარემო წარმოუდგენლად ცხელი და მაღალი წნევის მქონე გახდა.

ასევე, იხილეთ: როგორ იქცა ვენერა ჯოჯოხეთურ პლანეტად?

იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათი მისია წარმატებული იყო. ზონდის მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით გამოცემებში 178 ნაშრომი გამოქვეყნდა და მეცნიერები კვლევებზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისიის თავდაპირველ ხანგრძლივობად 4.5 წელი განიხილებოდა, მაგრამ მან სამჯერ დიდხანს იფუნქციონირა.

"აკაცუკის" ულტრაიისფერი კამერის მიერ გადაღებული ვენერა.

ფოტო: PLANET-C Project Team

"აკაცუკი", იგივე ვენერას კლიმატური ზონდი, 2010 წელს გაუშვეს. გზად მის მთავარ ძრავს პრობლემა შეექმნა, რის გამოც აპარატმა პლანეტის ორბიტაზე შესვლის პირველი შანსი ვერ გამოიყენა. ეს მან 2015 წელს შეძლო და მას შემდეგ ვენერას თითქმის ათწლეულის განმავლობაში აკვირდებოდა.

JAXA-მ ზონდთან კონტაქტის გაწყვეტის შესახებ პირველად 2024 წლის მაისის მიწურულს განაცხადა. იმ დროისთვის კომუნიკაციის პრობლემა დაახლოებით უკვე ერთი თვე ფიქსირდებოდა. მისიის მიზანი ვენერას კლიმატის შესწავლა იყო, მათ შორის პლანეტის სქელი ღრუბლების. იქ ქარები ისე ძლიერად ქრის, რომ პლანეტის ბრუნვას 60-ჯერ აჭარბებს, რასაც ატმოსფერული სუპერ-როტაცია ეწოდება.

ასევე, იხილეთ: რატომაა პლანეტა ვენერაზე დღე წელიწადზე გრძელი? — კვლევა

იაპონურმა მისიამ ამ ფენომენის შესახებ გამოსადეგი ინფორმაცია მოგვაწოდა. მან ვენერას ღრუბლების ათასობით სურათის მეშვეობით მათი რუკა შექმნა და გლობალურ მოძრაობაზე დაკვირვებით სიჩქარეები გამოითვალა. დადგინდა, რომ აჩქარება ადგილობრივ მზის დროზე არის დამოკიდებული, ანუ, სავარაუდოდ, ატმოსფერული სწრაფი ბრუნვა ვარსკვლავის სითბოს მეშვეობით ნარჩუნდება.

ეს მიგნება ეგზოპლანეტების კვლევაშიც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ზოგიერთ მათგანში სითბოს განაწილების იგივე მექანიზმი მუშაობდეს. თუ ასეა, ის პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზეც იმოქმედებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა ციური სხეულის ერთი ნახევარსფერო მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული.

ზონდმა სხვა საინტერესო ფენომენებიც დააფიქსირა, რომელთა უკეთ შესასწავლადაც ახალი მისიებია საჭირო. ასეთი მოვლენა იყო მშვილდის მსგავსი ატმოსფერული სტრუქტურა, რომელიც დაახლოებით 4 დედამიწური დღის განმავლობაში შენარჩუნდა. ეს მეცნიერებმა ვენერას მთების მიერ დაბლა არსებული აირების ზემოთ მიმართვასა და ერთგვარი გრავიტაციული ტალღის წარმოქმნასთან დააკავშირეს.

რაც შეეხება სამომავლო მისიებს, ასეთია NASA-ს DAVINCI და VERITAS, ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს EnVision. ამის მიუხედავად, პირველი ორი ჯერ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება დაფინანსება შეუწყვიტოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.