მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს სულ მცირე 196 სრულად იზოლირებული მკვიდრი ჯგუფი, თუმცა თითოეული მათგანი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. რესურსების მოპოვება, ხე-ტყის გაჩეხა და წიაღისეული საწვავის ძიება დიდი საფრთხეა, მაგრამ კვლევა ახალ მზარდ საფრთხის შესახებ გვამცნობს: პოპულარობის მაძიებელი "კონტენტ კრეატორები" და სხვა გარეშე პირები, რომლებიც ტომებთან არასასურველ კონტაქტზე გასვლას ცდილობენ.

ორგანიზაცია Survival International-მა ახლახან გამოაქვეყნა 300-გვერდიანი ანგარიში სახელწოდებით "უკონტაქტო მკვიდრი მოსახლეობა: დაღუპვის ზღვარზე". ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს უკონტაქტო მკვიდრი ჯგუფები "მდუმარე გენოციდს" განიცდიან.

მათ დაადასტურეს, რომ მსოფლიოში სულ მცირე 196 უკონტაქტო და სრულად იზოლირებული ადგილობრივი ჯგუფი არსებობს. მათი დაახლოებით 95% ამაზონის ტყეებში, ძირითადად ბრაზილიაში, ცხოვრობს. ასევე არსებობს რამდენიმე თემი, რომლებიც აზიასა და წყნარ ოკეანეში მკვიდრობს.

"ისინი ვითარდებიან დამოუკიდებლად და უკონტაქტოდ — გარემოებებში, რომლებიც უმეტესობისთვის უკიდურესად რთული იქნებოდა. მათი ნაწილი მიგრანტულია — გადაადგილდებიან თავიანთ ტერიტორიებზე საჭიროებისამებრ. ისინი ნადირობენ, აგროვებენ, თევზაობენ და ზოგჯერ მცენარეებსაც რგავენ; აშენებენ თავშესაფრებსა და საცხოვრებლებს, იზიარებენ საკვებს და იყენებენ მცენარეების შესახებ თავის მდიდარ ცოდნას, რათა აწარმოონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ — კალათებიდან სახლებამდე, ფისიდან წამლებამდე", — აღნიშნულია ანგარიშში.

Survival International-ის ახალი ანგარიში 27 ოქტომბერს ლონდონში პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდა. პრესკონფერენციაში ადგილობრივ აქტივისტები და მსახიობი რიჩარდ გირი მონაწილეობდნენ.

ფოტო: Jamie Stoker

ანგარიშის მიხედვით, ამ ჯგუფებზე ახლა მრავალმხრივი შეტევა მიმდინარეობს. დადგინდა, რომ მათი 96% რესურსების მოპოვების გამო საფრთხის წინაშეა. დაახლოებით 65%-ს ტყის გაჩეხა უქმნის საფრთხეს. სამთო-მოპოვებითი საქმიანობა 40%-ზე მეტს უქმნის საფრთხეს, ხოლო თითქმის მესამედი კრიმინალური ბანდების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლია.

სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი ასევე ანადგურებს მათ ტერიტორიებს — პირუტყვის ფერმები ამაზონის ტყეების გაჩეხას იწვევს და ტომებს გადაშენების ზღვარზე აყენებს. მთავრობების მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურული პროექტები — გზები, რკინიგზები და პორტები — პირდაპირ ზემოქმედებს 38 უკონტაქტო ტომზე, რომლებიც გადაშენების პირასაა.

"კოლონიზაციის დროს მათ ჩვენ ყველა ვერ გაგვანადგურეს. მაგრამ ახლა ჩვენ კანონით გამყარებული მდუმარე გენოციდის მომსწრე ვართ. ისინი გვხოცავენ კალმითა და ქაღალდით. ჩვენ შეიძლება ფიზიკურად არ გვხოცავენ, მაგრამ ვნადგურდებით, როდესაც მიწას გვართმევენ", — განაცხადა სელია შაკრიაბამ, ბრაზილიის შაკრიაბას ტომის აბორიგენმა აქტივისტმა.

ამ მხრივ საფრთხეები სულ უფრო იზრდება. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს რამდენიმე "მზარდ საფრთხეს", მათ შორის სოციალური მედიის "გავლენიან პირებს", რომლებიც ცდილობენ დაუკავშირდნენ იზოლირებულ ტომებს და ეს ყველაფერი მათი მონეტიზებული მასალის გამო. ასევე ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ევანგელისტური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მისიონერები, რომლებიც ამ იზოლირებული თემების ქრისტიანობაზე მოქცევას ცდილობენ.

ბოლო რამდენიმე შემთხვევა აჩვენებს, როგორ მატულობს საფრთხე სენტინელების, ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და უკონტაქტო ტომის მიმართ მსოფლიოში. წლის დასაწყისში ამერიკელი YouTube-ერი დააპატიმრეს. მან სენტინელის კუნძულზე სრულიად იზოლირებული ტომების ვიდეო გადაიღო, რითაც საფრთხე შეუქმნა როგორც თავის თავს, ისე ადგილობრივებს. მეტიც, 2018 წელს ამერიკელი ქრისტიანი მისიონერი უკანონოდ შეიჭრა სენტინელების კუნძულზე, რა დროს ის ადგილობრივებმა მოკლეს.

რა უნდა გაკეთდეს იზოლირებული ტომების დასაცავად? Survival International აცხადებს, რომ უკონტაქტო აბორიგენთა ტომების მომავლის დასაცავად აუცილებელია მათი მიწის შემოსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი აღიარებს ყველა აბორიგენული ხალხის უფლებებს, ეროვნულ კანონმდებლობაში ამ უფლებების აღსრულების ეფექტიანობა ძალიან განსხვავებულია. სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით ბრაზილიაში, ამას შედარებით დიდი ყურადღება ექცევა, მაშინ როცა აზიისა და წყნარი ოკეანის მრავალ ქვეყანაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი დეფიციტია.

მეორე მხრივ, აღსრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმ ადგილებშიც კი, სადაც მკაცრი კანონებია, ისინი ხშირად არ სრულდება ან იგნორირებულია, რაც კორპორაციებსა და მთავრობებს საშუალებას აძლევს, დაუსჯელად იმოქმედონ.

"იზოლირებული ხალხების არსებობის არაღიარება მათი უფლებების დარღვევაა. მათი დაცვის ინსტრუმენტები არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალობაშიც უნდა არსებობდეს", — განაცხადა ბრაზილიის პუპიკარის (აპურინა) ხალხის წევრმა, მაიპაჩი აპურინამ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.